Belive

U20 | საქართველომ ჩილე მარტივად დაამარცხა

4 საათის წინ რაგბი
1 წთ

სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მასპინძელი აფრიკის გარდა, საქართველოს, ფიჯისა და ჩილეს ასაკობრივი ნაკრებები თამაშობენ.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს და ფიჯის შემდეგ, ამჯერად ჩილეს სძლიეს. უხვქულიანი დაპირისპირება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 59:26 მოიგო.

სოლიდური ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთმანეთისგან ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ჩაატარა - სტრუქტურულად გამართული თამაშით, პირველი ნახევრის დომინაციისა და 45:0 მოგების შემდეგ, მეორე ტაიმში მატჩის სადავეები მეტოქემ აიღო და თამაშის ისეთ ასპექტებში გვაჯობა, როგორიცაა: დერეფანი, შერკინება და დისციპლინა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დაპირისპირების მიწურულს კვლავ მოიკრიბეს ძალა და მეტოქეს 2 ლელო გაუტანეს.

აფრიკული ტურნეს მესამე და ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს უმცროსი ბორჯღალოსნები 31 მაისს, 15:30 საათზე, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება, რომელსაც საქართველო ივნისში უმასპინძლებს.

ფოტო: Georgian Rugby