Belive

ბენზემა მზად იყო ლიონში ანაზღაურების გარეშე ეთამაშა, თუმცა გარიგება ჩაიშალა

16 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ქარიმ ბენზემა ამ ზაფხულს ლიონში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს იყო. ფორვარდი მზად იყო ლიონში სრულიად უსასყიდლოდ ეთამაშა, თუმცა რთულმა სახელშეკრულებო ურთიერთობებმა გარიგება საბოლოოდ ჩაშალა.  

ფრანგული გამოცემა L'Équipe-ის ინფორმაციით, ლიონის ხელმძღვანელობამ 39 წლის თავდამსხმელთან შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ბენზემა ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დათმობებისთვის მზად იყო, მისი დაბრუნება საბოლოოდ მაინც ვერ მოხერხდა. მთავარი დაბრკოლება საუდის არაბეთში არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებები აღმოჩნდა.

ფრანგი ფეხბურთელი კლუბის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა მას 2030 წლამდე აკავშირებს საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგის ელჩის სტატუსი. ბენზემას ადვოკატები ცდილობდნენ, ფეხბურთელის სათამაშო კარიერა და მისი ელჩის მოვალეობები ერთმანეთთან შეეთავსებინათ. თუმცა საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში თამაშისთვის საჭირო დატვირთვა, მოგზაურობები და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა საუდის არაბეთში არსებულ ვალდებულებებთან შეუთავსებლად მიიჩნიეს.

ბენზემას წასვლა „ალ-ჰილალიდან“ მწვრთნელ სიმონე ინძაგისთან ურთიერთობაში არსებულ დაძაბულობასაც უკავშირდებოდა. იტალიელი სპეციალისტი შეტევის ხაზში უფრო ახალგაზრდა და დინამიკური თავდამსხმელის დამატებას ითხოვდა. საბოლოოდ კლუბმა ოლი უოტკინსი დაიმატა. 

შეგახსენებთ, რომ ბენზემა 2023 შეუერთდა „ალ-იტიჰადს“, მოგვიანებით კი „ალ-ჰილალში“ გადავიდა. 

ლიონში დაბრუნების შესაძლებლობის გამორიცხვისა და საუდის არაბეთში მისი სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ვარაუდი, რომ ქარიმ ბენზემა შესაძლოა ფეხბურთიდან წასვლას და კარიერის დასრულებას გეგმავდეს.


სხვა სტატიები