Belive
3 თვის წინ

მიუნხენის ავიაკატასტროფა | დღე, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" საუკეთესო გუნდი დაკარგა

მიუნხენის ავიაკატასტროფა | დღე, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" საუკეთესო გუნდი დაკარგა

მომზადებულია The Athletic-ის მიხედვით

66 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისურმა ფეხბურთმა ერთ-ერთი საუკეთესო, ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი დაკარგა. 1958 წლის 6 თებერვალს, სერ მეტ ბასბის "მანჩესტერ იუნაიტედი" მიუნხენის ავიაკატასტროფაში მოხვდა, რომელსაც 8 ფეხბურთელი ემსხვერპლა, 2 კი იმდენად დაშავდა, რომ მათ ფეხბურთის თამაში ვერასდროს შეძლეს. ავიაკატასტროფას, ასევე, თვითმფრინავში მყოფი, 15 მგზავრი შეეწირა.

1958 წლის 6 თებერვალი, ხუთშაბათი. 2-ძრავიანი Airspeed AS57 Ambassador (The Elizabethan), რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ბელგრადიდან მოჰყავდა, საწვავის შესავსებად მიუნხენ-რიმის აეროპორტში დაეშვა. გუნდი კარგ განწყობაზე იყო: წინა ღამეს, ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" იუგოსლავიური (დღეს - სერბული) "ცრვენა ზვეზდა" ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. მეტ ბასბის ფეხბურთელების საშუალო ასაკი სულ რაღაც 22-ს შეაგენდა.

თოვდა. მიუნხენის ტერმინალში, ვიღაც დინ მარტინის "Baby, It's Cold Outside" ღიღინებდა. კოლმენმა ცხელი სასმელები მოიტანა, სხვები კი საჩუქრების საყიდლად წავიდნენ. ჯონი ბერი, რომელიც კლუბში ერთ-ერთი ყველაზე უფროსი იყო, 3 პატარა ბიჭისთვის სათამაშო მანქანებს არჩევდა.

ფრენკ ტეილორი ბორტზე მყოფ 9 ჟურნალისტს შორის ერთადერთია, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა. მოგვიანებით, წიგნში, სახელწოდებით The Day A Team Died (დღე, როდესაც გუნდი დაიღუპა), წერდა:

"ბრიტანულ ფეხბურთში ჩახედული თითოეული ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ მეტ ბასბიმ "ოლდ ტრაფორდზე" ყველაზე დიდ ტალანტებს მოუყარა თავი - ასეთი რამ, ფეხბურთის ისტორიას არც ახსოვდა".

The Elizabethan საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთ საუკეთესო თვითმფრინავად ითვლებოდა - მას თვით დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ II იყენებდა. თვითმფრინავში 10, 4-სავარძლიანი რიგი იყო: 4 რიგი პილოტის კაბინის, 6 კი კუდის მიმართულებით იყო განთავსებული. მგზავრებისა და ეკიპაჟის ჩათვლით, თვითმფრინავში 44 ადამიანი იმყოფებოდა.

The Elizabethan

აფრენის 3 მცდელობა

აფრენის ზოლზე, პილოტმა შეამჩინა, რომ აჩქარებისას, წნევის მაჩვენებელი სწრაფად მოძრაობდა, ძრავს კი უცნაური ხმა ჰქონდა. თვითმფრინავი სადგომზე დადგა, მგზავრები კი ტერმინალში დაბრუნდნენ.

1 წელიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც British Airways-ის თვითმფრინავი მანჩესტერის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა - ავიაკატასტროფას 22 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცხადია, ყველა ეს გარემოება შიშსა და კითხვებს აჩენდა. ძრავი ხომ არ გამოირთო? თვითმფრინავის ფრთებზე თოვლი იდო? ამინდის ბრალი ხომ არაა?

მათ შიშს საფუძველი ნამდვილად ჰქონდა - ერთი წელიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც მანჩესტერის მახლობლად, თვითმფრინავის ჩამოვარდნას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბასბისა და მის ბიჭებსაც ცუდი გამოცდილება ჰქონდათ - 1 წლით ადრე, ბილბაოდან მათი თვითმფრინავი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოფრენილა, რადგან ფრთებიდან თოვლი და ყინული იყო მოსაშორებელი. მეტიც, ბელფასტიდან დაბრუნებულ, ჩრდილო-ირლანდიელ გრეგს, ერთხელ ასეთი რამ ჰქონდა ნათქვამი: ჩვენს თვითმფრინავს ჰაერში პროპელერი მოსძვრაო.

ჰარი გრეგი

ტერმინალში დაბრუნების შემდეგ, Manchester Evening Chronichles-ის ჟურნალისტმა, ალფ კლარკმა, ეჭვი გამოთქვა, რომ თვითმფრინავი 2-3 საათის განმავლობაში არ გაფრინდებოდა. კლარკს პირველ მსოფლიო ომში ფრენის გამოცდილება ჰქონდა და, შესაბამისად, მისი სიტყვა წონიანი გახლდათ. ფეხბურთელებმა კვლავ დროის გაყვანა გადაწყვიტეს - ზოგიერთი Duty Free-ში დაიარებოდა, ზოგიც ცხელ ყავას მიირთმევდა. მოულოდნელად, მგზავრები კვლავ გასასვლელში იხმეს.

ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და უსაფრთხოების ღვედი შეიკრა. იგივე რამ მოხდა - ძლიერი დამუხრუჭების შედეგად, აჩქარებული თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე გაჩერდა. ამ დროს, თვითმფრინავში უკვე ხმა აიმაღლეს.

"რა ჯანდაბა ხდება?" - ფრენკ სვიფტის ყვირილში შეშფოთება იკითხებოდა. ყოფილ ინგლისელ მეკარეს კარიერა დასრულებული ჰქონდა და News of The World-სთვის საფეხბურთო ამბებზე სტატიებს წერდა.

მგზავრები კვლავ ტერმინალს დაუბრუნდნენ. აფრენის 2 წარუმატებელი მცდელობის შედეგად, ჩანდა, რომ იმ დღეს, მგზავრები მანჩესტერში ვერ დაბრუნდებოდნენ. ერთ-ერთმა ყველაზე იმედისმომცემმა ინგლისელმა ტალანტმა, დანკან ედვარდსმა, მანჩესტერში ტელეგრამაც კი გააგზავნა, სადაც ეწერა: "ყველა ფრენა გადაიდო. ხვალ მოვფრინავ, დანკანი".

ამის მიუხედავად, ჩასხდომა კვლავ გამოცხადდა. არადა, თითქოს, ბოლო მცდელობიდან დიდი დრო არ გასულა. მოაგვარეს კი ყველა პრობლემა?

"ბევრგან მიფრენია, მაგრამ ასეთი ცუდი ამინდი არასოდეს მინახავს. ასაფრენი ბილიკი თოვლ-ჭყაპით იყო სავსე", - მოგვიანებით გაიხსენა ლეგენდარულმა ბობი ჩარლტონმა, რომელიც დაღუპვას სასწაულებრივ გადაურჩა.

ეს ფოტო ბელგრადში გაფრენამდეა გადაღებული

ბასბის ინგლისში დროულად დაბრუნება და "ვულვთან" თამაშამდე, გუნდის 1 დღით დასვენება სურდა. იმის მიუხედავად, რომ გუნდი შეშინებული იყო, გაფრენის იდეა არავის გაუპროტესტებია. ჰარი გრეგმა - იმ ფეხბურთელმა, რომლის თვითმფრინავსაც ერთ დროს პროპელერი მოძვრა, წლების შემდეგ ასეთი ფრაზა თქვა: "ხანდახან, მამაცი ლაჩარი უნდა იყოს".

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, როჯერ ბერნმა, თვითმფრინავში შუქის გამორთვა სცადა და გაიხუმრა: "ან ახლა, ან არასოდეს". შორიახლოს მჯდომი ჯონი ბერი გაფითრებული იყო.

