Belive

ახალი ვინგერები ენფილდზე? - ბარკოლასა და მინტეს ტრანსფერებზე მუშაობა გრძელდება

15 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფეხბურთო ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სატრანსფერო საგა როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება. 23 წლის ფრანგი ვინგერი, ბრედლი ბარკოლა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში „ენფილდზე“ ვიხილოთ - „ლივერპული“ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ საბოლოო, გადამწყვეტი წინადადების წარდგენას აპირებს.

Get French Football News-ის ცნობით, ბარკოლას გარემოცვაში დარწმუნებულები არიან, რომ ტრანსფერი ლოგიკურ ფინალამდე მივა. კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე კვირებია მიმდინარეობს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილმა მცირე დრომ კი პროცესები საგრძნობლად დააჩქარა.

მთავარ შემაფერხებელ ბარიერს აქამდე „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ მოთხოვნილი დიდი თანხა წარმოადგენდა, რაზეც ინგლისელები უარს ამბობდნენ. თუმცა, პარიზელებმა პოზიცია შეარბილეს, თუ მხარეები საბოლოოდ 120 მილიონ ევროზე შეთანხმდებიან, ეს გარიგება საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გასვლითი ტრანსფერი გახდება. გარდა ამისა, ბარკოლა „ლივერპულის“ ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება, ალექსანდერ ისაკის შემდეგ.

ბარკოლას სავარაუდო ტრანსფერი პირდაპირ აისახება კოდი გაკპოს მომავალზე. მერსისაიდელები გაკპოს გაყიდვის პერსპექტივას სერიოზულად განიხილავენ, თუმცა პოლიტიკა მკაცრია - კლუბი ნიდერლანდელს მანამ არ შეელევა, სანამ შემტევ ხაზში ორ ახალ ვინგერს არ დაიმატებს.

რაც შეეხება საპირისპირო ფლანგს - Liverpool Echo-ს ინფორმაციით, „ლივერპულში“  ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ მიმართონ თუ არა ბრაიტონს მესამედ იანკუბა მინტეს ტრანსფერის თაობაზე.  ტრავმის მიუხედავად 22 წლის გამბიელის დამატება მერსისაიდულ კლუბს კვლავ სურს. 

მინტემ კოჭის ოპერაცია ამ თვის დასაწყისში გაიკეთა - ტრავმა მან „რომასთან“ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩში მიიღო. წინასწარი ვარაუდით, აფრიკელს მოედანზე დასაბრუნებლად 2-დან 3 თვემდე დასჭირდება. ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი „წითლებს“ არ აშინებთ, თუმცა „ბრაიტონმა“ „ენფილდიდან“ გაგზავნილი პირველი ორი წინადადება, £50 და £60 მილიონი, უკვე უარყო. ბრაიტონი ფეხბურთელს 70 მილიონ ევროზე ნაკლებადარ გაყიდის.