Belive

,,ჩვენ ყველანი ეგოისტი ხელმოცარულები ვიყავით'' - ჯერარდი ინგლისის ოქროს თაობაზე

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა, რიო ფერდინანდის პოდკასტში სტუმრობისას, ინგლისის ნაკრებში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

ინგლისის ,,ოქროს თაობაზე'' საუბრისას, ჯერარდმა მისი ეროვნული გუნდის წარუმატებლობის მიზეზები დაასახელა:

,,ჩვენ ყველანი ეგოისტები და ხელმოცარულები ვიყავით. ახლა ტელევიზორს ვუყურებ და ვხედავ, რომ პოლ სქოულზი და ჯეიმი კარაგერი ერთად სხედან, ისე გამოიყურებიან, თითქოს, 20 წელია საუკეთესო მეგობრები არიან. იმავეს თქმა შეიძლება კარაგერსა და ნევილზეც. ალბათ, ახლა შენთან (ფერდინანდს მიმართავს) უფრო ახლოს ვარ, ვიდრე 15 წლის წინ, როცა ინგლისის ნაკრებში ერთად ვთამაშობდით. რატომ არ გვქონდა ერთმანეთთან ურთიერთობა 20-23 წლის ასაკში? ეს ეგოს ბრალი იყო? თუ მეტოქეობის? ეს ინგლისში არსებულმა კულტურამ განაპირობა. ჩვენ ერთმანეთის მიმართ მეგობრულები არ ვყოფილვართ და ვერასდროს, ვერცერთ ეტაპზე ვერ გავხდით ძლიერი გუნდი.

ინგლისის ნაკრებში თამაში ძალიან მიყვარდა, ამით ვამაყობდი და სიამოვნებას ვიღებდი. მაგრამ, ეს მხოლოდ 90 წუთს გრძელდებოდა, შემდეგ კი სრულიად მარტო ვიყავი. თავს გუნდის ნაწილად არ ვგრძნობდი, ჩემს თანაგუნდელებთან კავშირი არ მქონდა. ლივერპულში ყველაფერი პირიქით იყო, იქ დაბრუნებას მოუთმენლად ველოდი. ინგლისის ნაკრებში კი მხოლოდ ვარჯიში და თამაში მინდოდა, შემდეგ კი - სხვაგან ყოფნა.

როცა ნაკრებს ვიხსენებ, იმედგაცრუების განცდა მეუფლება, რადგან უკეთ თამაში ვერ შევძელით. ვფიქრობ, ეს სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ის იყო, რომ ჩვენ ნიჭიერი ადამიანების ჯგუფი ვიყავით და არა - გუნდი. ეს კი არასდროს მუშაობს.'' - სტივენ ჯერარდი

ჯერარდმა ინგლისის ნაკრების მაისურით 114 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

ნახევარმცველმა ეროვნულ გუნდთან ერთად 6 დიდ ტურნირზე ითამაშა, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში ნახევარფინალში გასვლაც კი ვერ შეძლო.

სხვა სტატიები