Belive

ცირეკიძე, ხორბალაძე, საღინაძე - ტალანტები, რომლებიც 2027-ში გაგვაოცებენ

5 თვის წინ რაგბი
4 წთ

ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა Planet Rugby იმ ახალგაზრდა მორაგბეების შესახებ წერს, რომელთაც უნდა დავაკვირდეთ. გამოცემის რედაქცია მიიჩნევს, რომ ეს ტალანტები 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასზე გაიბრწყენენ და ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რჩეულთა შორის ლუკა ცირეკიძე, ლუკა ხორბალაძე და ლუკა საღინაძე მოხვდნენ.

დავით ნინიაშვილი, ლუკა ივანიშვილი, ალინ კონაჩი, როდრიგო მარტა, ადრიან მოტოჩი - იცით რა საერთო აქვთ ამ მორაგბეებს? მათ მსოფლიო რაგბის სცენაზე თავის დამკვიდრება ჯერ კიდევ მანამდე შეძლეს, სანამ ეროვნული ნაკრებების კვართს მოირგებდნენ და საერთაშორისო ტესტ-მატჩებში გამოიჩენდნენ თავს.

წარდმოუდგენლად მაგარი მსოფლიო თასის შემდეგ, გადავხედოთ იმ მორაგბეებს, რომლებიც უდიდესი ალბათობით 2027 წელს, ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე გაიბრწყენენ.

ლუკა ცირეკიძე

ეროვნება: ქართველი

პოზიცია: ფულბექი

ასაკი: 19

კლუბი: შავი ლომი

კეპი: U20 ბორჯღალოსნები

ლუკა ცირეკიძის სახელსა და გვარს ხშირად მოისმენთ, რადგან ახალგაზრდა ქართველმა U18, U20 და რაგბი ევროპის სუპერთასზე უკვე შეძლო თავის გამოჩენა. მისი ძირითადი უპირატესობა ფეხით ბრწყინვალე თამაში და ჰაერში საიმედოობა, ასევე მწვავე შეტევითი უნარებია. ის მხოლოდ 19 წლისაა და "შავი ლომის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია, რაც მის უნარებს უსვამს ხაზს.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, სადაც ერთ ფრთაზე დავით ნინიაშვილია, მეორეზე აკა ტაბუცაძე ან ლუკა ხორბალაძე - ფულბექად კი ლუკა ცირეკიძე თამაშობს. მეტოქისთვის ეს შესაძლოა მომაკვდინებელი ტრიო გახდეს.

ლუკა ხორბალაძე

ეროვნება: ქართველი

პოზიცია: ფულბექი - ფრთა

ასაკი: 19

კლუბი: ლიონი

კეპი: U20 ბორჯღალოსნები

შესაძლოა საფრანგეთში დავით ნინიაშვილზე გვიან ჩავიდა, მაგრამ ქართველ ტალანტს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თანამემამულის მსგავსად სუპერვარსკვლავი გახდეს. დროთა განმავლობაში ხორბალაძე ამას ყველას დაუმტკიცებს. ხორბალაძეს ხელისა და ფეხის არარეალური და წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს, რომელსაც დამცველთა უმრავლესობა ვერაფერს უპირისპირებს.

ამ უნარებს სისწრაფე და აჩქარება დავუმატოთ და ხორბალაძე ხდება ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და ლეტალური მოთამაშე. მან უკვე შეძლო უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად იტალიისა და არგენტინის დამარცხება და ეროვნულ ნაკრებში დებიუტისთვის ემზადება.

ლუკა საღინაძე

ეროვნება: ქართველი

პოზიცია: მესამე ხაზი

ასაკი: 18

კლუბი: ლიონი

კეპი: U18 ბორჯღალოსნები

როგორც ჩანს საღინაძეების ოჯახი ფორვარდების სამჭედლოა და ახლა ახალგაზრდა ლუკა იგივე გზას გადის, რომელიც თავისმა უფროსმა ძმამ - ბექამ გაიარა. ხელის ბრწყინვალე ტექნიკამ და რაქებიდან ბურთის ამოღლეტვის უნარმა, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთ გამორჩეულ ფორვარდად წარმოაჩინა.

ლუკა საღინაძეს შესაძლოა ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ის ფაქტი, რომ მის ტრანსფერზე "ლიონმა" აქტიურად იმუშავა, მიუთითებს, რომ საქართველოს დიდებული ფორვარდი ეზრდება.

ახალგაზრდა ქართველი ტალანტების შესახებ, მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს რუბრიკაში: "ახალი თაობა" მიიღოთ, სადაც ცირეკიძისა და ხორბალაძის შესახებ უკვე ვისაუბრეთ - ლუკა საღინაძის ინტერვიუს კი უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.