Belive

შავი ლომი 41:9 იბერიანსი | დიდი უპირატესობით სუპერ თასის ფინალში!

1 წლის წინ რაგბი
6 წთ

‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში ესპანური ‘იბერიანსი’ დიდი უპირატესობით, 41:9 დაამარცხა და ტიტულს ფინალში, პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშთან’, ან ისრაელის ‘თელავივ ჰითთან’ დაიცავს.

სუპერ თასის პირველი გათამაშების ნახევარფინალშიც ქართული ფრენჩაიზი ესპანურ გუნდს დაუხვდა და მაშინ, უხვქულიან შეხვედრაში 43:40 დაამარცხა. ‘შავმა ლომმა’ ამჯერად 6 ლელო გაიტანა და 41 ქულა მოაგროვა, საკუთარი ლელო კი ხელუხლებლად დაიცვა და მეტოქე მხოლოდ ორ ჯარიმას და ერთ არეკნს დააჯერა.

მასპინძელთაგან ლელოები მორკინალებმა – ნოდარ ჭეიშვილმა, შალვა მამუკაშვილმა და გიორგი ჩხარტიშვილმა გაიტანეს, ფრთა აკა ტაბუცაძემ კი სამი ლელო მიითვალა. ლუკა მატკავამ 4 გარდასახვითა და 1 ჯარიმით 11 ქულა მოაგროვა.


222-2

წვიმამ და სიცივემ სანახაობას მაყურებელი მოაკლო. „ავჭალაზე“ მისულ მცირერიცხოვან ქომაგს მორაგბეებმა კარგი თამაში შესთავაზეს და ‘იბერიანსი’ ლამაზ სტილში დაამარცხეს. ქართველი მორაგბეები პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძოდნენ და მათი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დამდგარა. ესპანელებმა ბოლომდე იბრძოლეს და 55-ე წუთამდე თამაშში დარჩნენ, თუმცა მერე მასპინძელთა დომინაცია საგრძნობი გახდა და ის ანგარიშში შესაბამისად აისახა.

მორაგბეებმა და „ავჭალაზე“ შეკრებილმა ქომაგმა უკრაინაში გმირულად დაღუპული მორაგბის, ჯაბა ხოფერიას ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი და თამაშიც გაჩაღდა.



‘შავმა ლომმა’ აგრესიულად დაიწყო შეხვედრა და პირველივე წუთებიდან მოიპოვა სათამაშო უპირატესობა. ქართველი მორაგბეები მეტოქეს ფიზიკურ თამაშში ჯაბნიდნენ და თითქმის ყველაზე ჯერზე ახერხებდნენ უპირატესობის ხაზის გადაკვეთას. კარგად ირჯებოდა ხაზი, რომელიც საკუთარი 22-იდანაც კი იწყებდა ხელდახელ შეტევებს. განსაკუთრებით ოთარ ლაშხი აქტიურობდა, რომელმაც რამდენჯერმე შეძლო ხაზის გაჭრა. შეუვალი იყო დაცვა და დომინანტი ბოჭვებით მეტოქეს ხშირად ახევინებდა უკან.

მასპინძლებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ სიჩქარეში ტექნიკური წუნი იყო და სტუმრებმაც როგორც კი შანსი მიიღეს, 40 მეტრიდან შესრულებული ჯარიმით ანგარიში გახსნეს. მატკავამ საპასუხო დარტყმა 3 წუთში შეასრულა, რასაც ‘შავი ლომის’ კარგი შეტევა მოყვა, ლაშხმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ და ნიკა აბულაძემ, სამჯერ გაჭრეს ხაზი, მაგრამ 22-ში დავჯარიმდით. ესპანელთა ფეხით თამაშს მე-15 წუთზე შეცდომა მოყვა და ლელოსგან თენგიზ პერანიძეს ბოჭვამ გვიხსნა. ‘იბერიანსმა’ ძალისმიერ სტილში სცადა მიზნის მიღწევა, მაგრამ მედგარ დაცვას წააწყდა და ტომას კარიომ ახლოდან არეკნი გაიტანა.



ნელ-ნელა მასპინძლებმა თამაში დაალაგეს. ლაშხი საჰაერო ბრძოლებს იგებდა და სახიფათო კონტრშეტევებს იწყებდა, მერე კი საქმეში ფორვარდები ერთვებოდნენ და ‘იბერიანსს’ მათი შეჩერება უჭირდა. ამიტომ, 27-ე წუთზე მატკავამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა აღარ დაარტყა და მართალია პირველ მიძალებას სტუმრები გაუმკლავდნენ, მაგრამ მეორე ჯერზე ეს ვეღარ მოახერხეს და რაქიდან ლელოში ბურთი ნოდარ ჭეიშვილმა გადადო, მატკავამ კი გარდასახა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘შავი ლომი’ 10:6 დაწინაურდა.

‘იბერიანსმა’ მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, რასაც ‘შავმა ლომმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლით უპასუხა და მეორე ჯერზე შალვა მამუკაშვილმა ლელო გაიტანა. 57-ე წუთზე ლაშხმა თავისი 22-იდან კიდევ ერთხელ წამოიწყო შეტევა, რამდენიმე მცველს გასცდა, ფეხით გადაკიდებულ ბურთს მეტოქის ნახევარზე სანდრო მამამთავრიშვილი დაეუფლა და ოფლოუდით ლელოში აკა ტაბუცაძე დაგეზა. მატკავამ გარდასახა.



სამწუხაროდ, მომდევნო ეპიზოდში მოედანზე 1 წუთით ადრე შემოსული სოსო მათიაშვილი დაშავდა, მერე კი გიორგი ჩხარტიშვილი დაჯარიმდა და მსაჯმა 10 წუთით სინბინში გაუშვა. მაგრამ კაცნაკლულმა ‘შავმა ლომმა’ შეტევა მოიგერია, მერე ტაბუცაძემ 22-იდან წამოიწყო კონტრშეტევა, დემე თაფლაძემ ხაზი გაჭრა, ტაბუცაძის ასისტენტობა კი მიხეილ გაჩეჩილაძემ ითავა და აკამ მარჯვენა ალამთან მეორე ლელო გაიტანა – 29:9.

‘იბერიანსი’ გატყდა და ‘შავმა ლომმა’ მატჩის მიწურულს კიდევ ორი ლელო გაიტანა. 74-ე წუთზე ლაშა ლომიძისა და დემე თაფლაძის შეტევის შემდეგ საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და ჩხარტიშვილის ძალისმიერი ლელო მატკავამ გარდასახა. უკანასკნელ წუთზე კვლავ ტაბუცაძის ჯერი დადგა, მან მთელ დაცვას შემოურბინა და ამჯერად ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა. ‘შავმა ლომმა’ ‘იბერიანსი’ 41:9 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.





რაგბი ევროპის სუპერ თასი. ნახევარფინალი
4 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა
შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი) 41:9
შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. აკა ტაბუცაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. პაატა გალდავა, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სოსო მათიაშვილი.

6 ლელო: ჭეიშვილი, მამუკაშვილი, ტაბუცაძე (3), ჩხარტიშვილი

4 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები