Belive

“აურზაური” ეროვნულ ლიგაში – როდის და რით უპასუხებს სფფ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს?

4 წლის წინ ფეხბურთი
17 წთ
ეროვნული ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მხოლოდ სამი თამაშიღა დარჩა. 33- ე ტურში, ბათუმის „დინამომ“ საჩხერეში, „ჩიხურასთან“ წააგო, ამით კი „დინამო თბილისმა“ ისარგებლა, „ტორპედო“ 2-1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. სეზონის დასრულებამდე აშკარაა, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებში ვნებათაღელვა მომატებულია. ივანწმინდაში განცდილი მარცხის შემდეგ, ბათუმელთა ახალმა მფლობელმა, არჩილ ბერიძემ განაწყენებულმა განაცხადა, რომ ის დიდი ალბათობით, ქართული ფეხბურთიდან და კლუბიდან წავიდოდა, განცხადებას კი მატჩის მეორე დღეს გააკეთებდა. „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს“, – ასეთი იყო ბერიძის განცხადება, რომელიც მეორე დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გვერდის ადმინისტრატორთან შეუთანხმებელ პოზიციას „დაბრალდა“. ამავე პრესკონფერენციაზე „ლამინიჯგუფის“ პრეზიდენტმა სხვა ბრალდებებიც გააჟღერა, თუმცა, მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ. თბილისის „საბურთალომ“, „დინამო არენაზე“ „დინამოსთან“ ოქტომბერს მარცხი განიცადა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, მიზეზების ძებნა მსაჯებში გადაწყვიტა და საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც პირდაპირ და დაუფარავად დაწერეს, რომ ამ შეხვედრის მთავარი გმირი მსაჯი იყო და მსაჯები, მიზანმიმართულად მოქმედებდნენ „საბურთალოს“ წინააღმდეგ. მეორეს მხრივ, გასაგებია, ის გულდაწყვეტა, რაც ჭიაბრიშვილს და „საბურთალოს“ დარჩა, რადგან ისინი ამ მატჩს იგებდნენ, შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე კი,  საკუთარ კარში ორი ბურთი მიიღეს და დამარცხდნენ. ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის განცხადება მთლად კორექტული, რომ არ იყო, როგორც ჩანს, გუნდშიც მალევე მიხვდნენ. გამოქვეყნებიდან დაახლოებით ნახევარ საათში ვებ-გვერდიდან და ფეისბუქ გვერდიდან განცხადება ისე გაქრა, რომ ოფიციალური განმარტება არავის გაუკეთებია. ამ საკმაოდ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, კითხვით მივმართეთ „საბურთალოს“ პრეს სამსახურს. მიუხედავად იმისა, რომ მან გვირჩია, უფრო მნიშვნელოვანი თემებით დავინტერესებულიყავით, თემა არ შევცვალეთ და კითხვებიც შესაბამისად დავსვით. „აიპრესი“: დინამო თბილისთან მატჩის წაგება (2 ოქტომბრის) კლუბმა ოფიციალური განცხადებით მსაჯს დააბრალა. მოგვიანებით, განცხადება საიტიდან და ფეისბუქის გვერდიდან აიღეთ. ან რატომ დადეთ ეს განცხადება, და ან რატომ აიღეთ შემდეგ ისე, რომ განმარტებაც არ გააკეთეთ? „საბურთალო“: რაც დაწერა კლუბმა ჩვეულებრივ, ახლაც, მაგ პოზიციაზეა. უბრალოდ, იმიტომ აიღო, რომ ცხელ გულზე იყო გაკეთებული ეს განცხადება. ფეისბუქით და ვებ გვერდებით ასეთ საუბარს უმჯობესია უშუალოდ პირდაპირ ხელმძღვანელები თუ ვინც იქნებიან ისე გადაეწყვიტათ და მოეგვარებინათ ეს პრობლემა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ „ფეისბუქი“ არ იყო სწორი ნაბიჯი. შემდეგ ყველამ გადაიღო ეს ყველაფერი რაც დაწერილი იყო. ვისაც უნდოდა ისარგებლა. რა შუაშია აქ მსაჯთა კორპუსის დისკრედიტაცია? აიპრესი:ხომ არ ფიქრობთ, რომ ამით ფეხბურთის ფედერაციისა და მსაჯთა კორპუსის დისკრედიტაციას ეწევით? რომელ გუნდს გულისხმობდა გია ჭიაბრიშვილი, როდესაც დინამო „ბათუმის“ მფლობელის განცხადებას გამოეხმაურა და რამდენად კორექტულია, მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება?  „საბურთალო“: გია ჭიაბრიშვილმა ისაუბრა ის რაც იყო მისი პოზიცია და მისი აზრი, 10 გუნდია, იმ 10 გუნდიდან ვინც მიიღო თავის თავზე იმან უნდა გააკეთოს კომენტარი. სხვამ ვინ უნდა გააკეთოს? გიორგის და საბურთალოს თავის თავზე არ მიუღია და რა იყო არაკორექტული მანდ, რაც თქვა ის თქვა. საბურთალო მსგავს რაღაცეებში არ ღებულობს მონაწილეობას. საინტერესო დეტალი: იგივე კიკაჩეიშვილი ორიოდე ტურის წინ მსაჯობდა დინამო-ლოკომოტივის შეხვედრას, რომელიც დინამომ 94-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგო. რა საკვირველია, რომ ეს შედეგი და შემდეგ ბათუმის მარცხი ჩიხურასთან საბურთალოსთვის იყო ყველაზე ხელსაყრელი. იგივე მსაჯი იყო, როცა ჩიხურამ დინამოს 96- ე წუთზე პენალტი გაუტანა და ასევე მესამე ტურში ბათუმთან 0-1 წაგებულ შეხვედრაში. მიუხედავად იმისა, რომ„საბურთალომ“ პირდაპირ და ღიად დაადანაშაულა ქართველი მსაჯები მიკერძოებაში, ამაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, აგერ უკვე თვეზე მეტია, არც განცხადება გაუკეთებია და არც რომელიმე სადისციპლინო სხდომაზე განუხილავთ. „აიპრესის“ მიერ დასმულ ოთხ კითხვაზე ფეხბურთის ფედერაცია, ერთი, ზოგადი პასუხით შემოიფარგლა. „აიპრესის“ კითხვები: 1.თბილისის საბურთალომ ერთი თვის წინ დინამო თბილისთან მარცხის შემდეგ, წაგება მსაჯს დააბრალა და მატჩის მთავარ გმირად მონათლა. ამის შემდეგ, უკვე ბათუმის დინამოს ახალმა მფლობელმა გააკეთა იგივე და დააზუსტა, რომ ჩიხურასთან მომსახურე არბიტრი, გიორგი კიკაჩეიშვილი არამზადაა და მისი ფეხბურთიდან მოშორება იქნება არჩილ ბერიძის თვითმიზანი. აპირებს თუ არა ფეხბურთის ფედერაცია იმსჯელოს ამ კლუბების მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე ეთიკის და სადისციპლინო კომიტეტებზე, ანდაც აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე? 2.საბურთალოსა და ბათუმის დინამოს მესვეურთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ვნებს თუ არა ქართული ფეხბურთის, ფეხბურთის ფედერაციის იმიჯს და იყო თუ არა ეს განცხადებები მსაჯების დისკრედიტაციის ფაქტი? 3.ბატონმა არჩილ ბერიძემ საგანგებო პრესკონფერეციის დროს აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ კიკაჩეიშვილმა ვეღარ იმსაჯოს. ამ განცხადებას როგორ უპასუხებთ? მისივე განცხადებით, მათ არაერთხელ დაურეკეს კიკაჩეიშვილს ტელეფონზე, თუმცა მსაჯმა არ უპასუხა ტელეფონზე. 