ერთი გუნდის 1146 მაისური - მონაკომ რეკორდსმენი გულშემატკივრის კოლექცია გამოფინა
ცოტა ხნის წინ, მონაკოს გულშემატკივარმა და ამ გუნდში ცნობილმა ფიგურამ, ჟულიენ ბურონმა, კლუბის საწრთვნელ ბაზაზე თავისი განსაკუთრებული კოლექცია წარმოადგინა. მან მონაკოს 1146 ცალი მაისური გამოფინა, რაც რეკორდია - მსოფლიოში არავის აქვს ერთი გუნდის ამდენი მაისური.
კოლექცია მოიცავს ყველაფერს: კილიან მბაპედან ტიერი ანრიმდე... ჟან პეტი, მანუელ ამოროსი, რადამელ ფალკაო, ჟან-ლუკ ეტორი, დავიდ ტრეზეგე... ლიგა 1-დან ჩემპიონთა ლიგის საღამოებამდე, საფრანგეთის თასიდან ლიგის თასამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ კლუბის ისტორიისთვის ძვირფას 'გამბარდელას' თასზე. მაისურების ნაწილი პირადად ფეხბურთელების საჩუქარია.
პირველად სტადიონზე წავედი, რათა ოსერი-მონაკოს თამაში მენახა. იმ წელს მონაკომ მეშვიდედ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და ეს კლუბი შემიყვარდა. მას შემდეგ, კლუბის გულშემატკივრობა არასდროს შემიწყვეტია.
ყველაფერი ლუკას ბერნარდის მიერ 2006-2007 წლების სეზონში რეიმსში, ლიგის თასზე ნახმარი მაისურით დაიწყო. იქიდან დავინტერესდი ფეხბურთელების მიერ ნახმარი მაისურებით. დღეს ეს ძალიან შრომატევადი საქმიანობაა. მე ყოველთვის ვეძებ იშვიათ ძვირფასეულობებს, მაგრამ უკვე ძალიან ვამაყობ, რომ ეს ყველაფერი მაქვს. - განაცხადა კოლექციონერმა, ჟულიენ ბურონმა
კოლექციაშია მაისურები, რომლებმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა: დავიდ ტრეზეგეს ყვითელი და ლურჯი მაისური მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ (1998), კაპიტან ლუდოვიკო ჟულის წითელ-თეთრი საშინაო მაისური, რომელიც 2004 წლის სეზონში ეცვა, კილიან მბაპეს მაისური გამბარდელას თასის ფინალიდან (2016),
ასევე არის რამდენიმე უჩვეულო ზედა, მაგალითად: მაისური დიაგონალური ზოლით (მწარმოებლებმა შეცდომა დაუშვეს და ეს ზოლი შებრუნებულია) - ამ ფორმით მონაკომ საფრანგეთის თასის მატჩი (1985-86) ჩაატარა.