Belive

თუ სპალეტი წავა: ნაპოლის მწვრთნელობის ორი მთავარი კანდიდატი ცნობილია

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც 33-წლიანი პაუზა დასრულდა და "ნაპოლიმ" იტალიის სერია A-ს ისტორიაში მესამედ მოგება "უდინეზესთან" სტუმრად ნათამაშები ფრის მეშვეობით (1:1) გააოფიციალურა, იტალიური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ლუჩიანო სპალეტი დატოვებს.

როგორც ირკვევა, ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის გახანგრძლივება აურელიო დე ლაურენტისისსა და მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ 64 წლის სპეციალისტი კლუბს მაინც დატოვებს, მაშინ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მენეჯერებს ორი პოტენციური შემცვლელი უკვე მოძებნილი ჰყავთ.

"დე ლაურენტისი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაარწმუნოს სპალეტი, დარჩეს ნეაპოლში და ამ პროექტში, მაგრამ ის ირგვლივ მიმოიხედავს, რათა მოუმზადებლად არ დარჩეს. უახლოეს კვირებში იქნება შეხვედრა და ლურჯი კლუბის მომავალი გაირკვევა. მთავარია, რომ 4-3-3 სათამაშო სქემა შენარჩუნებული იყოს და სწორედ ამ მიზეზით, დე ლაურენტისს ორი კანდიდატი მოსწონს, ესენი ვინჩენცო იტალიანო ("ფიორენტინა") და ალესიო დიონისი ("სასუოლო") არიან", - წერს Il Mattino.

ლუჩიანო სპალეტი "ნაპოლიში" 2021 წლის 1 ივლისს დაინიშნა და გუნდს 92 შეხვედრაში უხელმძღვანელა. მისი კონტრაქტი "ლურჯებთან" მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.

სხვა სტატიები