Belive

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია

10 თვის წინ რაგბი
4 წთ

37 ბორჯღალოსანი ხვალიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე, შეკრებაზე შევა და 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის მზადებას შეუდგება. კიდევ ორი მორაგბე – თორნიკე კახოიძე და ლუკა ხორბალაძე გუნდს მოგვიანებით, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, წვრთნას კონკრეტულად ის მორაგბეები გაივლიან, რომლებიდანაც საფრანგეთში წამსვლელი 33 შეირჩევა. შეკრებაზე გამოძახებული 39 მოთამაშის გარდა, არის სარეზერვო ჯგუფიც.

„2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე, წელს მიდგომა შევცვალეთ. რადგან მოსამზადებლად არც ისე ბევრი დრო გვაქვს, მივედით დასკვნამდე, რომ ჯობდა მზადება მაქსიმალურად ოპტიმალური, მოქნილი ჯგუფთ დაგვეწყო და არა 45, ან 50-კაციანი გაფართოებული რაზმით. ეს არ არის სასელექციო შეკრება. ვემზადებით უშუალოდ მსოფლიო თასისთვის და არჩევანიც აქედან გამომდინარე გავაკეთეთ“ – ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში სელექციისა და დაკვირვებისთვის საკმარისი დრო გვქონდა, მათ შორის ‘შავი ლომის’ ბოლო აქტივობაზე. გვყავს რეზერვის მოთამაშეები და თუ ძირითადი ჯგუფიდან რომელიმე მოთამაშეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება, მათი ჩანაცვლება მოხდება. რეზერვის მოთამაშეები სპეციალური პროგრამით, ინდივიდუალურად ივარჯიშებენ. ისინი პროფესიონალები არიან და თავად არიან პასუხისმგებელი ფიზიკურ კონდიციაზე. სარეზერვო ჯგუფში არიან 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები. ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები იდენტური სისტემით ემზადებიან და მარტივად ხდება მათი ინტეგრირება კაცთა ნაკრებში. სარეზერვო მოთამაშეები არიან ‘შავ ლომშიც’, რომელიც მოგვიანებით იწყებს ახალი სეზონისთვის მზადებას“.

მოთამაშეთა ნაწილი გუნდთან ერთად შეკრებაზე პირველივე დღიდან იქნება, მაგრამ საწვრთნელ პროცესში აქტიურად ჯერ ვერ ჩერთვება.

„ტოპ 14-ის რამდენიმე მოთამაშეს დასვენება ჭირდება. ბექა საღინაძეს და გურამ გოგიჩაშვილს სეზონის განმავლობაში ბევრი თამაში მოუწიათ. მცირე ტრავმა აქვს ბექა გიგაშვილს. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიან დავით ნინიაშვილი და გიორგი კვესელაძე, ასევე ლუკა ჯაფარიძე, რომელიც ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია. ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან და მათზე ფიზ.მომზადებისა და სამედიცინო ჯგუფის წევრები იზრუნებენ“ – აღნიშნავს მაისაშვილი.

ინტეგრირებული ვარჯიშები

39 მორაგბიდან, რომლებიც მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან 22 მორკინალი, 17  ხაზის მოთამაშეა. გუნდში 18 მორაგბე ‘შავი ლომიდანაა’, 21 კი ლეგიონერია. 19 წლის ლუკა ხორბალაძე ერთადერთია, რომელსაც ეროვნულის კვართით ჯერ არ უთამაშია. ის ნაკრებში თბილისის ‘ლელოდან’ მოხვდა, თუმცა ახალ სეზონს საფრანგეთში, ‘ლიონში’ დაიწყებს.

„დეტალურად გვაქვს გაწერილი თითოეული დღე. ვარჯიშები იქნება კომბინირებული და არცერთი დღე არ ჩაივლის რაგბის ელემენტების გარეშე. ნებისმიერი ფიზმომზადების ვარჯიში გაჯერებული იქნება სარაგბო ელემენტებით. პირველ ორ ეტაპს „შევარდენზე“ გავივლით, რის შემდეგაც გვექნება ორკვირიანი შეკრება უცხოეთში. ორი ვარიანტია და საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაგვიკეთებია. შინ დაბრუნებულებს ორი საკონტროლო თამაში გველის თბილისში, რის შემდეგაც ედინბურგში გავემგზავრებით, შოტლანდიასთან მატჩის მეორე დღეს კი ლა როშელში ჩავალთ“ – აღნიშნავს მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, მსოფლიო თასზე საქართველო გ ჯგუფში, ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და პორტუგალიასთან ითამაშებს. მაისაშვილის თქმით, პროგრამა მინიმუმი ორი თამაშის მოგებაა, თუმცა გუნდი ოთხივე მეტოქესთან გამარჯვებისთვის იბრძოლებს:

„ავსტრალიას და ფიჯის მსოფლიო თასამდე ტურნირების ელით და მათი თამაშის ხილვის შესაძლებლობა გვექნება. ედი ჯონსის ფილოსოფია ყველასათვის ცნობილია და სიახლე არ იქნება რასაც ყურადღებას მიაქცევს. ვიცით რა სტილის რაგბს თამაშობენ ფიჯი და უელსი, პორტუგალია კი ყველაზე კარგად ნაცნობი მეტოქეა. მათთვის ჩვენ ამ მსოფლიოზე ერთადერთი სამიზნე ვიქნებით და მარტივი თამაში არცერთი იქნება. პროგრამა მინიმუმი ორი შეხვედრის მოგებაა, თუმცა ოთხივე მეტოქესთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ამბიციური გეგმა გვაქვს და გამორიცხული არაფერი იქნება“.

rugby.ge

სხვა სტატიები