გასპერინიმ მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის წინ საკუთარი გუნდი გააფრთხილა
ჯან პიერო გასპერინიმ მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი მოწინააღმდეგეთა ბანაკში არსებულმა კრიზისმა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. იტალიელი სპეციალისტის თქმით, მიუხედავად გუნდის ცუდი სერიისა, "წითელი ეშმაკები" კვლავ სახიფათო მეტოქედ რჩებიან.
რომა, მანჩესტერელებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს. ჯან პიერო გასპერინის გუნდი, ამ შეხვედრას შესანიშნავ ფორმაში ხვდება. სერია A-ს ბოლო ორ შეხვედრაში, რომამ ჯერ კალიარის (4:2), შემდეგ კი უდინეზეს (5:2) მოუგო.
ამის საპირისპიროდ, "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგაზე, ინტერთან ერთად, მე-20 ადგილს იყოფენ. პრემიერ ლიგაში კი მე-17 პოზიციაზე არიან. მანჩესტერის რთული მდგომარეობის მიუხედავად, რომას თავკაცი "ოლდ ტრაფორდზე" რთული და ინტენსიური დაპირისპირების მოლოდინშია. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს მოუწოდა, მოწინააღმდეგე სათანადოდ შეაფასონ.
ამჟამად, მანჩესტერ იუნაიტედი კარგ ფორმაში არ იმყოფება, მაგრამ ამან ყურადღება არ უნდა გაგვიფანტოს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელსაც მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავს. გარდა ამისა, ისეთ სტადიონზე გვიწევს თამაში, სადაც განსაკუთრებული ატმოსფეროა. შეხვედრისთვის ისე ვემზადებით, თითქოს იუნაიტედის საუკეთესო ვერსიას ვუპირისპირდებით. - ჯან პიერო გასპერინი