,,ეს გარიგება ახლა საშინლად არაგონივრულად გამოიყურება'' - Goal.com მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლაზე
Goal.com ლივერპულის სავარაუდო ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდონი ირაოლას შესახებ აქვეყნებს საინტერესო სტატიას (ანდონი ირაოლას პირველი საქმეები ლივერპულში: აათამაშეთ ალექსანდერ ისაკი, დაარწმუნეთ ალისონი დარჩენაში და მოიფიქრეთ, რა მოუხერხოთ ფლორიან ვირცს), სადაც საუბარი ესპანელი სპეციალისტის მთავარ ამოცანებზეა:
ირაოლასთვის ეს იოლი არ იქნება. როდესაც ესპანელი თავის ახალ სამუშაო მაგიდას მიუჯდება, მას უამრავი პრობლემის მოგვარება მოუწევს მანამ, სანამ აგვისტოში ახალი სეზონი დაიწყება.
Goal დიდ ყურადღებას უთმობს მეკარის პოზიციას. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი წარუმატებელი იყო და ირაოლამ ალისონის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს:
,,ლივერპულში იცოდნენ, რომ ტრავმებისკენ სულ უფრო მეტად მიდრეკილი ალისონ ბეკერი ენფილდზე თავისი კარიერის დასასრულს უახლოვდებოდა, ამიტომ 2024 წლის ზაფხულში მათ შემცვლელის გეგმა მოამზადეს: ვალენსიასთან შეათანხმეს გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი, რომლის მიხედვითაც ქართველი ლივერპულში ერთი წლის შემდეგ გადავიდოდა. ამის შედეგად, წითლებმა გადაწყვიტეს, თავიანთ სრულიად სამართლიანად გაღიზიანებული მეორე ნომრისთვის, კაომინ კელეჰერისთვის, ბრენტფორდში გადასვლის უფლება მიეცათ.
ლივერპულის საუბედუროდ, რომელიც წინასწარ ცდილობდა ყველაფრის გათვლას, ორივე ეს გარიგება ახლა საშინლად არაგონივრულად გამოიყურება. მაშინ როცა კელეჰერმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ბრენტფორდმა გასულ სეზონში პრემიერლიგაში მოულოდნელად მე-9 ადგილი დაიკავა, მამარდაშვილი პირველი 20 მატჩის უმეტესობაში თავდაჯერებულად ნამდვილად არ გამოიყურებოდა.
რა თქმა უნდა, 25 წლის მეკარეს საქმეს საერთოდ არ უმარტივებდა მის წინ მდგარი დაცვის სავალალო ხაზი, თუმცა მის თამაშში ნერვიულობა მუდმივად იგრძნობოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბურთი ფეხთან ჰქონდა.
აქედან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპული აღარ აპირებს ალისონს იუვენტუსში გადასვლის უფლება მისცეს. ამბობენ, რომ ბრაზილიელი კვლავინდებურად ტურინში გადაბარგებაზეა ორიენტირებული, თუმცა ირაოლამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ალისონი ენფილდზე კიდევ ერთი წლით დარჩენაში დაარწმუნოს. მას შეიძლება აღარ შესწევდეს ძალა, სეზონში 50 მატჩი ითამაშოს, მაგრამ, აშკარაა, რომ ლივერპულს მამარდაშვილზე უფრო შესაფერისი მემკვიდრის მოსაძებნად მეტი დრო სჭირდება. - წერს Gaol
გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში გატარებულ სადებიუტო სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა, 34 გოლი გაუშვა, 3 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა.