"ბავშვობის ოცნება ავიხდინე" | სევილიაში ქოჩორაშვილი წარადგინეს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი სევილიამ ოფიციალურად წარადგინა. 27 წლის ფეხბურთელი ანდალუსიურ გრანდში 8-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მიუხედავად იმისა, რომ ქოჩორაშვილი 'სან მამესზე' გამართული მატჩის განაცხადში უკვე ფიგურირებდა, მისი ოფიციალური დებიუტი შაბათს, „რამონ სანჩეს პისხუანზე“, მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ იგეგმება.
პრესკონფერენციაზე ქოჩორაშვილმა კლუბის პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„დაძაბული დღეები იყო, თუმცა საბოლოოდ აქ ვარ - იმ კლუბში, რომელზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროა და თითოეული მოთამაშე საერთო მიზნის მისაღწევად არის მობილიზებული. საქართველოში ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს ლა ლიგას და სევილიასავით ტიტულოვან კლუბში თამაში ჩემი დიდი ნატვრა იყო.
ფეხბურთმა ყველაფერი მომცა, კლუბმა კი მაქსიმუმი გააკეთა ჩემს გადმოსაყვანად. ახლა მოთხოვნის დრო კი არა, ჩემი მხრიდან სევილიასთვის მაქსიმუმის გაღების დროა“. - გიორგი ქოჩორაშვილი
ქოჩორაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სევილიას ღირებულებებს კარგად იცნობს, რადგან წლების განმავლობაში ლევანტეში კოკესთან, ვისენტე იბორასა და ხოსე კამპანიასთან ერთად თამაშობდა, რომლებმაც მას კლუბის სული და ხასიათი ჯერ კიდევ ადრე შეაყვარეს. ქართველმა ნახევარმცველმა პროფესიონალიზმი დასვენების დღესაც გამოავლინა - ორდღიანი პაუზის შემდეგ მან კლუბს ვარჯიშის ორგანიზება სთხოვა, რაზეც სევილიამ მყისიერად იზრუნა, რაც, გიორგის თქმით, სწორედ დიდ კლუბთა დონეზე მეტყველებს.
ტაქტიკურ როლზე საუბრისას ქოჩორაშვილმა აღნიშნა, რომ თავს ყველაზე კომფორტულად ცენტრალური ნახევარმცველის (8 ნომრის) პოზიციაზე გრძნობს, სადაც შეტევის მხარდაჭერაც შეუძლია და დაცვაში დახმარებაც, თუმცა მზადაა ითამაშოს იქ, სადაც გუნდსა და მწვრთნელს დასჭირდება.
გიორგი ქოჩორაშვილმა სევილიასთან კონტრაქტი 2030-წლამდე გაახანგრძლივა - ნათლად ჩანს, რომ გიორგი ესპანეთში დაბრუნებით ძალიან ბედნიერია.