Belive

"გამარჯვება უძლიერესი მეტოქეების დამარცხებით მოვიპოვე" - საბა ფურცელაძე

1 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში გამართული ITF-ის 25 000-იანი ტურნირი საბა ფურცელაძის ტრიუმფით დასრულდა. აღსანიშნავია რომ საბამ მთელი ტურნირის მანძილზე მხოლოდ 2 სეტი დათმო და მეტოქეები ფაქტობრივად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა.

ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რუსი, ალიბეკ კაჩმაზოვი იყო, რომელიც საბას რეიტინგში დაახლოებით 200 პოზიციით უსწრებდა. ამ სხვაობის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფურცელაძემ მეტოქე 6:4;7:5 დაამარცხა და ტურნირის მოგებასთან ერთად განახლებულ რეიტინგშიც წინ წაიწია – იგი ამჟამად მსოფლიოს 503-ე ჩოგანია.

ITF-ის 25 000-იანი ტურნირის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, საბა ფურცელაძე belive-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ტურნირზე მისთვის საკმაოდ უხერხულ და ძლიერ მეტოქეებთან მოუხდა დაპირისპირება, რამაც მოტივაცია აუმაღლა.

შარმ ელ შეიხის ITF-ის 25 000-იანი ტურნირის ემოციები

პროფესიონალურ კარიერაში მე-4 ტიტული მოვიპოვე. გასული შემთხვევებისგან განსხვავებით, პირველად შევძელი ITF-ის 25 000-იანი ტურნირის მოგება. განსხვავებული ემოციები მივიღე - ასეთი დონის ტურნირის 1/2-ფინალში გასვლამ თავდაჯერებულობა შემმატა, რაც ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავის რწმენა მომემატა.

რეიტინგში რაც უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ მოწინააღმდეგეს ვუპირისპირდები, მით უფრო ყურადღებით ვარ. ვიცი, რომ მაგალითად რეიტინგის მე-1000 ნომრისგან განსხვავებით, ამ დონეზე შეცდომის დაშვებას არ მაპატიებენ. შესაბამისად გაცილებით უფრო მოტივირებული გავდივარ კორტზე. შეიძლება ისიც ითქვას, რომ რაღაც მომენტში რეიტინგი მხოლოდ ციფრებია, რადგან კორტი ორივე ჩოგბურთელისთვის საერთოა და შანსი ყველასთან გაქვს.



საჩემპიონო გზა

შარმ ელ შეიხის ტურნირზე რეიტინგში ჩემზე მაღლა მდგომ მეტოქეებს დავუპირისპირდი. ყველა მათგანი უკეთეს პოზიციაზე იმყოფებოდა - გამარჯვება ყველაზე ძლიერი მეტოქეების დამარცხებით მოვიპოვე.

რაც შეეხება კაჩმაზოვს, 8 წელია ვიცნობ და საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელია. მასთან ფინალში მოპოვებული გამარჯვება ფსიქოლოგიურადაც და სარეიტინგო თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი იყო.

სამომავლო გეგმები

24 აპრილს, თბილისში, ITF-ის 25 000-იანი ტურნირი აიღებს სტარტს. "მზიურის საჩოგბურთო კორტებზე" საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდები ფანები კარგი თამაშით გავახარო.

1 მაისს, კვლავ "მზიურის საჩოგბურთო კორტებზე" ITF-ის 15 000-იანი ტურნირი დაიწყება, რომელშიც ასევე ვგეგმავ მონაწილეობის მიღებას.

belive-ს გუნდი საბა ფურცელაძეს შარმ ელ შეიხის ტურნირის მოგებას ულოცავს და სამომავლო ტურნირებში წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს.

სხვა სტატიები