,,აღარ ვეთამაშებით მეტოქეს, რომელიც კოსოვოს, როგორც სახელმწიფოს პატივს არ სცემს'' - კოსოვოს ნაკრების მენეჯერი
15 ნოემბერს რუმინეთსა და კოსოვოს შორის შემწყდარი მატჩის შემდეგ, კოსოვოს ნაკრების მენეჯერმა, ბაირამ შალამ, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება შეხვედრის შეწყვეტის შესახებ ფედერაციამ, მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ერთად მიიღეს:
,,გადავწყვიტეთ, არ მივიღოთ მონაწილეობა მატჩში, რომელშიც უეფას ფუნდამენტური ღირებულებები არ არის დაცული. არა მხოლოდ ფასეულობებს არ სცემდნენ პატივს, არამედ რასობრივ დისკრიმინაციასაც ჰქონდა ადგილი. ამიტომ, არ დავუშვებთ ეს იმავე სტადიონზე ისევ გამეორდეს.
გადაწყვეტილება ურყევია! არ მივიღებთ მონაწილეობას თუნდაც ერთ მატჩშიც კი, სადაც კოსოვოს, როგორც სახელმწიფოს და უეფას სრულუფლებიან წევრს, პატივს არ სცემენ!'' - ბაირამ შალა
კოსოვოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-აუტში საქართველოს სავარაუდო მეტოქეა. აღსანიშნავია, რომ საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
გუშინ უეფას სააპელაციო კომიტეტმა ჩაშლილ მატჩზე გადაწყვეტილება მიიღო - რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია ჯამში 128 ათასი ევროთი დაჯარიმდა, გარდა ამისა, ნაკრებს 1 საშინაო შეხვედრის ჩატარება ცარიელ სტადიონზე მოუწევს. რაც შეეხება კოსოვოს, გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა, ფედერაცია კი 6 ათასი ევროთი დააჯარიმეს.
რუმინეთისა და კოსოვოს მატჩის ბოლო წუთებში ფეხბურთელებს შორის შელაპარაკებას რუმინელი ფანების მხრიდან პროსერბული შეძახილები მოჰყვა. კოსოვოელებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს, 1 საათის შემდეგ კი მსაჯმა შეხვედრის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, რასაც არც რუმინეთი აღიარებს.
🇽🇰 Kosovo Football Federation warns:
— kos_data (@kos_data) November 17, 2024
"We will no longer participate in any match where Kosovo is not respected as a state and as an equal member of UEFA" pic.twitter.com/xMR8bQeS8G