Belive

ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტური საკმაოდ უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა, რაც საწყისი შეხვედრიდანვე გამოჩნდა, რომელშიც "თელავმა" და "ლოკომოტივმა" კახეთის ცენტრში ფრე - 2:2 ითამაშეს. მეთერთმეტე სათამაშო კვირაში გუნდები კიდევ ერთ შემთხვევაში დაზავდნენ, როცა გორში, "დილამ" და "სამტრედიამ" შეხვედრა - 1:1 დაასრულეს. ზედიზედ მეორე მატჩში გამარჯვება მოახერხა "საბურთალომ", რომელმაც საკუთარ კედლებში წყალტუბოს "სამგურალს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ თბილისური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხვიჩა შუბითიძემ საწყისი ორი ტურიდან ორივე მოიგო, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია. გამარჯვება შეძლო კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა - "დინამომ" საშინაო არენაზე ქართული დერბი მინიმალური სხვაობით - 1:0 მოიგო. მოქმედმა ჩემპიონმა წყალტუბოს "სამგურალთან" მარცხის შემდეგ და მთავარ კონკურენტ "დინამო ბათუმთან" მატჩის წინ, ხასიათი გამოისწორა. ტურის და სეზონის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ზესტაფონში გაიმართა, სადაც აჭარული დერბი შედგა და რომელშიც ქობულეთის "შუქურა" დაწინაურდა, თუმცა შემდეგ, მეზობელი ბათუმელებისგან არც მეტი არც ნაკლები - 8 უპასუხო გოლი გაუშვა.

მეთერთმეტე ტურის შედეგები

"თელავი" - "ლოკომოტივი" 2:2 "დილა" - "სამტრედია" 1:1 "საბურთალო" - "სამგურალი" 2:0 "შუქურა" - "დინამო ბათუმი" 1:8 "დინამო თბილისი" - "ტორპედო" 1:0

სატურნირო მდგომარეობა მეთერთმეტე ტურის შემდეგ

11 სათამაშო კვირის შემდეგ, ცხრილში კვლავინდებურად "დინამო თბილისი" ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევარ, მოსახელე ბათუმურ კლუბს სამი ქულით უსწრებს. სამეულში გორის "დილა" "საბურთალომ" ჩაანაცვლა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა და შიდაქართლურ მეტოქეს მინიმალური უპირატესობით გადაასწრო. რაც შეეხება ქვედა ნაწილს, აქ "სამტრედიამ" მცირე პროგრესი განიცადა და ბოლო ადგილიდან მერვე პოზიციაზე აიწია. ეს მაშინ, როცა "თელავი" მეცხრე საფეხურზე, ხოლო "ტორპედო" ცხრილის ფსკერზე დაქვეითდა.

სტატისტიკა

მეთერთმეტე ტურის შემდეგ, გათამაშებას საკმაოდ უცნაური ბომბარდირი მოევლინა. იური ტაბატაძემ, რომელიც წინა სეზონებში "საბურთალოში" ნახევარმცველის უშუალო მოვალეობებს უფრო ასრულებდა, მიმდინარე სეზონში შეტევითი არსენალიც ფართოდ გამოავლინა და 6 შეგდებული ბურთით საუკეთესო მეგოლეთა ნუსხას თაოსნობს. საუკეთესო ასისტენტთა შორის ერთპიროვნულად გამოიკვეთა ჯამბულ ჯიღაური, რომელმაც 4 საგოლე გადაცემა დააგროვა, ხოლო ყველაზე მეტი მშრალად შენახული კარის ავტორად "საბურთალოს" მეკარე, ოთო გოშაძე მოგვევლინა.

მეთერთმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: ბექა ქურდაძე (“სამტრედია”). მცველები: ვიქტორ მონხილი (“დინამო თბილისი), ზურაბ ერაძე (“სამტრედია”), გიორგი ლაცაბიძე (“საბურთალო“). ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე ("დილა"), ლუკა გაგნიძე ("დინამო თბილისი"), ჯაბა ჯიღაური, ლუკაშ გროცურეკი (ორივე “დინამო ბათუმი”), დიმიტრი მანდრიჩენკო ("საბურთალო"). თავდამსხმელები: ულად-ომარ იმრანი ("ლოკომოტივი"), გიორგი ფანცულაია ("დინამო ბათუმი"). მწვრთნელი: გია გეგუჩაძე (“დინამო ბათუმი”). განლაგება: 3-5-2.
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სხვა სტატიები