საქართველოსთან მატჩის წინ იაპონიას ლიდერი გამოაკლდა
უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებთან დაპირისპირების წინ, იაპონიას ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, მაიკლ ლიჩი გამოაკლდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიჩს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები, რის გამოც მომდევნო 2 ტესტ-მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ედი ჯონსი და იაპონიის სამწვრთნელო შტაბი, ლიჩის სანაცვლოდ ახალ მოთამაშეს არ დაიმატებს და მომდევნო მატჩებში იმ მორაგბეებს გამოიყენებს, რომლებიც უკვე არიან განაცხადში.
უელსისა და იაპონიის დაპირისპირება 15 ნოემბერს გაიმართება, რის შემდეგაც საკურები საქართველოში გამოემგზავრებიან და 22 ნოემბერს, 16:00 საათზე ბორჯღალოსნებს შეერკინებიან.
🇯🇵Japon: Michael Leitch forfait pour la fin de la tournée en Europe des Brave Blossoms https://t.co/oMMEkOlvIf C'est l'hécatombe en 3ème ligne pour les japonais avant d'affronter le Pays de Galles et la Géorgie. pic.twitter.com/mRoYN8kuRc
— Asie Rugby (@AsieRugby) November 12, 2025
2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა 3 დეკემბერს გაიმართება - ნაკრებები 1-დან 24-ის ჩათვლით სხვადასხვა კალათებში განაწილდებიან. კალათებზე გავლენას მსოფლიო რაგბის მიმდინარე რეიტინგი მოახდენს და მონაწილეები 3 დეკემბერს დაკავებული პოზიციის მიხედვით განითესებიან.
ამ მოცემულობით სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ინგლისი და არგენტინა მსოფლიო რაგბის რეიტინგის ტოპ 6-ში არიან და წილისყრაზე პირველ კალათში მოხვდებიან. შემდეგი ექვსეული ავსტრალია, შოტლანდია, ფიჯი, იტალია, საქართველო და უელსი მეორე კალათში მოხვდებიან. თითოეულ ჯგუფში იქნება მხოლოდ 1-1 გუნდი პირველი და მეორე კალათიდან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბორჯღალოსნება ნოემბრის ტესტებზე დადებითი შედეგი დააფიქსირონ და რეიტინგის საუკეთესო თორმეტეულში დარჩნენ.
ბორჯღალოსნების ტესტ-მატჩები
8 ნოემბერი | საქართველო 43:30 აშშ
15 ნოემბერი | საქართველო Vs. კანადა
22 ნოემბერი | საქართველო Vs. იაპონია