Belive

"ეს მუნდიალი ჩემთვის ბოლო იქნება" | რონალდუს მადლობა კრიტიკოსებს

1 დღის წინ ფეხბურთი
4 წთ

პორტუგალიის ნაკრების ესპანეთთან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, 41 წლის თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კრიტიკოსების დადუმებას აპირებს. დალასში გამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა ასევე დაადასტურა, რომ ეს მუნდიალი მისთვის ბოლო იქნება.

რონალდუს ისევ იმავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა, რაც მას ამ მუნდიალის მანძილზე სულ ესმის: მოსაზრება კრიტიკოსების შესახებ და შეკითხვა, იქნება თუ არა ეს მისთვის უკანასკნელი ტურნირი.

"23 წელია, თქვენ (კრიტიკოსები) ჩემს "მოკვლას“ ცდილობდით, მაგრამ ალბათ უკვე მიხვდით, რომ ამას აზრი არ აქვს“, - უპასუხა მან ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, როგორ უმკლავდება პორტუგალიის ნაკრებში მისი სასტარტო შემადგენლობის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

შეგახსენებთ, რომ Fox Sports-ის კომენტატორმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა, ტიერი ანრიმ, კონგოსთან ნათამაშები ფრის შემდეგ რონალდუ მწვავედ გააკრიტიკა: "გოლის გატანა გუნდს სჭირდება და შენ“, - თქვა ლეგენდარულმა ფრანგმა. რონალდუმ კი განაცხადა, რომ თანაგუნდელები ყოველთვის მის გვერდში არიან, „სხვა ყველაფერი კი ნაგავია და უმნიშვნელოა“.

პორტუგალიამ პლეი-ოფში ხორვატია 2:1 დაამარცხა, სადაც რონალდუმ ერთი გოლი 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა - ეს მისი პირველი გოლია მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში. ხორვატიის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გონსალო რამოშმა შეადგო. ახლა პორტუგალიას უფრო დიდი გამოწვევა ელოდება: ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ესპანეთის ნაკრები.

რონალდუ მეექვსე და ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს. ის პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელსაც მეტოქის კარში ბურთი 6 მუნდიალზე აქვს გატანილი. ესპანეთთან მატჩი კი მისთვის იმ ტიტულისკენ მიმავალი გზაა, რომელსაც მის კოლექციაში ჯერ კიდევ არ დაუდია ბინა.

კითხვაზე, როგორ უმკლავდება კრიტიკას, ასე უპასუხა: "პასუხი მარტივია: მაქსიმალურად უნდა დატკბე, ეს ბოლო მუნდიალია. დიახ, ეს ჩემთვის ნამდვილად ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია. უნდა დავტკბე ყოველი დღით“.

რონალდუს წნეხი არ ეტყობოდა. იყო მშვიდი, ხშირად იღიმოდა და ჟურნალისტებთანაც ხუმრობდა. 41 წლის ასაკში თამაშის ყველაზე რთულ ნაწილზე საუბრისას კი რონალდუმ სერიოზული სახით განაცხადა: "ყველაზე რთული თქვენთან, ჟურნალისტებთან საუბარია, განსაკუთრებით მათთან, ვისაც არ მოვწონვარ“.

პორტუგალიელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი მუნდიალს ვერ მოიგებს, მისი აღქმა საკუთარ თავთან დაკავშირებით უცვლელი იქნება: "მოგების ან წაგების შემთხვევაში, უფრო დიდი ან უფრო ნაკლები კრიშტიანუ არ ვიქნები“, - განაცხადა მან და დაამატა: "გასული 40 წლის განმავლობაში ვისწავლე, რომ ყველაზე მეტად კრიტიკა გვზრდის. და დიდი მადლობა ჩემს კრიტიკოსებს ამისთვის".

მეტოქეზე საუბრისას რონალდუ უფრო დიპლომატიური იყო. მან ესპანეთი დაახასიათა, როგორც "ნიჭიერი ფეხბურთელებით სავსე გუნდი" და შეაქო მათი 18 წლის ვარსკვლავი ლამინ იამალი. "მას დიდი მომავალი აქვს“, - თქვა მან და ურჩია ახალგაზრდა ფეხბურთელს, რაც შეიძლება მალე შეეგუოს კრიტიკოსებს.

პრესკონფერენციაზე რონალდუმ პატივი მიაგო დიოგუ ჟოტას ხსოვნას, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა და აღნიშნა, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი მასზე დიდ ემოციურ გავლენას ახდენს.

"ღმერთმა ქნას, რომ ხვალინდელი მატჩი ჩემი უკანასკნელი არ იყოს. ღმერთმა ქნას“, - თქვა მან. "ამგვარად, თქვენ კიდევ შეძლებთ ჩემს "მოკვლას“!“ შემდეგ შეისვენა, მხრები აიჩეჩა და გაიღიმა: "სცადეთ, მომკალით“.

სხვა სტატიები