ალვარესი: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მესისთვის მოვიგოთ"
არგენტინის ეროვნული ნაკრების 26 წლის სუპერვარსკვლავმა - ხულიან ალვარესმა, ნაკრების პირველ მატჩამდე არგენტინულ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნდიალზე მათ განსაკუთრებული სურთ და ეს მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის შენარჩუნებაა.
"ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან მესი ბოლოჯერ თამაშობს ჩვენთან ერთად, მოქმედი ჩემპიონები ვართ, კარგ ფორმაში ვართ და კვლავ იგივეს გამეორება გვსურს, რაც 4 წლის წინ იყო.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ლიონელ მესისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მოვიგოთ." - ხულიან ალვარესი
ხულიან ალვარესი ბავშვობიდან მესის კერპად მიიჩნევდა. მისი ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ საოცარ მეგობრობასა და უდიდეს პატივისცემას, რაც არგენტინის ნაკრებში სუფევს. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კიდევ ერთი მუნდიალის მოგება საუკეთესო საშუალებაა, რათა ღირსეულად გააცილონ თავიანთი კაპიტანი და ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მოთამაშე.
ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარე ტურნირზე არგენტინის ნაკრები მძიმე, თუმცა სასიამოვნო წნეხის ქვეშ გამოვა. მათგან ყველა 2022 წლის კატარის ტრიუმფის გამეორებას ელის.
ალვარესი „ალბისელესტესთვის“ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დაუღალავი შრომისუნარიანობა, სირბილი და პრესინგი იდეალურად ერწყმის მესის სათამაშო სტილს, რაც მათ თანამედროვე სანაკრებო ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შემტევ დუეტად აქცევს.
არგენტინის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე J ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები პირველ მატჩს 17 ივნისს, ალჟირის წინააღმდეგ გამართავენ.