Belive

დასაწყისი, პროფესიონალიზმის მნიშვნელობა და ახალი თაობის მომავალი - ვილი სანიოლის ინტერვიუ

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების ოფიციალურ პარტნიორ, საქართველოს ბანკთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და ბევრი თემის შესახებ ვრცლად და გულწრფელად ისაუბრა.


"გულახდილად რომ გითხრათ, როცა ალექსანდრე იაშვილმა დამირეკა, საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მისი შემოთავაზება მივიღე, რამდენჯერმე ვიდეოზარით ვისაუბრეთ, შემდეგ კი უბრალოდ ვთქვი, "მოდი დავიწყოთ". ასე ადვილად დაიწყო ყველაფერი. ხანდახან ფეხბურთი სულაც არაა რთული. 

მიზნების დასახვა საკმაოდ რთულია. რადგან როგორც ვიცით, ფეხბურთს ყოველთვის სხვა გუნდის წინაღმდეგ თამაშობ, სხვა ქვეყნებს ეჯიბრები. ასე რომ, რთულია თქვა: "ახლა ეს გვინდა" ან "საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლა გვინდა".

აქ ყოფნის პირველივე დღიდან ვცდილობ, მოთამაშეებს ავუხსნა, რომ შედეგის კონტროლი არ შეგვიძლია. ერთადერთი, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია, არის ჩვენივე მოქმედებები, უბრალოდ ვცდილობთ ყოველი მატჩის შემდეგ უკეთესები გავხდეთ და თუ ეს განვითარება ერთხელაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე გაგვიყვანს, მშვენიერი იქნება. თუმცა, უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რისი მართვაც შეგვიძლია და ერთადერთი, რისი მართვაც შეგვიძლია არის ჩვენივე თამაში, დისციპლინა, პროფესიონალიზმი, სწორი კვება, ძილი... ყოველდღიური ვარჯიში და ასეთი რამეები.

როგორც ვთქვი, შედეგში სხვა გუნდიც მონაწილეობს, მსაჯიც, ხანდახან ტრავმებიც გვიშლის ხელს. ფეხბურთში ბევრი რამ გაურკვეველია, ასე რომ კონცენტრირდი იმაზე, რისი შეცვლაც თავად შეგიძლია.

რთული ეტაპებიც გავიარეთ და კარგი პერიოდებიც გვქონდა, მაგრამ გარკვეულ რაღაცებს წაგების დროსაც კი ქმნი. მე, მაგალითად ასეთი რაღაც წინა ერთა ლიგაზე დავინახე, როცა მოთამაშემ გოლი გაიტანა და მთელი გუნდი მასთან გაიქცა ერთად აღსანიშნად. ეს ძალიან ნამდვილი იყო. ეს არ იყო ფანებისთვის დადგმული სანახაობა. ვგრძნობდი, რომ მოთამაშეები ერთად ბედნიერები იყვნენ, უნდოდათ ერთად თამაში. ეს იყო დღე, როცა გავაცნობიერე, რომ რაღაცას მივაღწიე, ამ მოთამაშეებით რაღაც შევქმენი, ახლა ეს უბრალოდ ფეხბურთელების შეკრება კი არა, ნამდვილი გუნდია, ჯგუფი და ეს ჩემთვის... თუ ერთი კადრი უნდა შევინახო მოგონებად, ნამდვილად ეს კადრი იქნებოდა. 

თანამედროვე ფეხბურთი უფრო და უფრო სწრაფი და ინტენსიურია, ასეთი სტილი კი ვფიქრობ მუდმივ სიახლეს მოითხოვს. ამიტომ, ვიცოდი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა გამხდარიყვნენ მნიშვნელოვანი მოთამაშეები. ახალ გუნდში მგონი 11 თუ 12 მოთამაშეა ისეთი, რომელსაც თეორიულად 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში თამაში შეუძლია. მგონი ევროპაში სხვა ვერვაინ იტყვის, რომ თითქმის ნახევარი გუნდი 21-წლამდელებისგანაა შემდგარი. ჩვენ ამას მივაღწიეთ და კარგი შედეგებიც ვაჩვენეთ, ასე რომ, მე თუ მკითხავთ, ვფიქრობ ჩვენი წარმატების გასაღები სწორედ მოთამაშეებია. როგორც მექანიკოსს აქვს ხელსაწყოები, დაახლოებით იგივეა, ჩემი ხელსაწყოები ჩემი მოთამაშეებია. თუ ხარისხიანი ხელსაწყოები მექნება, რაღაც კარგს გავაკეთებ, თუ ცუდი ხარისხის ხელსაწყოები მექნება, საქმე გართულდება. ვფიქრობ, ახლაც ეს მომენტია. კარგი თაობა მოვიდა და ამ თაობამ უნდა მიაღწიოს რაიმე მნიშვნელოვანს, ამიტომ ვმუშაობთ თავდაუზოგავად", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.


ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელი 2021 წლის 15 თებერვალს გახდა და გუნდს 23 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 11 ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, 4-ში ფრეს დავჯერდით, 8 მატჩში კი დავმარცხდით.

სხვა სტატიები