Belive

შოთა თევზაძე ექვსი ერის 20-წლამდელთა სერიებს იმსაჯებს

1 წლის წინ რაგბი
3 წთ
24 ივნისიდან 12 ივლისამდე გასამართ ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე ქართველი რეფერი, შოთა თევზაძე იმსაჯებს. ის ტიერ2-ის ქვეყნებიდან ერთადერთი მსაჯია, რომელიც ამ ტურნირზე იქნება წარმოდგენილი. 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე, რომელსაც ვერონა და ტრევიზო უმასპინძლებს, ექვსი ერის ქვეყნების (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) გარდა სამხრეთ აფრიკა და საქართველო არიან წარმოდგენილი. 28 წლის მსაჯისთვის ეს მორიგი ნაბიჯია იმ გრძელ და მომქანცველ გზაზე, რამაც ელიტარულ მსაჯობამდე უნდა მიიყვანოს: "კორონა-ვირუსის გამო 20-წლამდელთა ჩემპიონატი მესამე წელია ვერ ტარდება და ალტერნატივის სახით რეგიონული 20-წლამდელთა ტურნირი გაიმართება. მას ექვსი ერი ატარებს მსოფლიო რაგბის მხარდაჭერით და სხვა ხუთ რეფერისთან ერთად, მსოფლიო რაგბმა მეც მიმიწვია. 20-წლამდელთა ექვს ერზე წელს ორი თამაში ვიმსაჯე, ჩემი მუშაობით ყველა კმაყოფილი დარჩა და ამ ტურნირზე მიწვევა ამის გამოძახილია. 20-წლამდელთა მაღალი დონის ტურნირები განვითარების ბოლო ნაბიჯია, რომელმაც დიდი რაგბისკენ უნდა გამიხსნას გზა და თავს არ ვზოგავ, რათა ჩვენი ქვეყანა ვასახელო" – ამბობს თევზაძე. სწორედ ეს გზა გაიარა ნიკა ამაშუკელმა, რომელიც ამ ზაფხულს სამხრეთ აფრიკისა და უელსის ტესტ-მატჩს იმსაჯებს და უნდა ვივარაუდოთ, რომ სულ მალე მის გვერდით ელიტურ სამსაჯო კორპუსში შოთა თევზაძეც გამოჩნდება. თუ ის იტალიაში დაკისრებულ ამოცანას თავს კარგად გაართმევს, მომავალი სეზონიდან ევროპის საკლუბო ტურნირებზე მიიღებს დანიშვნებს, რის შემდეგაც ტესტ-რაგბის ჯერი დადგება: "მსაჯობა რთული პროფესიაა, უამრავი წნეხის გადალახვა გიწევს და მსოფლიო რაგბს უნდა დავანახო, რომ მე ეს შემიძლია! ისინი ცდილობენ, რომ მსაჯი ყოველმხრივ გამოცადონ და ნაბიჯ-ნაბიჯ დაუახლოვონ უმაღლესი დონის რაგბს, რათა არც თავად აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში და არც მსაჯი ჩააგდონ ასეთ მდგომარეობაში. ქართული სამსაჯო კორპუსის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დევიდ მაკქიუს, რომელიც ჩვენი შრომისა და თავდადების ფონზე გვერდში გვიდგას როგორც ცოდნით, ასევე კონტაქტებით და მუდმივად ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები