ფლორენტინო პერესი Vs. ენრიკე რიკელმე | ვინ რას ჰპირდება გულშემატკივარს?!
'სამეფო კლუბის' საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 დღეა დარჩენილი და მთელი მადრიდი, დიდი მონდომებითა და ყურადღებით ელოდება საპრეზიდენტო არჩევნებს.
პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის - ფლორენტინო პერესი (მოქმედი პრეზიდენტი) და ენრიკე რიკელმე, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა.
მადრიდში წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობს. ფლორენტინო პერესი არასოდეს ყოფილა ასეთი ფრთხილი და თან ასეთი მოზომილი, როგორც ჩანს იგი დარწმუნებული არ არის, რომ არჩევნებში გამარჯვებას ისე მარტივად მიაღწევს, როგორც ამის გაკეთებას აქამდე ახერხებდა.
ფლორენტინო პერესის დაპირებები
ფლორენტინო პერესმა, რომელიც მადრიდის რეალის პრეზიდენტი უკვე 26-ე წელია, განაცხადა, რომ მან უკვე გააკეთა პირველი საზაფხულო ტრანსფერი და ლივერპულიდან უფასოდ ფრანგი მცველი - იბუ კონატი დაიმატა.
ასევე მან უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამარჯვების შემთხვევაში კლუბს მოურინიო ჩაუდგება სათავეში - ყველაფერი მოგვარებულია, დარჩენილია მხოლოდ ფორმალური ხელის მოწერა, რაც მას შემდეგ მოხდება, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება.
პერესმა ასევე განაცხადა რომ გუნდი აუცილებლად იყიდის კიდევ ერთ მცველს. გუნდში რჩება რუდიგერიც, რომლისთვისაც ახალი კონტრაქტი უკვე მზად არის.
79 წლის ესპანელმა ასევე განაცხადა, რომ სებალიოსი მადრიდს ზაფხულში აუცილებლად დატოვებს, არჩევნების შემდეგ გაირკვევა ნიკო პასის საკითხიც. ასევე, იუვენტუსის ინტერესის მიუხედავად ბრაჰიმ დიასის სურვილი რეალში დარჩენაა და პერესი ამ საკითხისთვის იბრძოლებს.
ენრიკე რიკელმეს დაპირებები
ენრიკე რიკელმე ესპანელი ბიზნესმენია. ის განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე კომპანიის, COX Energy-ის დამფუძნებელია. 2026 წელს მან მოქმედი პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ რეალ მადრიდის პრეზიდენტობის კანდიდატურა წარადგინა და მას დიდი მიზნები აქვს.
ესპანელი ბიზნესმენის განცხადებით, იგი გადაწყვეტილად ჰპირდება 'სამეფო კლუბის' გულშემატკივრებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში გუნდში როდრის და ერლინგ ჰოლანდს მოიყვანს. გუნდის სპორტული დირექტორის პოზიციას კი ამავე კლუბის ლეგენდა რაული დაიკავებს.
ყველაზე საინტერესო კი შემდეგი ფაქტებია - როდრიმ მადრიდის რეალის შესახებ კომენტარის გაკეთებისას ფრთხილი იყო, მან არც უარყო და არც დაადასტურა 'სამეფო კლუბში' შესაძლო ტრანსფერი. ასევე, განცხადება გაავრცელეს ერლინგ ჰოლანდის მამამ და აგენტმა. ნორვეგიელის მხარემ კატეგორიულად უარყო ყველა კავშირი ამ პროცესებთან და ენრიკე რიკელმე სიცრუეში დაადანაშაულეს.
ასევე დუმილს ინარჩუნებს რაულიც. მას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია და არც საარჩევნო პროცესებში ჩართულა.
ენრიკე რიკელმე ქომაგებს ასევე სრულიად განსხვავებულ სუპერმწვრთნელს ჰპირდება, თუმცა ჯერჯერობით კანდიდატურას არ ასახელებს.
არჩევნები
რეალ მადრიდის საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისს გაიმართება, სადაც კლუბის მომავალი პრეზიდენტი 2030 წლამდე იქნება არჩეული.
2026 წლის 12 მაისს, კლუბისთვის უტიტულო სეზონის შემდეგ, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა - ფლორენტინო პერესმა ახალი დირექტორთა საბჭოს არჩევნები გამოაცხადა. ეს, სავარაუდოდ, 2006 წლის შემდეგ პირველი სადავო არჩევნები იქნება და XXI საუკუნეში მესამე.
2026 წლის 21 მაისს ბიზნესმენმა ენრიკე რიკელმემ თავისი კანდიდატურა წამოაყენა. პერესმა კი ხელახალი არჩევნების კამპანია ოფიციალურად 27 მაისს დაიწყო.
საარჩევნო კამპანიის გამოცხადებისას პერესმა განაცხადა, რომ ოპოზიციურ კამპანიას ყოფილი პრეზიდენტის, რამონ კალდერონის (2006–2009) ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ და ამ ეპოქას კლუბის „ყველაზე ბნელ პერიოდს“ უწოდებდა.
შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესი 'სამეფო კლუბის' პრეზიდენტი პირველი ვადით 2000-2006 წლებში მუშაობდა, მეორე ვადით კი 2009 წელს დაბრუნდა და იგი მადრიდის რეალის პრეზიდენტის პოსტზე დღემდე ინიშნება. ის კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე 'დიდხნიანი პრეზიდენტია' სანტიაგო ბერნაბეუს შემდეგ.