Belive

"ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ" - უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

2024 წლის 18 წლამდელთა 6 ერის ფესტივალისთვის, უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 26-კაციანი რაზმი დაასახელა. 18 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ზურაბ ამონაშვილმა, 14 მორკინალი და ხაზის 12 მოთამაშე შეარჩია.

ფესტივალში, რომელიც იტალიის ქალაქ პარმაში გაიმართება, ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიის, საქართველოსა და პორტუგალიის 18 წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. U18 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს, 3 თამაშის გამართვა მოუწევს. ფესტივალი 30 მარტს საქართველოსა და შოტლანდიის მატჩით იხსნება. 3 აპრილს საფრანგეთს დავუპირისპირდებით, ხოლო 7 აპრილს ინგლისს შევერკინებით.

18 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მოსამზადებელ ეტაპსა და საფესტივალო მიზნებზე ისაუბრა. ზურაბ ამონაშვილის ვრცელი კომენტარი, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

დავასრულეთ თბილისური შეკრება, რომლის დროსაც ორი საკონტროლი თამაში გვქონდა და შევარჩიეთ 26 მოთამაშე, რომელთაგან ერთი (გიორგი ტურაშვილი ინგლისიდან) პირდაპირ ლიონში შემოგვიერთდება. მინდა მადლობა გადავუხადო ‘ლელოს’, რომელმაც ჩვენი თხოვნა გაიზიარა, მაქსიმალურად გაითვალისწინა ჩვენი საჭიროებები და მეორე თამაშში კიდევ უფრო ძლიერი შემადგენლობა დაგვიპირისპირა (დაიმატა ესპუარები და 20-წლამდე ნაკრების კანდიდატები). შესაბამისად, მეორე შეხვედრა უფრო მაღალი ხარისხის გამოვიდა, სადაც მეტად გამოჩნდა ჩვენი სისუსტეები და შეფასების კრიტერიუმების მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იყო.

მოსამზადებლად სულ 18 სავარჯიშო დღე გვქონდა და ვეცადეთ ის მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოგვეყენებინა. ამ პერიოდში ყველაფერი ვერ მოესწრებოდა და გასათვალისწინებელი იყო რიგი ფაქტორები. მიმაჩნია, რომ ეს პერიოდი შედეგიანად გამოვიყენეთ და ეს ‘ლელოსთან’ მეორე თამაშშიც გამოჩნდა. შეკრების მსვლელობისას ლავიწის ძვალი მოიტეხა და დაგვაკლდა ერთი მოთამაშე, სხვა მხრივ კი პროცესი კარგად წარიმართა

გვინდა, რომ დაბალანსებული რაგბი ვითამაშოთ. ვფიქრობ, კონტაქტის არეში კონკურენტუნარიანები ვიქნებით, თუ ამ კომპონენტში დომინირება მოვახერხეთ, ხაზი უპირატესობას გამოიყენებს. მთლიანობაში, ეს ფესტივალი განვითარებას ემსახურება. ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ვიმუშაოთ მოცემულობაზე, რომელიც ამ ბიჭებს მერე 20-წლამდელთა ნაკრებში ექნებათ. ეს სპეციფიკური ასაკია, მოთამაშეთა უმეტესობა პირველად გადის ქვეყნის გარეთ, გაეცნობიან სხვა ქვეყნების კულტურას და განსხვავებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან, აქ მიღებული გამოცდილება კი, სამომავლოდ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოადგებათ.

ვიცით, რომ ფესტივალისთვის მოწინააღმდეგეებიც დიდი მონდომებით ემზადებიან და ზოგიერთმა მათგანმა უკვე ორ-ორი საერთაშორისო, გასახურებელი თამაში გამართა. ვეცდებით ვიყოთ კონკურენტუნარიანები, ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ვნახოთ ეს მაქსიმუმი სანამდე მიგვიყვანს, თუმცა ვიმეორებ – აქ შედეგზე მნიშვნელოვანი განვითარებაა, რაზეც სპეციალურად ამ ფესტივალზე მორგებული ფორმატიც მეტყველებს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „შევარდენის“ ბაზის სრულ პერსონალს. იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგად მოვმზადებულიყავით, თითოეული მათგანისგან მაქსიმალური ხელშეწყობა გვქონდა, ყველა მომართული იყო იმისათვის, რომ კომფორტი გვქონოდა. ასევე ფასდაუდებელი სამუშაო გაწიეს მწვრთნელებმა – პაატა მაისურაძემ და მიხეილ სუჯაშვილმა, ასევე ფიზ. მომზადების, სამედიცინო თუ ტექნიკური ჯგუფის ყველა წევრმა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. - ზურაბ ამონაშვილი

სხვა სტატიები