თვითმფრინავმა მესამე, საბედისწერო აჩქარება დაიწყო. როდესაც 217 კმ/სთ-ს მიაღწია, პილოტმა V1 გამოაცხადა - რაც იმას ნიშნავს, რომ ასაფრენ ბილიკზე დამუხრუჭება უკვე საშიშია. საჭირო იყო, რომ თვითმფრინავს 220 კმ/სთ განევითარებინა და პილოტს უკვე V2 გამოეცხადებინა - ეს ის მინიმალური სიჩქარეა, რომელიც მას აფრენის საშუალებას მისცემდა.

თუმცა, სწორედ ამ დროს, თვითმფრინავის ცხვირმა დაბლა დაწევა დაიწყო, რაც იმას გულისხმობს, რომ აჩქარების პროცესი აღარ მიმდინარეობდა - The Elizabethan-ზე მყოფი თითოეული ადამიანი სასიკვდილო მახეში გაება.

ორი ძრავიდან მეტი ძალის მისაღებად, სიჩქარის მოსამატებლად, პილოტი ყველაფერს აკეთებდა, თუმცა თავადაც ხედავდა, რომ ასაფრენი ბილიკი მთავრდებოდა - წინ იყო გზა, ფერმა, პერიმეტრზე შემოვლებული დამცავი ზღუდე, ხეები და ბევრი თოვლი. სწორედ ამ დროს:

"ღმერთო... ვერ ავფრინდებით", - დაიყვირა მან.

ამ დროისთვის, გრეგს პერანგის ზედა ღილი და ჰალსტუხი უკვე შეხსნილი ჰქონდა. შიშით შეპყრობილი, უკვე კატასტროფას ელოდებოდა. ვიღაცის ნერვიული სიცილი გაისმა. "რა გაცინებს?" - დაიყვირა ბერიმ. "ყველანი აქ დავიხოცებით".

ბობი ჩარლტონი ილუმინატორიდან იხედებოდა და ხვდებოდა, რომ დასასრული ახლოს იყო. 22 წლის ტეილორ ველანმა კი ის სიტყვები თქვა, რომელსაც ცოტა თუ იტყვის: "თუ ეს სიკვდილია, ამისთვის მზად ვარ".

პილოტმა საბურავები მაღლა ასწია, თვითმფრინავი უკვე მუცელზე სრიალებდა - თეორიულად, ეს იმას ნიშნავდა, რომ The Elizabethan უფრო მალე უნდა გაჩერებულიყო, თუმცა, ასაფრენი ბილიკიდან გადასულმა თვითმფრინავმა ჯერ დამცავი ზღუდე გაარღვია, შემდეგ გზა გადაკვეთა და ბოლოს, სახლს შეეჯახა.

დღევანდელი სტანდარტების გათვალისწინებით, ეს შემთხვევა, დიდი ალბათობით, ფატალური არ იქნებოდა - სულ მინიმუმ, დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მცირე უნდა ყოფილიყო.

ანა უინკლერი ქსოვდა, როდესაც მისი სახლისკენ სწრაფად მიმავალი თვითმფრინავი დაინახა. მარცხენა ფრთა სახლს გამოედო და მოტყდა, კუდის ნაწილიც დაზიანდა, თუმცა თვითმფრინავი სვლას კვლავ განაგრძობდა. მოტეხილი ფრთიდან ბენზინი ასხამდა, სახლს ცეცხლი წაეკიდა, ამიტომ, ანა უინკლერი, თავის ორ შვილთან ერთად, გარეთ გაიქცა, მესამემ კი, ფანჯრიდან გადახტომა მოასწრო.

მეტ ბასბი მიუნხენის საავადმყოფოში. ბასბი იხსენებს, რომ დრო გაჩერებული იყო. "ჩვენ კვლავ სწრაფად მივდიოდით და თითქოს, არაფერი იცვლებოდა".

თავდახრილი ბობი ჩარლტონი შეჯახების მოლოდინში იყო. "შოკისგან გამომდინარე, ხმა არ ისმოდა, თვითმფრინავში ყველა ჩუმად იყო".

შემდეგი შეჯახება ხესთან იყო - თვითმფრინავს კიდევ ერთი ნაწილი მოსძვრა და მგზავრების ნაწილი თოვლში გადაცვივდა. ბასბი და ჩარლტონი მათ შორის იყვნენ. 70 მეტრის შემდეგ, მეტალის ცვენისა და მსხვრევის კაკაფონია დასრულდა. The Elizabethan - თვითმფრინავი, რომლითაც, ერთ დროს, დედოფალი მგზავრობდა, ნამსხვრევებად, ჯართად იყო ქცეული.

1 წუთით ადრე, ბრიტანული ფეხბურთის მეფეებთან ერთად ვიჯექი. ახლა კი, ვხედავდი გარდაცვლილ, მომაკვდავ, დასისხლიანებულ, შოკირებულ ფეხბურთელებს. - ფრენკ ტეილორი
არავის უტირია. არავინ ლაპარაკობდა. მომაკვდინებელი სიჩუმე იდგა. - პიტერ ჰოვარდი, Daily Mail-ის ფოტოგრაფი

გრეგმა თვალები გაახილა."იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, ბერტ უელი, იყო პირველი ადამიანი, რომელიც დაინახა - ადამიანი, რომლის სახელსაც ამდენი და ასეთი დონის ტალანტის მოზიდვა, მათი საფეხბურთო ზრდა უკავშირდებოდა. თვალებგახელილი ბერტი არ მოძრაობდა და სიცოცხლის ნიშან-კვალი აღარ ეტყობოდა.

გრეგი შეეცადა, რომ ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან რაც შეიძლება შორს გახოხებულიყო. აფეთქებამდე, პილოტის ხმა ისმოდა: "გაიქეცით!"

გრეგი თავის ხელში აყვანასა და გამორკვევას შეეცადა. ყველაფერი იმის მანიშნებელი იყო, რომ რაც შეიძლება, შორს უნდა გაქცეულიყო, თუმცა გონებას გულმა სძლია - თვითმფრინავში ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები მას კი მათი გამოყვანა შეეძლო.

ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში თავისი ნებითა და სურვილით დაბრუნდა. გაიგონა პატარა ბავშვის ტირილი, იქვე იყო იუგოსლავიელი დიპლომატის ქალიშვილი, ვესნა ლუკიჩი და დედამისი, ვერა.

ჩემთვის, ჰარი გრეგი ყოველთვის სუპერმენად დარჩება. - ვერა ლუკიჩი
"ბასბის ბიჭები". ინგლისურ ენაში ნათქვამი ‘Busby Babes’ მიუთითებს, რომ ისინი პატარები არიან. სწორედ ასე უწოდებდნენ ბასბის ახალგაზრდულ, საოცარ გუნდს. ეს ფოტო მათი ბოლო მატჩის სტარტზეა გადაღებული.

თვალების გახელისთანავე, 26 წლის ცენტრალურმა მცველმა, ფოულკსმა, გაქცევა გადაწყვიტა. პილოტი თეინი ამ დროს, ცეცხლმაქრით, აალებულ თვითმფრინავს ებრძოდა. ფოულკსმა გაიაზრა, რომ მისი დაბრუნება საჭირო იყო და სამაშველო ოპერაციაში ჩართვა გადაწყვიტა. სწორედ მან იპოვა შოკისგან და სიცივისგან აკანკალებული ბასბი. თავისი ქურთუკი მიაფარა და გრეგთან ერთად, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, მწვრთნელს ხელებს უთბობდა.

ბობი ჩარლტონი იქვე იყო და უსაფრთხოების ღვედი კვლავ შეკრული ჰქონდა". - იხსენებს ფოულკსი. "თითქოსდა, წინ გადახრას ცდილობდა და ვიფიქრე, რომ რაღაც უჭირდა. უცებ, ღვედი შეიხსნა, ფეხზე წამოდგა და ჩვენთან მოვიდა. დენის ვაიოლეტმაც იგივე გააკეთა. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ ყველანი გადავრჩით".

თუმცა რეალობა სხვაგვარი იყო. ფოულკსმა დაინახა გუნდის კაპიტანი, ბერნი - თავის სავარძელს ისე შემოხვეული, თითქოს, წელში იყო გადამტყდარი. 28 წლის ბერნი გარდაცვლილთა შორის ყველაზე "ხანდაზმული" იყო: ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში უთამაშია. ფოულკსი მიხვდა, რომ ბერნის დახმარებას ვეღარავინ შეძლებდა.

სასწრაფოს მოსვლამდე, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 7 ფეხბურთელი - ბერნი, ბენტი, კოლმენი, ჯოუნსი, პეგი, ტეილორი და უელანი - ინგლისის მოქმედი ჩემპიონები. ასევე კლუბის 3 თანამშრომელი: ზემოთ აღნიშნული ბერტ უელი (ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი), აღმასრულებელი მდივანი ულტერი კრიქმერი და მწვრთნელი ტომ კარი. მათთან ერთად, ბასბის მეგობარი, ბელგრადში გაფრენის ორგანიზატორი და ბრიტანული მედიის 8 წარმომადგენელი დაიღუპა.

როგორც აღვნიშნეთ, ტეილორი იყო ერთადერთი გადარჩენილი ჟურნალისტებს შორის - უბრალოდ, მას გაუმართლა და თვითმფრინავის წინა მხარეს იჯდა, თუმცა 18 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ფეხზე დამდგარიყო.

ამ ამბავის თხრობა გაცილებით უფრო რთული წასაკითხი გახდება, თუკი სათითაოდ ჩამოვთვლი ყველა სხვა დაზიანებულის მდგომარეობას, რომლებმაც სიცოცხლე სასწაულებრივ შეინარჩუნეს. ამის ნაცვლად, გარდაცვლილი ფეხბურთელების შესახებ, მოკლედ მოგითხრობთ.


ჯეფ ბენტი, 25 წლის

ბენტი ძირითადი შემადგენლობის წევრი არ იყო - იგი შესანიშნავი როჯერ ბირნის შემცვლელად მოიაზრებოდა. მისი მეუღლის ნაამბობიდან ირკვევა, რომ ბელგრადში წასვლა არ უნდოდა.

ედი კოლმენი, 21 წლის

მიუნხენში დაღუპულთაგან, ყველაზე ახალგაზრდა იყო. კოლმენს, ტანის ცრუმოძრაობებით, მეტოქეების მოტყუება იოლად გამოსდიოდა. მანჩესტერელი იყო - მისი სახლი "ოლდ ტრაფორდიდან" რამდენიმე წუთის სავალით იყო დაშორებული. სელფორდის უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელს მისი სახელი აქვს მინიჭებული.

დანკან ედვარდსი, 21 წლის

ედვარდსი ქალაქ დადლიში დაიბადა, სადაც, დღეს, მისი ქანდაკება შეგხვდებათ. აღიარებულია, რომ ედვარდსი თავისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი გახლდათ. შეეძლო არაერთ პოზიციაზე თამაში, იყო ძლიერი, ტექნიკური და ინგლისის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე. ავიაკატასტროფაში მიღებული დაზიანებების შედეგად, 2 კვირაში გარდაიცვალა.

დანკან ედვარდსის ქანდაკება დადლიში

მარკ ჯონსი, 24 წლის

50-იან წლებში, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. მისი მეუღლე მეორე ბავშვზე ორსულად იყო, როდესაც ეს ამბავი მოხდა.

ტომი ტეილორი, 26 წლის

ნამდვილი გოლეადორი. "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით, 191 მატჩში, 131 გოლი ჰქონდა გატანილი. იყო ათლეტური, განსაკუთრებით სახიფათო - მეორე სართულზე ბრძოლაში. 1957 წელს, "ინტერი" მის სანაცვლოდ £65,000-ს იხდიდა, თუმცა ბასბიმ ტრანსფერი დაბლოკა. ტეილორი ახლადდანიშნული გახლდათ.

ლაიამ უელანი, 22 წლის

დუბლინში დაიბადა. 1953 წელს, "მანჩესტერის" რიგებს შეუერთდა და მეკარეების დატერორება დაიწყო - 98 მატჩში, 52 გოლი. მისი სიტყვებია: "თუ ეს სიკვდილია, ამისთვის მზად ვარ".

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა