Belive

დორტმუნდი Vs. რეალი | ყველაფერი, რაც ფინალის შესახებ უნდა იცოდეთ

1 თვის წინ ფეხბურთი
6 წთ

წლის მთავარი მატჩი ახლოვდება - ჩემპიონთა ლიგის ფინალს ლეგენდარული "უემბლი" უმასპინძლებს, სადაც საუკეთესო ევროპული გუნდის წოდებისთვის "დორტმუნდი" და "რეალი" იბროლებენ. ერთი მხრივ, ფინალურ შეხვედრას გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, თუმცა ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ტრიუმფისთვის ემზადება. გუნდში კარგი განწყობაა: კარლო ანჩელოტის კლუბმა ლა ლიგა 33-ედ მოიგო და ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის მოსაგებად მეთხუთმეტედ ემზადება. უნდა ითქვას, რომ "ლოს ბლანკოსი" ფინალში დაუმარცხებლად გავიდა, რაც "რეალის" ისტორიაში არასოდეს მომხდარა. და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "რეალმა" უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგის (მაშინ ჩემპიონთა თასი ერქვა) ფინალი შორეულ 1981 წელს წააგო.

მეორე მხრივ, ჩინებულ ფორმაში იმყოფება ედინ ტერზიჩის დორტმუნდის ბორუსია და ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ მის მიმართ სიმპათია გვქონდეს. გამორჩეული საფეხბურთო კულტურის მქონე გუნდმა, რომლის ფინალში გასვლას ცოტა თუ იფიქრებდა, რთული გზა გაიარა და სენსაციურად, სეზონის მთავარ მატჩამდე მიაღწია.

მატჩის მნიშვნელობა, რიცხვები და სიმბოლოები

ჩემპიონთა ლიგა მადრიდის "რეალის" ტურნირია, რასაც ისიც მოწმობს, რომ ბოლო 10-დან 6 გათამაშება "რეალის" ტრიუმფით დასრულდა (ჯამში 14). გაცილებით მეტი აქვს დასამტკიცებელი "დორტმუნდს", რომლის ანგარიშზე მხოლოდ 1 ჩემპიონთა ლიგის თასია - შორეულ 1997 წელს, ლარს რიკენის ბრწყინვალე გოლით, "დორტმუნდმა" ევროპაში საუკეთესო გუნდის სტატუსი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელისთვის, "უემბლი" კარგ მოგონებებთან არ ასოცირდება: 2012/13 წლების სეზონის ფინალში, "დორტმუნდმა" "ბაიერნთან" ანგარიშით 2:1 წააგო - მაშინ გუნდს სათავეში იურგენ კლოპი ედგა.

ორივე გუნდში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ეს მატჩი ძალიან ბევრს ნიშნავს. მარკო როისით დავიწყოთ, რომელიც ამ მატჩის შემდეგ, "დორტმუნდს" გამოემშვიდობება. დიდი ალბათობით, 35 წლის შემტევს სათადარიგოთა სკამზე ვიხილავთ, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს - როისი, რომელზეც ყველა დიდი გუნდი ნადირობდა, "დორტმუნდის" ერთგულ მოთამაშედ და ლეგენდად იქცა და ჩემპიონთა ლიგის თასით წასვლა მას საკულტო ფიგურად აქცევს. უნდა ითქვას, რომ უიღბლოა - ტრავმების გამო, რამდენიმე სანაკრებო ტურნირი გამოტოვა და თითქოს ყველა თანხმდება, რომ ჩემპიონთა ლიგის თასით როისის ხილვა ფეხბურთის ისტორიაში მორიგ ემოციურ ფურცელს დაწერს.

როისისადმი სენტიმენტები ნაკლებად აინტერებთ მადრიდში - დანი კარვახალი, ტონი კროოსი, ნაჩო ფერნანდესი და ლუკა მოდრიჩი ჩემპიონთა ლიგის მეექვსედ მოსაგებად გავლენ მოედანზე და ამ უნიკალური მიღწევით მადრიდის "რეალის' ლეგენდას, პაკო ხენტოს გაუთანაბრდებიან. თანაც, გენიალური კროოსისთვის ეს კარიერაში უკანასკნელი მატჩი იქნება - მისი სიტყვებით, პიკში ყოფნისას წასვლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა და ამაზე დიდხანს ოცნებობდა კიდეც.

სავარაუდო შემადგენლობა

დორტმუნდი: კობელი; რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი; ჩანი, ზაბიცერი; ადეიემი, ბრანდტი, სანჩო; ფიულკრუგი (4-2-3-1).

რეალი: კურტუა; კარვახალი, ნაჩო, რუდიგერი, მენდი; ვალდერდე, კროოსი, კამავინგა; ბელინგემი; როდრიგო, ვინისიუსი (4-3-1-2).

რატომ კურტუა და არა ლუნინი

კარლო ანჩელოტის განცხადებით, ლუნინს გრიპი ჰქონდა, რის გამოც გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. თავის მხრივ, ეს ინფორმაცია ლუნინმაც დაადასტურა და Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა: "ვწუხვარ, რომ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვერ ვემზადები", - აღნიშნა მან. რაც შეეხება ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულ ტიბო კურტუას, მას მუხლის ტრავმა აღარ აწუხებს და ფინალისთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფება.

ვინ არის მსაჯი?

მატჩის მთავარი მსაჯი სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩია, რომელიც 2022 წლის ევროპა ლიგის ფინალშიც (ანტრახტი Vs. რეინჯერსი) ვიხილეთ.

განვლილი გზა

ორივე გუნდმა რთული გზა გაიარა, თუმცა "დორტმუნდისთვის" ფინალისკენ სვლა "სიკვდილის ჯგუფით" დაიწყო - "პარი სენ-ჟერმენთან", "მილანთან" და "ნიუკასლთან" მოპაექრე "დორტმუნდისთვის" ჯგუფიდან გასვლაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. პირველ მატჩში დამარცხების შემდეგ (1:0, "პსჟ-სთან"), "დორტმუნდმა" 3 მოგებასა და 2 ფრეს მოუყარა თავი, პირველ ადგილზე გავიდა, მერვედფინალში "პსვ" დაამარცხა, მეოთხედფინალში დიეგო სიმეონეს ურთულესი წინაღობა გადალახა, ნახევარფინალში კი, სენსაციურად, "პსჟ" ორივე შეხვედრაში ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

"რეალისთვის" ჯგუფური ეტაპი იოლი გასეირნება აღმოჩნდა. კარლო ანჩელოტიმ "ნაპოლის", "ბრაგასა" და "უნიორ ბერლინს" არცერთი ქულა არ გაუზიარა, მერვედფინალში "ლაიპციგი" გაისტუმრა, შემდეგ კი...

მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში დაუვიწყარი შეხვედრები ვიხილეთ - გვარდიოლას "სიტი" ტურნირს უდრამატულესი, უხვგოლიანი დუელის და 11-მეტრიანი სერიის შედეგად გამოეთიშა. არანაკლებ დრამატული გახლდათ "ბაიერნთან" განმეორებითი შეხვედრა, სადაც მატჩის მიწურულს, ანჩელოტიმ წარბი ასწია, "რეალმა" თავისი სუპერძალა აამოქმედა და ხოსელუს მოულოდნელი დუბლის შედეგად ფინალში გადაინაცვლა.

მწვრთნელების განცხადებები

ფინალი არ არის იმისთვის, რომ ითამაშო - გამარჯვებაა საჭირო. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ფავორიტი რეალია, მაგრამ ეს არ გვადარდებს. ფავორიტი არც ატლეტიკოსთან და არც პსჟ-სთან არ ვყოფილვართ. თუკი საკმარის სიმამაცეს გამოვიჩენთ, შანსი აუცილებლად გვექნება. - ედინ ტერზიჩი
მიმდინარე სეზონი უკვე ძალიან წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა მოხდება ფინალში. გუნდი კონცენტრირებული და თავდაჯერებელია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს ტაქტიკა სწორად ესმოდეთ, რადგან რამდენადაც უფრო ზუსტად ესმით მათ ჩემი, იმდენად უკეთესად გრძნობენ თავს მოედანზე. - კარლო ანჩელოტი

სხვა სტატიები