Belive

"უელსი შეეცდება, რომ საქართველოს მორიგი მსხვერპლი არ გახდეს" - South Wales Argus

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

U20 რაგბის მსოფლიო თასის მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში, უელსი ყველანაირად შეეცდება, რომ საქართველოს მორიგი მსხვერპლი არ გახდეს. South Wales Argus-ი უმცროსი ბორჯღალოსნებისა და მათი უელსელი თანატოლების მომავალ დაპირისპირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მატჩში ფავორიტის სტატუსით ლადო კილასონიას შეგირდები სარგებლობენ.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალედ იასპარეზეს. სამხრეთ აფრიკასთან დასანანი მარცხის შემდეგ, საქართველომ არგენტინისა და იტალიის დამარცხება შეძლო, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

U20 მსოფლიო თასის ნებისმიერი სცენარით გაგრძელების მიუხედავად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ქართული რაგბის ისტორია უკვე დაწერეს. დღემდე, საქართველოს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 2 თამაში არასდროს მოეგო. ასევე, საქართველოს საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილი გახლდათ, თუმცა, ახლა ყველაზე ცუდ შემთხვევაში მსოფლიო თასს მე-8 ადგილზე დაასრულებს, რაც ასევე საუკეთესო შედეგია.

ქართველ გულშემატკივარს გაცილებით უკეთესის მოლოდინი აქვს და ამას სარაგბო მიმომხილველებიც იზიარებენ, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველო ფავორიტია და უელსის დამარცხებას შეძლებს.



"U20 რაგბის მსოფლიო თასის მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში, უელსი ყველანაირად შეეცდება, რომ საქართველოს მორიგი მსხვერპლი არ გახდეს.

ახლა უელსი საქართველოს უნდა დაუპირისპირდეს, რომელიც მატჩს ფავორიტის სტატუსით ხვდება. საქართველომ სამხრეთ აფრიკასთან მარცხის შემდეგ, არგენტინისა და იტალიის დამარცხება შეძლო. წყვილში გამარჯვებული მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში ახალ ზელანდიას ან ავსტრალიას დაუპირისპირდება. დამარცხებული კი მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებს.

2022 წლის 6 ერის ზაფხულის სერიებზე, რომელიც იტალიაში გაიმართა, უელსმა საქართველოს დამარცხება შეძლო (30:24). აღნიშნულ დაპირისპირებაში ლიდერი ოთხჯერ შეიცვალა და ორივე გუნდმა 3-3 ლელოს დადება შეძლო. უელსმა საქართველოს დამარცხება 2016 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზეც შეძლო (10:9)", - South Wales Argus.

საქართველოსა და უელსის დაპირისპირება 9 ივლისს, საქართველოს დროით 18:30 საათზე, ქეიფთაუნში გაიმართება.

სხვა სტატიები