4.ბათუმის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა, ასლან ბალაძემ ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩიხურასთან მატჩის დროს, შესვენებაზე, ის მსაჯებთან ოთახში შევიდა, რაც აკრძალულია. ამაზე ექნება რეაგირება სადისციპლინო კომიტეტს? ფეხბურთის ფედერაცია: ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მიიჩნევა დისკრედიტაციად ან იმიჯის შელახვად, ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანო მიმართავს დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულ სადისციპლინო კომიტეტს, რომელიც განიხილავს საკითხს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაშიც ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა დეპარტამენტმა უკვე მიმართა სადისციპლინო კომიტეტს, განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე. რაც შეეხება მსაჯებს, სამსაჯო კომიტეტი დამოუკიდებლად განიხილავს თითოეულ მატჩს და შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას. ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ნებისმიერ ევროპულ, განვითარებულ ქვეყანში, საფეხბურთო კლუბებს, მეპატრონეებს, მწვრთნელებს, როდესაც საჯაროდ გაუკრიტიკებიათ მსაჯები და არაკორექტულად, მათ სერიოზული სანქციები დაკისრებიათ. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ღიად დააფიქსირა, რომ „დინამოსთან“ მარცხი მიკერძოებული მსაჯობის ბრალი იყო და ამაში „ვიღაც“ იყო დამნაშავე. ამას მოჰყვა ის, რომ ბათუმის „დინამოს“ ახალი მეპატრონე, რომელიც ორი წელია ქართულ ფეხბურთში ინვესტიციას ახორციელებს, დაიმუქრა, რომ ამ პირობებში, ის აღარ აპირებდა დაფინანსების გაგრძელებას და ქართულ ფეხბურთს დატოვებდა. მეორე დღეს, საგანგებო პრესკონფერენციაზე, ბერიძემ „ჩიხურასთან“ მატჩის მსაჯი, კიკაჩეიშვილი არამზადად მოიხსენია, თუმცა, ისიც დასძინა, რომ მას არ გადააყოლებდა შრომას. ბატონი ბერიძის პრესკონფერენციაში საკმაოდ საინტერესო იყო ის ნაწილი, სადაც კონკურენტი გუნდის მხრიდან მათი მეტოქეების ფინანსურ დაინტერესებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, კიკაჩეიშვილს „დილით ცუდ ხასიათზე არ გაუღვიძია და ბათუმის „დინამოს“ გამწარება არ გადაუწყვიტავს, თუმცა 10 გუნდიდან ეს რომელიღაცამ გააკეთა“ და ამით ირიბად მიანიშნა „დინამო თბილისზე“… არჩილ ბერიძის მხრიდან, „დინამო თბილისის“ “ბოსტანში პირველი კენჭის სვრა” არ იყო. ლევან მჭედლიძის ტრანსფერისას, მან განაცხადა, „რომ გვდომოდა ეს ფეხბურთელი, ჩვენთან იქნებოდა და არა „დინამო თბილისშიო“, მოგვიანებით, კი მოიბოდიშასავით და განმარტა, „დინამოს“ ხელმძღვანელობასთან ვმეგობრობ და ეს გაუგებრობა იყოო. ბათუმის დინამოს შემდეგი კითხვებით მივმართეთ: 1.გუნდის მფლობელმა, არჩილ ბერიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე მსაჯ კიკაჩეიშვილს არამზადა უწოდა და განაცხადა, რომ მისი თვითმიზანი, კიკაჩეიშვილის ფეხბურთიდან მოშორებაა. რას გულისხმობს უფრო ზუსტად ის, რა ფორმით აპირებს ამას? 2.შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, ვის გულისხმობს კონკრეტულად ბატონი არჩილ ბერიძე, როდესაც კონკურენტი გუნდების ფინანსურ წახალისებაზე საუბრობს? 3. არჩილ ბერიძემ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კონკურენტები მათ მოწინააღმდეგებს ფინანსურად ახალისებენ. იგივეს ამბობენ ბათუმის დინამოზეც და სახელდება ორი კლუბი ბოლნისის “სიონი” და ქუთაისის “ტორპედოსთვის ” გამოყოფილი პრემია. ბათუმის“ დინამოში“ აცხადებენ, რომ ჩვენს კითხვებზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგვცემენ, კონკრეტული ფაქტები არ აქვთ და მხოლოდ იმ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ციტატებით უნდა შემოვიფარგლოთ, რომელიც თამაშის შემდეგ ჩატარდა. ბათუმის დინამო: ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი არ გვაქვს, უბრალოდ ჩვენი გულისტკივილი გამოვხატეთ. იქაც დაისვა ეგ კითხვები პრესკონფერენციაზე, მაგრამ კონკრეტული პასუხები არ არსებობს. სტატისტიკისთვის: კიკაჩეიშვილმა მიმდინარე სეზონში ბათუმის „დინამოს“ სულ 5 თამაში იმსაჯა და საჩხერეში მარცხი რიგით მეორე იყო. უფრო დეტალურად კი საკამათო ეპიზოდების ქრონოლოგია ასეთია: ბათუმის „დინამო“ მე-4 ტურში გორს ეთამაშებოდა, როდესაც „დილას“ ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა ნინუამ და გეგუჩაძის გუნდმა ეს მატჩი 1-0 მოიგო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნინუას მსაჯობით, ბათუმს თამაში არ წაუგია. მე– 7 ტურში, ბოლნისში ვადაჭკორია ბათუმელთა კარში ნიშნავს პენალტს, ბურთი ნავალოვსკის ხვდება ხელზე და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მიმდინარე ჩემპიონატში, როდესაც ბათუმელთა კარში დაინიშნა პენალტი.  ვადაჭკორიამ ამ სეზონში ბათუმს სულ 5 მატჩი უმსაჯა და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ . მე– 9 ტურში უკვე „ლოკომოტივი“ რჩება კაცნაკლული ბათუმის „დინამოსთან“, ავაზაშვილმა, კომახიძე გააგდო და ბათუმელებმა 2-1 მოიგეს. საინტერესოა ისიც, რომ ავაზაშვილის მსაჯობითაც არ წაუგია ბათუმის „დინამოს“ არც ერთი შეხვედრა. მე– 10 ტურში „საბურთალოსთან“ მატჩზე დაინიშნა 11 მეტრიანი. მიუხედავად იმისა, რომ მეკარე და ფორვარდი ერთმანეთს დაეჯახნენ, კვირიკაშვილმა გადაწყვიტა, რომ თამაშის წესების დარღვევა იყო. ეს პენალტი ვერ გაიტანეს ბათუმელებმა. მე-11 ტური – ბათუმის „დინამოს“ სასარგებლოდ ინიშნება პენალტი „ტორპედოს“ კარში, რომელიც გაიტანეს კიდეც, თუმცა, საბოლოოდ, მატჩი მაინც წააგეს. მე-12 ტურში ამჯერად ხორავა ნიშნავს გეგუჩაძის გუნდის სასარგებლოდ 11 მეტრიანს, რომელიც გაიტანეს და „დინამო თბილისთან“ 3-2 მოიგეს. მე-16 ტურში, საკამათო 11 მეტრიანს ნიშნავს „სიონის“ კარში გიორგი ვადაჭკორია, რადგან საჯარიმოს ხაზზე დაირღვა თამაშის წესები. ეს დაპირისპირება ბათუმის „დინამომ“ 5-1 მოიგო. მე-20 ტური – ხარიტონაშვილი კვლავ ბათუმელთა სასარგებლოდ ნიშნავს „ტორპედოს“ კარში პენალტს, მატჩი 2-2 დასრულდა. 28-  ტურში, ხორავამ „საბურთალო“ დატოვა ბათუმის „დინამოსთან“ მოედანზე 10 კაცით და ეს მატჩი, ბათუმმა 1-0 მოიგო. ეს ეპიზოდი, რატომღაც არ გაუპროტესტებიათ საბურთალოელებს. ზუსტად ერთ ტურში, ისევ „ტორპედოს“ კარში ინიშნება 11 მეტრიანი ვადაჭკორიას მიერ და ესმატჩიც 2-1 მოიგეს. 30-ეტურში, ბათუმში, „დინამო თბილისის“ კარში ბირსანი ნიშნავს პენალტს, საჩემპიონო შეხვედრად შეფასებული დაპირისპირება ფრედ – 1-1 დასრულდა. ბათუმის „დინამო“ გამარჯვებას ვერც ფაქტობრივად გავარდნილ „ვიტ ჯორჯიასთან“ ახერხებს, სადაც, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, სანოძემ საკამათო 11 მეტრიანი დანიშნა. მცველს ბურთი გამოჰქონდა და შემთხვევით ხვდება კარის საპირისპიროდ მდგომ მცველს. ჯამში, ბათუმის „დინამოს“ სასარგებლოდ სულ რვა 11 მეტრიანი დაინიშნა, მათ კარში კი – მხოლოდ 1. რაც შეეხება „საბურთალოს“  ნინუამ, „ლოკომოტივთან“ დაპირისპირებაში მათ სასარგებლოდ ორი 11 მეტრიანი დანიშნა, რომლიდანაც 1 ზუსტად შეასრულეს. საინტერესოა ის სტატისტიკაც, რომ ნინუას მსაჯობით, „საბურთალოს“ მიმდინარე სეზონში არც ერთი მატჩი არ წაუგია. არც ერთი მატჩი არ წაუგია „საბურთალოს“ გიორგი ვადაჭკორიას მსაჯობის დროსაც. „ტორპედოსთან“ დაპირისპირებაში, მე-4 ტურში, ვადაჭკორიამ პენალტი მე-16 წუთზე დანიშნა. მე- ტური – დინამო 4-2 საბურთალო. კვირიკაშვილი „საბურთალოს“ სასარგებლოდ პენალტს დებს. 22 -ეტური – საბურთალო 1-1 ტორპედო, ყრუაშვილი 90-ე წუთზე ნიშნავს 11 მეტრიანს, რომელიც ვერ გამოიყენეს ჭიაბრიშვილის შეგირდებმა. 32- ტურში, უკვე პაპუნა მაჭარაძე ნიშნავს პენალტს „საბურთალოს“ სასარგებლოდ“, რომელსაც ისევ ვერ გამოიყენებენ თბილისელები. მიუხედავად ამისა, „საბურთალომ“ „ტორპედოს“ ეს დაპირისპირება 2-0 მოუგო. გავიხსენოთ „დინამო თბილისის“ საწინააღმდეგოდ, მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც, სადაც ტირილი და მოთქმა მსაჯობაზე არავის დაუწყია. ახალი სეზონის დაწყებიდან მეორე ტურშივე, „დინამოს“ სასარგებლოდ არ დაინიშნა 11 მეტრიანი, როდესაც ანტონიო როხანოს წინაღმდეგ უხეშად დაირღვა თამაშის წესები. მე-10 ტურში, „ჩიხურასთან“ თამაშის 96- ე წუთზე ძალიან სადავო პენალტი ინიშნება „დინამოელთა“ კარში. 23- ტურში, „ტორპედოსთან“ დაპირისპირებაში, კვასხვაძეს ბურთი კარის ხაზის შიგნიდან გამოაქვს, მაგრამ არბიტრი გოლს არ აფიქსირებს და თამაშს აგრძელებს. 24-ე ტურში, „დინამო თბილისს“ „რუსთავთან“ რეალურ გოლს არარსებული თამაშგარის გამო არ უთვლიან. 31-ე ტურში, მსაჯს „საბურთალოს“ მეკარე უნდა გაეძევებინა, თუმცა ასე არ მოქცეულა. ბოლო ტურში, „ტორპედოს“ თამაშგარედან გატანილი ბურთი ჩაუთვალა მსაჯმა. „საბურთალოსთან“ გადადებულ შეხვედრაში კი, რომლის წაგებაშიც ჭიაბრიშვილის გუნდმა სწორედ მსაჯი დაადანაშაულა, კობოურის გოლი, მსაჯმა მონხილზე არარსებული ჯარიმის დაფიქსირების გამო გააუქმა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საჯარო განცხადებით დააფიქსირა პოზიცია არჩილ ბერიძის გამონათქვამების მიმართ, მაგრამ მანამდე იყო „საბურთალოს“ განცხადება, რომლის მიმართაც რეაგირება არ მოუხდენია ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, რომელიც აქტიურად ლაპარაკობს იმაზე, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ეროვნული ჩემპიონატი, ახლა ყველაზე სუფთაა. მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ბერიძეც ცდილობდა ხელი კონკრეტული კლუბისკენ გაეშვირა და სფფ-ს მესვეურების მიმართ ერთგვარ კეთილგანწყობას აფიქსირებდა, ამ გუნდების მაკომპრომიტირებელი განცხადებები, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის, დისკრედიტირებასაც ახდენს, ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად უპასუხოდ დატოვა. კითხვით მივმართეთ თბილისის“ დინამოსაც“, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთი მხარისთვის არ გაუცია პასუხი. როგორც “აიპრესს”,  დინამო „თბილისის“ დირექტორმა ზაზა დოლიძემ განუცხადა: არაკორექტული და არაკოლეგიალური იქნება ჩვენი მხრიდან ამ არასერიოზულ განცხადებაზე პასუხის გაცემა. ფეხბურთის ფედერაციამ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ვნახოთ როგორ განვითრდება მოვლენები. რა უნდა თქვას „დინამო თბილისის“ მფლობელმა, რომელსაც ყველაზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული ქართულ ფეხბურთში და ამის ნათელ მაგალითად მხოლოდ „დინამოს“ დიღმის საწვრთნელი ბაზა ან საფეხბურთო აკადემია შეიძლება მოვიყვანოთ. მისი გუნდი 3 სეზონია საქართველოს ჩემპიონი არ გამხდარა, ქართულ ფეხბურთში კი ფულს 10 წელზე მეტია ხარჯავს. რა თქმა უნდა, დაფინანსება რომან ფიფიას დინამოში ყოფნის განმავლობაში, რამდენჯერმე შეიცვალა, გაიზარდა ან შემცირდა, მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ის ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში არ შეუწყვეტია დინამოს განვითარება.” – განაცხადა ზაზა დოლიძემ საინტერესო ფენიომენია ის, რომ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ქართულ ფეხბურთში ინვესტიციას ახორციელებენ, რატომღაც ფიქრობენ, რომ თამაშის წესები და წესრიგი სწორედ მათ უნდა დაადგინონ და ამას უნდა დაექვემდებაროს ყველა. როგორც ერთ-ერთი გულშემატკივარი სოციალურ ქსელში წერდა, ბერიძის განცხადებებმა ბევრს ილია კოკაია გაახსენა, რომელიც ყველა წარუმატებელ შედეგს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის პრეზიდენტს, მსაჯებს, მთელს ქვეყანას აბრალებდა და ყოველთვის ფეხბურთიდან წასვლით იმუქრებოდა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ვალდებულია, რომ გამოთქმულ ბრალდებებსა თუ უპასუხისმგებლო განცხადებებზე, მინიმუმ სადისციპლინო ან ეთიკის კომიტეტებზე იმსჯელოს. ქართული ფეხბურთის აღმასრულებელი კომიტეტი კი სათანადო რეაგირებას უნდა ახდენდეს ფეხბურთის ფედერაციის სამართლებრივი სივრცის სუბიექტის მიერ გამოთქმულ არაარგუმენტირებულ, დისკრედიტაციის შემცველ განცხადებებზე. წყარო: ipress.ge

სხვა სტატიები