Belive

სუპერ თასი | წლის ბოლო საერთაშორისო მატჩში ტიტულს თბილისში დავიცავთ

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

რაგბი ევროპის სუპერ თასის მფლობელი ‘შავი ლომი’ ტიტულს 17 დეკემბერს თბილისში, „ავჭალაზე“ ისრაელის ‘თელავივ ჰითთან’ დაიცავს. ფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.

პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა სუპერ თასის პირველი გათამაშება მოიგო. მაშინ ‘შავმა ლომმა’ გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ ლისაბონში 17:14 დაამარცხა.

‘შავმა ლომმა’ აღმოსავლეთ კონფერენცია წელსაც პირველ ადგილზე დაასრულა, ნახევარფინალში კი ესპანური ‘იბერიანსი’ უშანსოდ, 41:9 დაამარცხა. ‘ჰითი’ აღმოსავლეთში მეორე იყო, ნახევარფინალში ‘ლუზიტანუშს’ ლისაბონში ეწვია და 30:22 იმარჯვა, რითაც ფინალის საგზურთან ერთად, საქართველოში ვიზიტიც „გამოიწერა“.

ისრაელის გუნდი ერთადერთია, რომელსაც წელს ‘შავმა ლომმა’ ვერ მოუგო. პირველი შეხვედრა ქუთაისში ფრედ 25:25 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ – 24:18. ახლა ჩვენს გუნდს რევანშის შანსი ეძლევა, თანაც უფრო წონად მატჩში, რომლის შედეგმა თასის მფლობელი უნდა გამოავლინოს.


222-5

„მოუთმენლად ველოდებოდით ლისაბონში მიმდინარე მატჩის დასრულებას, რადგან სწორედ მისი შედეგი წყვეტდა სად გაიმართებოდა რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე გათამაშების ფინალი. ჩვენთვის დიდი პატივია გადამწყვეტი შეხვედრის თბილისში მასპინძლობა. ეს არის შესაძლებლობა გულშემატკივრისთვის, პირადად დაესწროს წლის ბოლო საერთაშორისო შეხვედრას და უქომაგოს გუნდს, რომლის ბირთვს ის ბიჭები შეადგენენ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ უელსში ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და უდიდესი სიხარული მიანიჭეს ჩვენს ხალხს.

ფინალში კარგი თამაში გველოდება, რადგან ‘ჰითი’ ის ერთადერთი გუნდია, რომლის დამარცხება ‘შავმა ლომმა’ სუპერ თასის წლევანდელ გათამაშებაში ვერ მოახერხა და ამ დიდ ბრძოლაში ბიჭებს აუცილებლად დაჭირდებათ ქომაგის მხარდაჭერა“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები