Belive

გაბრიელ ჟესუსი ბრაზილიის ნაკრების განაცხადში ვერმოხვედრას გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,არსენალის'' თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟესუსმა, ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ტიტეს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელმაც ჟესუსი ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა:

,,მწვრთნელის გადაწყვეტილებას ძალიან დიდ პატივს ვცემ. პატივს ვცემ ტიტეს, მთელ პერსონალს და სამწვრთნელო შტაბს. როგორც უკვე ვთქვი, ბრაზილიელი ვარ და ჩემს ეროვნულ ნაკრებს ყოველთვის ვუქომაგებ.

ასევე, პატივს ვცემ სხვა ფეხბურთელებსაც, რომლებსაც ბევრი კარგი თვისება აქვთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბრაზილიის ნაკრებში კვლავ გამომიძახონ,'' - განაცხადა ჟესუსმა.

ტიტემ განაცხადს მიღმა ,,არსენალის'' მეორე შემტევი - გაბრიელ მარტინელიც დატოვა. ,,სელესაო'' სექტემბერში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები 23-ში განას შეხვდებიან, 27-ში კი - ტუნისს.

მიმდინარე სეზონში ჟესუსის ანგარიშზე ,,არსენალის'' მაისურით ჩატარებულ 8 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე პასია. 25 წლის თავდამსხმელის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2016 წელს შედგა.

სხვა სტატიები