ფილიპ ლამი: "კვარაცხელია რიბერის მახსენებს"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა გერმანელმა მცველმა, ფილიპ ლამმა, The Athletic-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. საუბრის მთავარი თემა თანამედროვე ვინგერების დახასიათება იყო და ის, თუ როგორ ითამაშებდა ლამი დღეს მათ წინააღმდეგ. მსოფლიო ჩემპიონის, ჩემპიონთა ლიგის მფლობელისა და უამრავი ტიტულის მქონე უდიდესი კაპიტნის ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ (იმ ნაწილს, სადაც ის ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს).
როგორც ყოფილი მცველი, ყოველთვის ვაკვირდები იმ მოთამაშეებს, რომელთა წინააღმდეგაც პირდაპირ მომიწევდა თამაში, რათა გამეგო, როგორ გამენეიტრალებინა ისინი - წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა სავსე იყო საინტერესო გამოწვევებით.
მაიკლ ოლისე, ვინისიუს ჟუნიორი, ბუკაიო საკა, ლამინე იამალი, ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე - ყველანი ბრწყინავდნენ. მათ ყველას შეუძლიათ გოლის გატანა და თანაც სხვადასხვა გზით, ხოლო მცველებისთვის მათ მიერ შექმნილი სირთულეები ხშირად გადაუჭრელია.
ამ ტიპის თავდამსხმელების ფესვები, ალბათ, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან იღებს სათავეს. პირველი მოთამაშე, რომელიც მახსენდება, არის მარკ ოვერმარსი "აიაქსიდან", რომელიც კლასიკურ ფლანგურ თამაშს სწრაფ, ზუსტ დრიბლინგთან აერთიანებდა. მოგვიანებით, ჩემმა თანაგუნდელებმა „ბაიერნ მიუნხენში“, ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა ამ ტიპის ვინგერი კიდევ უფრო განავითარეს. ისინი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდნენ მიმართულების სწრაფი ცვლილებით და შესრულების უნარით.
სივრცის ისეთი პატარა ნაწილი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას ბურთის გაკონტროლება შეუძლია, საოცარია - მით უმეტეს, ის ძალიან საშიშია მაშინაც, როცა სისწრაფეს კრეფს. ის ყველა გუნდს აძლევს რაღაცას. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავია, მაგრამ ის ისეთივე გააფთრებით მუშაობს და იცავს თავს, როგორც ნებისმიერი სხვა ამ გუნდში. ის მებრძოლია, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, ეს მის ბუნებაშია.
ეს შრომისმოყვარეობა რიბერის მახსენებს. წარმომიდგენია, რომ კვარაცხელიას თანაგუნდელები მადლიერნი არიან მასთან თამაშის გამო და რომ ისინი ყოველთვის გრძნობენ, რომ ის მათი გუნდის ნაწილია, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება თამაშის ნებისმიერ მომენტში.
ბურთთან ერთად მისი ძალისმიერი გადაადგილება, შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს "არსენალთან" შეხვედრაში, როგორ დაიცვას თავი არსენალმა? ჩემი გამოცდილებიდან რაღაცას მოვყვები:
მახსოვს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი არგენტინის წინააღმდეგ, როდესაც კოლექტიური დაცვით და სივრცის ძალიან ზუსტი ათვისებებით შევძელით ლიონელ მესის შეჩერება. მესის შემთხვევაში, ჩვენ, მცველებმა ვიცოდით, რომ თუ ძალიან შორს დავდგებოდით ერთმანეთისგან, ის კეგლებივით აგვივლდა გვერდს, მაგრამ თუ ძალიან ახლოს დავდგებოდით, დავიბნეოდით, რადგან ვერ მოვასწრებდით იმის გაანალიზებას, ვისი პასუხისმგებლობა იქნებოდა მისი შეჩერება. ეს მართლაც შესანიშნავი ბალანსი იყო და ძალიან ბევრი ვარჯიში და ორგანიზება დაგვჭირდა.
კრიშტიანუ რონალდუსთვის მომზადებაც ასეთივე შრომატევადი იყო, მაგრამ სხვანაირად. რონალდუ დრიბლიორი არ არის. მისი გამორჩეულად ძლიერი მხარეები სისწრაფე და დარტყმების შესრულება იყო. მისთვის მთავარი იყო იმ სივრცის დაკავება, რომელშიც მას ბოლო პასის მიღება სურდა, ის ამ სივრცეს ყოველ წამს ეძებდა.
- ამბობს ფილიპ ლამი
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, კვარაცხელია დღეს სწორედ "არსენალის" წინააღმდეგ, ლონდონში ითამაშებს.
სტატია მომზადებულია The Athletic-ის მიხედვით.