ხანგრძლივი წაუგებელი სერიები პრემიერლიგის ყველა სეზონში
6 წლის წინ
ფეხბურთი
9 წთ
1992/93 "იფსვიჩი" (8 მატჩი)
"ოლდჰემ ატლეტიკთან" 2:4 მარცხამდე, "იპსვიჩმა" 4 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. საბოლოოდ, "ტრაქტორისტებმა" სეზონი 52 ქულით და მე-16 ადგილით დაასრულეს.
1993/94 "ქოვენთრი სითი" (8 მატჩი)
90-იანი წლების შუაში, „ქოვენთრის“ გამორჩეული შემადგენლობა ჰყავდა. საწყის 8 ტურში 3 მოგებისა და 5 ფრის შემდეგ, 25 სექტემბერს, ისინი „ლიდსთან“ 0:2 დამარცხდნენ. საბოლოოდ, გუნდმა 56 ქულას მოუყარა თავი და სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა.
1994/95 „ნოტინგემ ფორესტი“ და „ნიუკასლი“
„მეტყევეებმა“ 8 მატჩი მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს, მაშინ როცა „კაჭკაჭებმა“ მათზე ორით მეტჯერ იმარჯვეს და ქულა მხოლოდ 2-ჯერ დაკარგეს. „ნოტინგემი“ 11 ქულით მესამე, ხოლო „ნიუკასლი“ 72-ით მეექვსე პოზიციაზე გავიდა.
1995/96 – „ნოტინგემი“ (12 მატჩი)
„ნოტინგემმა“ წინა სეზონის შთამბეჭდავი სტარტი მომდევნო გათამაშებაში გააუმჯობესა. ეს მანამდე, ვიდრე 18 ნოემბერს, „ბლექბერნთან“ (0:7) განადგურდებოდა. უახლოესი კვირების განმავლობაში მათი სათამაშო ფორმა გაუარესდა და საბოლოოდ, გუნდმა მეცხრე ადგილი დაიკავა (58 ქულა).
1997/98 – „არსენალი“ (12 მატჩი)
„მეთოფეებმა“ ამ სეზონში „მანჩესტერს“ ტიტული 1 ქულის უპირატესობით აართვეს, სეზონი კი 12-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყეს, ვიდრე „დერბისგან“ სამ უპასუხო გოლს გაუშვებდნენ.
1998/99 – „ასტონ ვილა“ (12 მატჩი)
12-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 21 ნოემბერს, „ლივერპულთან“ დასრულდა. სეზონის ბოლოს, „ატონ ვილამ“ 55 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ „იუნაიტედს“ 24-ით ჩამორჩა.
1999/00 – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (9 მატჩი)
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა პრემიერლიგაში სეზონი 9-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყო და საბოლოოდ გათამაშება იმ დროისთვის სარეკორდო 91 ქულით დაასრულა. პირველი მარცხი მათ 3 ოქტომბერს, „სტემფორდ ბრიჯზე“, „ჩელსისთან“ 0:5 იწვნიეს.
2000/01 – „ლესტერი“ (8 მატჩი)
„მელიებს“ სასწაულამდე ჯერ კიდევ 16 წელიწადი აშორებდათ, თუმცა სეზონის პირველი 8 მატჩი მაინც არ წააგეს. მათი საბოლოო შედეგი 48 ქულა და მე-13 ადგილი იყო.
2001/02 – „ლიდს იუნაიტედი“ (11 მატჩი)
ამ პერიოდში, „ლიდსს“ არამხოლოდ ინგლისში, „ევროპაშიც“ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეეძლოთ. საწყისი 11 შეხვედრიდან მათ 6 გამარჯვებით დაასრულეს, პირველად კი მე-12 ტურში, „სანდერლენდთან“ 0:2 დამარცხდნენ. სეზონის ბოლოს, ცხრილში მათ გასწვრივ 66 ქულა ეწერა.
2002/03 – „ლივერპული“ (12 მატჩი)
„სქაუზერებისთვის“ ეს მორიგი აუხდენელი ოცნების დასაწყისი იყო. მათმა საყვარელმა გუნდმა 12-დან 9 მატჩში იმარჯვა, მაგრამ სეზონი 64 ქულით და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დაასრულეს.
2003/04 „არსენალი“ (38 მატჩი)
რეკორდსმენმა „არსენალმა“ სეზონი წაუგებლად დაასრულა. არსენ ვენგერის „ოქროს ჩემპიონებმა“ 26 მატჩი მოიგეს და 12 ფრედ დაასრულეს. საერთო ჯამში მათი მონაგარი 90 ქულა იყო.
2004/05 – „არსენალი“ (9 მატჩი)
„არსენალმა“ წაუგებელი სერიის შენარჩუნება ჩემპიონობის მერეც მოახერხა და საბოლოოდ, 50-ე მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“ დაეცა (0:2). მოქმედმა ჩემპიონმა მომდევნო სეზონში ჟოზე მოურინიოს „ჩელსისთან“ 12-ქულიანი განსხვავებით მეორე ადგილი დაიკავა.
2005/06 – „ჩელსი“ (11 მატჩი)
„განსაკუთრებულის“ გუნდმა ტიტული ზედიზედ, 91 ქულით მოიგო, მანამდე კი საწყისი 10 შეხვედრა მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. პირველად „არისტოკრატებმა“ 6 ნოემბერს, „მანჩესტერთან“ წააგეს.
2006/07 „ასტონ ვილა“ (9 მატჩი)
მართალია, „ასტონ ვილამ“ 6 შეხვედრა ფრედ დაასრულა, თუმცა საწყის შვიდ მატჩში არ დამარცხებულა. მარტინ ონილის გუნდის საბოლოო შედეგი სეზონში 50 ქულა და მე-11 ადგილი იყო.
2007/08 – „არსენალი“ (15 მატჩი)
„არსენალმა“ სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო. „ბირმინგემთან“ 2:2 დასრულებულ მატჩამდე, „მეთოფეები“ ტიტულის მოპოვების მთავარ კანდიდატებადაც განიხილებოდნენ. მიუხედავად ამისა, გუნდი „ჩელსის“ და „იუნაიტედს“ ჩამორჩა და მესამე ადგილი დაისაკუთრა.
2008/09 –„ლივერპული“ (10 მატჩი)
„ლივერპულის“ მიერ დაკარგული კიდევ ერთი საჩემპიონო შანსი სწორედ 2009/10 წლების სეზონს უკავშირდება. გუნდმა, რომელმაც პირველად 1 ნოემბერს, „ტოტენჰემთან“ (1:2) წააგო, საჩემპიონო შანსი „მანჩესტერზე“ 4 ქულით ნაკლების დაგროვების გამო დაკარგა.
2009/10 – „ჩელსი“ (6 მატჩი)
„ჩელსის“ 2009/10 წლების სეზონის დიდებული სტარტი „უიგანთან“ 26 სექტემბერს მარცხით შეწყდა. თუმცა, ამას „ლურჯების“ მოტივაციაზე დიდად არ უმოქმედია, მათ „მანჩესტერს“ მინიმალური უპირატესობით აჯობეს და ტიტული მოიგეს.
2010/11 – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (24 მატჩი)
ფერგის ბიჭებმა საწყისი 24-დან 15 შეხვედრა მოიგეს და არცერთი წაუგიათ, მანამ, სანამ 5 თებერვალს „ვულვზს“ არ გადაეყარნენ. „წითელმა ეშმაკებმა“ სეზონის ბოლოს ხელი ტიტულით დაიმშვენეს, ცხრილში კი მეორეადგილოსან „ჩელსის“ 9 ქულით გაასწრეს.
2011/12 – „მანჩესტერ სიტი“ (14 მატჩი)
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ჩემპიონობის შემოქმედებმა სეზონი უძლიერესად დაიწყეს. საწყისი 14 ტურის განმავლობაში მათ ერთბაშად 3 ქულა არ დაუკარგავთ და ამ პერიოდში დერბიში 6:1 იმარჯვეს. პირველად რობერტო მაჩინის შეგირდებმა 12 დეკემბერს, „ჩელსისთან“, „სტემფორდ ბრიჯზე“ 1:2 წააგეს.
2012/13 – „მანჩესტერ სიტი“ (15 მატჩი)
მოქმედმა ჩემპიონმა წინა სეზონზე უკეთესი სტარტი აკრიფა, თუმცა სერ ალექსმა ტიტული არავის დაუთმო. მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა სეზონში პირველად დერბიში, 2:3 წააგო - ჰეთ-თრიკი რობინ ვან პერსიმ გააფორმა.
2013/14 – „ევერტონი“ (6 მატჩი)
დევიდ მოიესის მრავალწლიანი ეპოქის დასრულების მიუხედავად, „კანფეტებმა“ რობერტო მარტინესთან ერთად სეზონი კარგად დაიწყეს და 17 ტურში მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდათ. საბოლოოდ, ლივერპულელები 72 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდნენ.
2014/15 – „ჩელსი“ (14 მატჩი)
პრემიერლიგაში დაბრუნებულმა ჟოზე მოურინიომ მესამე ლიგის ტიტული 87 ქულით მოიგო, მანამდე კი საწყისი 14 შეხვედრიდან 11-ში იმარჯვა და 3-ჯერ ფრეს დასჯერდა.
2015/16 – „ლესტერი“ (6 მატჩი)
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის შემოქმედმა გუნდმა სეზონი 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყო და პირველად 26 სექტემბერს, „არსენალთან“ 2:5 დამარცხდა. კლაუდიო რანიერის გუნდმა ტიტული 10-ქულიანი უპირატესობით მოიგო.
2016/17 – „ტოტენჰემი“ (12 მატჩი)
მაურიციო პოჩეტინოს გუნდს 2016/17 წლის სეზონში მშვენიერი დასაწყისი ჰქონდა. „ტოტენჰემი“ პირველად 26 ნოემბერს, დერბიში, „ჩელსისთან“ დამარცხდა. „დეზებმა“ 86 ქულით და პირად ისტორიაში საუკეთესო შედეგით, მეორე ადგილი დაიკავა.
2017/18 – „მანჩესტერ სიტი“ (22 მატჩი)
პრემიერლიგის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა საწყისი 22 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა, ვიდრე იურგენ კლოპის მფრინავ „ლივერპულთან“ შვიდგოლიან თრილერში არ დამარცხდა (3:4). საბოლოოდ, პეპ გვარდიოლას გუნდმა ტიტული სარეკორდო 100 ქულით და გატანილი გოლების რაოდენობით დაასრულა.
2018/19 - „ლივერპული“ (20 მატჩი)
წინა სეზონის მტკივნეული ნატყვიარის გამო, „ქალაქელებმა“ მერსაიდელებს რევანში აუღეს და 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტეს. ეს ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. „სიტიმ“ 98, ხოლო „ლივერპულმა“ ერთით ნაკლები ქულა დააგროვა.
2019/20 „ლივერპული“ (25 მატჩი)
პროცესი კვლავაც გრძელდება, ისტორიაში პირველ ჩემპიონობასთან მიახლოებულ გუნდს არაერთი რეკორდის დამყარების შანსი აქვს.