ფერან ტორესი: "გუნდელების გაცნობას ახლა ვიწყებ, ლუის ენრიკე კი მამასავითაა"
პარი სენ-ჟერმენის ახალმა თავდამსხმელმა, ფერან ტორესმა, სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, პარიზული კლუბის მიერ ორგანიზებულ მედიადღეზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ესპანელმა შემტევმა, რომელსაც საკმაოდ დაძაბული ზაფხული ჰქონდა - ჯერ მსოფლიო ჩემპიონატის, შემდეგ კი ბარსელონადან წასვლის გამო, აღნიშნა, რომ ლუის ენრიკე „მისთვის მამასავითაა“ და გაამხილა, რომ მთავარმა მწვრთნელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგებაში.
- როგორია პარიზში გატარებული პირველი კვირები და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ლუის ენრიკეს ფაქტორი პსჟ-ში თქვენს ტრანსფერში?
- გულწრფელად რომ ვთქვა, ყველაფერი შესანიშნავად მიდის. ჯერ კიდევ თანაგუნდელების გაცნობის პროცესში ვარ, თუმცა სიმართლე ისაა, რომ როგორც ლუის ენრიკემ, ისე ლუის კამპოსმა უდიდესი როლი ითამაშეს ჩემს აქ გადმოსვლაში. მათი გამოცხადებული ნდობისთვის ძალიან მადლიერი ვარ.
- შეგიძლიათ, უფრო ვრცლად გვესაუბროთ ლუის ენრიკესთან თქვენს ურთიერთობაზე?
- დიახ, ყოველთვის ვამბობდი, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოძახების დღიდან, ლუის ენრიკე ჩემთვის მამასავით იყო. მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი და ეს რწმენა პსჟ-ში ტრანსფერის დროსაც დამანახა. იგი ყოველთვის დიდ თავდაჯერებულობას მანიჭებდა და იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონში ამ ნდობას სრულად გავამართლებ.
- მოითხოვა თუ არა ლუის ენრიკემ თქვენგან რამე ახალი, წარსულთან შედარებით?
- არა, ვფიქრობ, იგი ჩემგან ყოველთვის ერთსა და იმავეს ითხოვს. მან საშუალება მომცა, შეტევის სამივე პოზიციაზე მეთამაშა, უნივერსალურობა კი როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის ძალიან მომგებიანია. ერთადერთი, რაც მან გააკეთა, კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემძინა.
- რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
- თავს ყველაზე კარგად ცენტრფორვარდის (ცხრიანის) პოზიციაზე ვგრძნობ, სადაც ბოლო ორი წელი ვთამაშობდი. პსჟ-ს მაისურით სადებიუტო მატჩში, ლუის ენრიკემ მარცხენა ფლანგზე დამაყენა და დუბლი შევასრულე. ასე რომ, ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის.
- როდის დაიწყო პირველი კონტაქტები პარიზულ კლუბთან?
- პირველი კომუნიკაცია მსოფლიო ჩემპიონატამდეც კი შედგა. დაგვიკავშირდნენ და მოლაპარაკებებიც დავიწყეთ. როდესაც პირველად ვისაუბრეთ, გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, რადგან პსჟ-ს დონის კლუბში თამაში ჩემი დიდი სურვილი იყო. - განუცხადა ჟურნალისტებს ფერან ტორესმა
🎙️ Ferran Torres habla de cómo está siendo su adaptación en el PSG de Luis Enrique@AndiOnrubia pic.twitter.com/Pub0BztNJc
— Diario AS (@diarioas) September 3, 2026
შეგახსნებეთ, რომ ბარსელონაში გატარებული ოთხნახევარი სეზონის შემდეგ, ფერან ტორესი პსჟ-მ ამ ზაფხულს შეიძინა. ლუის ენრიკესა და მისი პირველი გადაკვეთა ესპანეთის ნაკრებში მოხდა, როცა ენრიკე ეროვნული ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა და ფერნას ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებდა.