Belive

არბელოამ კვლავ თავის თავზე აიღო | "ბოდიშს ვიხდი, ეს ჩემი ბრალია"

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ლიგის ფაზა დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მადრიდის რეალმა მარცხის გამო 8 საუკეთესო გუნდში პოზიცია დაკარგა და პლეი-ინში მოხვდა, შესაბამისად ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 1/16-ფინალიდან გააგრძელებენ და პირველ 8 გუნდთან შედარებით, ორით მეტი თამაშის ჩატარება მოუწევთ.

ალვარო არბელოას მძიმე პერიოდი კი გრძელდება და ამ მარცხის შემდეგ, ესპანურ მედიაში კიდევ უფრო აქტიურად იწერება, რომ შესაძლოა მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზაფხულამდე ვერ მიაღწიოს და კლუბიდან იძულებით გაუშვან.

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და წაგება კვლავ საკუთარ თავზე აიღო.

"სამწუხაროა, რომ 8 საუკეთესო გუნდში ვერ მოვხვდით. დღევანდელი მარცხი ბევრ რამეზე იყო დამოკიდებული, ალბათ მთავარი მაინც ის არის, რომ ბევრი რამ გვაკლდა, არა მხოლოდ ინტენსივობა.

ბევრ მოთამაშეს ყვითელი ბარათი ჰქონდა. მჭირდებოდა მოთამაშეები, რომლებსაც შეეძლოთ კონტრშეტევის შეჩერება, სწორედ ამიტომ გავხდი იძულებული, რომ ეს შეცვლები გამეკეთებინა.

მე ვარ ამ ყველაფრის დამნაშავე, ისევე როგორც ალბასეტეს წინააღმდეგ. ეს ჩემი ბრალია და ამ მარცხს და წარუმატებლობას საკუთარ თავზე ვიღებ...

რაც შეეხება მეკარის გოლს, ეს სულაც არ გამკვირვებია, რადგან ჩემს წინააღმდეგ მეკარეს პირველად არ გაუტანია, ასეთი რამ მეც გამომიცდია..." - ალვარო არბელოა

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 15 ქულით მე-9 პოზიციაზე დაასრულა და მე-8 ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის მინიმალური ქულით ჩამორჩა.

16 გუნდი ე.წ პლეი-ინში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 8 მერვედფინალისტი სწორედ მათ შორის გაირკვევა. პლეი-ინის წილისყრა პარასკევს, 30 იანვარს გაიმართება, მატჩები კი 17-18 და 24-25 თებერვალსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები