Belive

4 წითელი ბარათი და ფრე მონტენეგროსთან - 17-წლამდელების მორიგი ამხანაგური მატჩი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის აქტიურად მზადებას აგრძელებს. გიორგი ჩიტაურის გუნდმა მიმდინარე წელს უკვე მეშვიდე შეხვედრა ჩაატარა და ფრე ითამაშა. ახალგაზრდა ქართველების მეტოქე მონტენეგროს ნაკრები იყო, რომელთანაც პირველ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა გამარჯვებას მიაღწია (1:0) ახლა კი ფრეს დასჯერდა - 2:2. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 28-ე წუთზე ლაშა გადილიას გოლით გახსნა, ხოლო 84-ზე გიორგი ტაბატაძის გოლით გაათანაბრა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური ხასიათისა იყო, ეს უშუალოდ მოედანზე არ ასახულა და გუნდები უხეშობას არ ერიდებოდნენ, რასაც ის მოჰყვა, რომ ჯერ 45-ე, შემდეგ კი 72-ე წუთზე გუნდებს შორის შელაპარაკებისას, მსაჯმა მხარეებს 2-2 წითელი ბარათი უჩვენა - საქართველოს ნაკრების მხრიდან ალეკო ბასილაძე და გივი ხაჩიძე გააძევეს. საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: სოსო კოპალიანი - საბა ხარჩილავა, აკაკი გიუნაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, დემეტრე ციკოლია, დაჩი ლორთქიფანიძე, ლაშა გადილია, ალეკო ბასილაძე, ამინ კარაევი, გიორგი რობაქიძე, ნიკოლოზ ცეცხლაძე. შეცვლაზე შემოვიდნენ: გიორგი მაღრაძე, გიორგი ტაბატაძე, გივი ხაჩიძე, ლუკა პარკაძე, თენგიზ ალიბეგაშვილი. მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური. შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 6 მარტს, მალტას წინააღმდეგ გამართავს და ორი დღის შემდეგ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები