ნიკოლა იოკიჩის სიხარულის ცრემლები დოღში გამარჯვების შემდეგ
ყველასთვის კარგად ნაცნობი ფაქტია, რომ ნიკოლა იოკიჩი გიჟდება ცხენებზე და გული მუდამ დოღისკენ მიუწევს. კალათბურთელს, რომელიც NBA-ის ჩემპიონია, ერთხელ ფინალების MVP, ხოლო 3-ჯერ რეგულარულის საუკეთესო მოთამაშე, ხშირად 'ადანაშაულებენ', რომ კალათბურთზე მეტად დოღი იტაცებს და როცა საქმე ცხენებს ეხება, უფრო ემოციურიცაა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ტირის ნიკოლა იოკიჩი სერბეთში მას შემდეგ, რაც მისმა ცხენმა ტრადიციული დოღი მოიგო.
🃏 Nikola Jokić u suzama nakon pobede na čuvenoj Dužijanci u Subotici! pic.twitter.com/2gOWM9YZj8
— Arena Sport TV (@arenasport_tv) July 27, 2025
იოკიჩის ცხენი 'დუჟიანცას' დოღის გამარჯვებული გახდა. დუჟიანცა სუბოტიცაში (ქალაქი სერბეთში) ივლისსა და აგვისტოში აღინიშნება. ღონისძიების ცენტრალური ნაწილი საზეიმო მსვლელობაა, რომლის მონაწილეებიც ტრადიციულ კოსტიუმებში არიან გამოწყობილი და მოსავალთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს აჩვენებენ (ფესტივალი მოსავლის აღების დასასრულს აღნიშნავს და რელიგიური თვალსაზრისით, ეს მოსავლისთვის ღვთისადმი მადლიერების გამოხატულებაა). სუბოტიცას მოსახლეობას უერთდებიან მეზობელი ქვეყნებიდან სხვა ეროვნების სტუმრებიც, რაც სიმბოლურად გამოხატავს ამ ქალაქის მრავალეთნიკურ ხასიათს.