Belive
8 თვის წინ

სადაც კვარაა, იქ წარმატებაა

სადაც კვარაა, იქ წარმატებაა

ჩემპიონთა ლიგაზე "პარი სენ-ჟერმენის" ისტორიული ტრიუმფის შემდეგ, უკვე ბევრი რამ დაიწერა ხვიჩაზე. სასაუბროს რა გამოლევს - 24 წლის ასაკში, უკვე მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავია, რომელმაც გულშემატკივარსაც შეაყვარა თავი და ოცნებებიც აიხდინა. ოღონდ ეს იმდენად თავბრუდამხვევი სისწრაფით მოხდა, რომ ცივი გონებით გაანალიზება ვერ მოვასწარით.

რა ხდებოდა საქართველოს ნაკრებში ხვიჩას გამოჩენამდე? რამდენი მწარე მარცხი გვახსოვს, რამდენი დაკარგული ტალანტი... შემდეგ რაღაც მასტაბური გადატრიალება მოხდა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ცხადია, ყველა წნეხსა თუ წარმატებას ხვიჩას ვერ ავკიდებთ, მაგრამ ქართულ ფეხბურთში მისმა შემონათებამ იმედის ცეცხლი გააჩინა და აპათიაში მყოფი გულშემატკივარი კვლავ სტადიონზე მიაბრუნა.

ხვიჩამ ყველა გააერთიანა: უიმედოდ შეყვარებულები, მეოცნებეები, რეალისტები და ფეხბურთის ზერელედ მცოდნეები. ისინიც კი, ვისაც საფეხბურთო მინდვრისკენ არც ერთხელ გაუხედავს. "ნაპოლიში" ტრანსფერი ზღაპრული ტრამპლინი იყო. ნეაპოლს უყვარს ფეხბურთი. ნეაპოლს უყვარს პირადი ღმერთი - დიეგო მარადონა. ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და ამიტომაც, მისთვის, "ნაპოლი" იდენტობისა და სულის ნაწილია.

ნაპოლი

სწორედ ამ ქალაქმა უწოდა ხვიჩას "კვარადონა". ქალაქი, რომელიც დღემდე მარადონათი ცხოვრობს, მის მემკვიდრედ დაუმსახურებლად არასოდეს დაგასახელებს. ნეაპოლი ორპოლუსიანია: ან უყვარხარ, ან სძულხარ. თუმცა ხვიჩა სიყვარულის სხვა საფეხურს შესწვდა: ნაპოლი, მარადონა, კვარაცხელია. ასეთი ტრიადა სიზმარშიც კი წარმოუდგენელი იყო.

კვარას ორიგინალური ცრუმოძრაობები იტალიაში ხელოვნებად აღიქვეს და მას "კვარავაჯო" შეარქვეს. მისი სადებიუტო სეზონი იყო ისეთი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრის გონებიდან არასოდეს ამოიშლება: გაიტანა სერია A-ს წლის საუკეთესო გოლი, ამავე ტურნირზე შეასრულა ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა, გახდა ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი. რაც მთავარია: ხვიჩას ლიდერობით, 33-წლიანი შესვენების შემდეგ, "ნაპოლი" სკუდეტოს პირველად დაეუფლა.

საქართველო

სადაც კვარაა, იქ წარმატებაა: მაშინ, როდესაც ნეაპოლში ნანატრ ტიტულს ზეიმობდნენ, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ სიგიჟემდე მისული ბედნიერება ჩვენც გველოდებოდა. ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფი, სადაც ერთა ლიგის გავლით მოვხვდით, ჩვენთვის ამჯერად წარმატებული აღმოჩნდა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზეც მოვხვდით. გვიწოდეს "ანდერდოგი" და ყველა მოლოდინს გადავაჭარბეთ: პორტუგალიის დამარცხება და პლეი-ოფში თამაში, ამაზე დიდი წარმატება რა შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ფორმაციის ნაკრებისთვის, რომელიც ნანგრევებიდან სულ ცოტა ხნის წინ წამოდგა?

ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, The Players Tribune-ზე ხვიჩა კვარაცხელიას წერილი გამოქვეყნდა, სადაც ამბობდა, რომ ევროპის ჩემპიონატს საქართველო მოიგებდა. დაუჯერებელია ხომ? პორტუგალიის დამარცხება და პლეი-ოფში ესპანეთის წინააღმდეგ დაწინაურებაც წარმოუდგენელი იყო. 60 მეტრიდან რაიას კარში გოლის გატანა რომ სცადა, არც ამას ელოდა ვინმე. ხვიჩა იმ დაუჯერებელს უმიზნებს, რაც სულ მინიმუმ, თეორიულად შესაძლებელია. ამასთან ერთად, შრომობს დაუღალავად და ამბიციისა და მიზანმიმართულობის თანხვედრით, წარმატების გზას ქმნის. სურს, მიაღწიოს იმაზე მეტს, ვიდრე წარმოსადგენია. იმაზე მეტს, ვიდრე მანამდე მიაღწია. იმაზე მეტს, ვიდრე სხვას მიუღწევია.

პსჟ

"პარი სენ-ჟერმენს" ხვიჩას შეძენა ადრეც სურდა, თუმცა მოლაპარაკება წარმატებით არ დასრულებულა. კვარას "ნაპოლიდან" წამოსვლის მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა გამოსამშვიდობებელ ვიდეოში თქვა, მოვა დრო და ყველაფერზე ვისაუბრებთო. ნეაპოლმა მოუსმინა და გაუგო თავის გმირს. ეს კი იმაშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ზეიმობდნენ "ინტერის" კარში კვარაცხელიას გატანილ გოლს "ნაპოლის" ქომაგები.

"პარი სენ-ჟერმენში" კვარაცხელია უკვე ვარსკვლავის სტატუსით ჩავიდა. თუმცა მაინც, მას ბევრი რამ უნდა დაემტკიცებინა. ლიდერის როლი მოირგო, სათამაშო სტილი კიდევ უფრო დახვეწა და შედეგიანი გახდა. ამიტომაცაა, რომ ლუის ენრიკე მისდამი საქებარ სიტყვებს არ იშურებს. დაუღლელი, ენერგიული, ჟინით სავსე გარემარბი, რომელიც შეტევაში შემოქმედია და დაცვაში ჩამოსვლას ყველას ასწრებს - ასეთი ფეხბურთელი ნებისმიერი მწვრთნელისთვის სანატრელია.

ხვიჩას მისვლით, "პსჟ" შეუჩერებელი გუნდი გახდა. ზამთრის შემდეგ, პარიზულ კლუბს სულ სხვა ენერგია მიეცა, ლუის ენრიკეს ჩანაფიქრი კი, რომ შემტევი ფეხბურთელების პოზიციების როტაციით მეტოქე გუნდის მცველებში დეზორგანიზაცია მომხდარიყო, აბსოლუტურად გამართლდა და ეს ხვიჩას ფინალში გატანილი გოლითაც დასტურდება, სადაც კვარამ ჯერ მარცხნიდან მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა, შეტევის ფორმირებისას კი ცენტრალურ ზონაში შეიწია, სადაც ბურთი მიიღო და უკვე ტრადიციულად, მარცხენა ფეხით გაიტანა გოლი.

ხვიჩა წარმატების თილისმაა. სადაც გაჩნდა, ყველგან რაღაც განსაკუთრებული მოხდა: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა, "ნაპოლიმ" 33-წლიანი პაუზის შემდეგ, სკუდეტო პირველად მოიგო, "პარი სენ-ჟერმენი" კი, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა და ეს ისტორიული გამარჯვებით (5:0) შეძლო.

წინ მორიგი ოცნებაა: საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს არამარტო კვარას, არამედ მთელი ერის ოცნებაა და რატომაც არა? კვარასთან ერთად, ყველაფრის დაჯერებაა შესაძლებელი.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა