Belive

შოთა თევზაძე - ერთი საფეხურით მაღლა

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
ქართველ რეფერის შოთა თევზაძეს კარიერაში საინტერესო პერიოდი უდგას – 12 დეკემბერს მას კასტრში ჩემპიონთა თასზე დებიუტი ჰქონდა, 15-ში კი "ავჭალაში", რაგბი ევროპის სუპერ თასის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას განსჯის. წელს ჩემპიონთა თასზე ქართველი მსაჯების დებიუტი შედგა. ფრანგული "კასტრისა" და ინგლისური "ჰარლიქუინსის" დაპირისპირებაში რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო, შოთა თევზაძე კი კიდიდან ეხმარებოდა. საგულისხმოა, რომ საბა აბულაშვილი მეორე გვერდითი მსაჯი, ხოლო ირაკლი ჭანუყვაძე ვიდეო-რეფერი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ საფრანგეთში კოვიდ-რეგულაციების გამო ვერ გაფრინდნენ. "სიტყვებით ძალიან რთული ასაღწერია ის რეალობა, რაც იქ ვნახეთ. ნიკასგან სულ გვესმოდა, რომ ასეთ დონეზე სხვა დეტალებზე გიწევს ყურადღების გამახვილება, ახლა კი ამაში თავადაც დავრწმუნდი. მოედანზე პლანეტის საუკეთესო მორაგბეები იყვნენ და მათთან ურთიერთობა დიდ პატივთან ერთად, დიდი გამოცდილებაცაა. მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი მსაჯი ვიყავი, ამ ერთი თამაშით უზარმაზარი გამოცდილება მივიღე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს განვითარების საფეხურზე კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიე" – ამბობს განვლილ თამაშზე შოთა თევზაძე. ის უკვე თბილისშია და დღევანდელი შეხვედრისთვის ემზადება. რაგბი ევროპამ მას "თელავივ ჰითსა" და "ენისეის" შორის "ავჭალაზე" გასამართი მატჩის განსჯა ანდო. შოთას კიდეებიდან საბა აბულაშვილი და გელა ლემონჯავა დაეხმარებიან. როგორც წესი, ქართველი მსაჯები კიდითებს თავად ირჩევდნენ ხოლმე, თუმცა ახლა ეს დანიშვნა რაგბი ევროპიდან მოვიდა. თევზაძე რთული თამაშის მოლოდინშია: "პრინციპული დაპირისპირება იქნება. პირველ წრეში "თელავივ ჰითმა" თამაში გაწითლებულ დროზე მოიგო და ახლა ‘ენისეი’ რევანშის აღებას ეცდება. მით უმეტეს, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვებული ფლეი ოფს უახლოვდება. ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას და 100% მზად ვარ. კარგია, რომ თამაში თბილისში ტარდება. ჩემთვის, მშობლიურ სტადიონზე თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობ". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები