Belive

"საქართველოს ისტორიული გამარჯვება და ინგლისის ტრაგედია" - მსოფლიო პრესა უმცროს ბორჯღალოსნებზე

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

1 ივნისს “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე ქართული რაგბის ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა. ბორჯღალოსნების მიერ იტალიისა და უელსის დამარცხების შემდეგ, ჯერი უმცროს ბორჯღლოსნებზე მიდგა, რომლებმაც ინგლისელი თანატოლები დრამატულ ბრძოლაში 40:38 დაამარცხეს.

U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება (40:38) მოიპოვა და U20 მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი მატჩები ამაღლებულ განწყობაზე დაასრულა.

მსოფლიოს გავლენიანი სარაგბო ტაბლოიდები და ავტორიტეტული მედია საშუალებები U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ტრიუმფს ეხმაურებიან. RUGBYPASS, The Telegraph და The Daily Mail ერთხმად აღნიშნავენ საქართველოს წარმატებას და ქართული რაგბის პროგრესს უსვამენ ხაზს.



"ინგლისის უბედურებას დასასრული არ უჩანს. 20-წლამდელებმა საქართველოსთან პირველი მარცხი განიცადეს. U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისი პირველად დაამარცხა. მათი ქვეყნის მორიგი ეპოქარული გამარჯვებით აღტაცებული ფანები მოედანზე შეიჭრნენ", - The Telegraph.

"ლადო კილასონიას გაწვრთნილმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, ინგლისთან გამართულ მეორე დაპირისპირებაში მტკიცე ნებისყოფა გამოავლინა - აღმოფხვრა დანაკლისი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შედეგმა თბილისში ემოციური სცენები გამოიწვია. ინგლისის წინააღმდეგ მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას, ახალგაზრდა მორაგბეებთან ერთად, სტადიონზე საგულშემატკივროდ მისული 2000 ფანი ზეიმობდა", - The Daily Mail.

"20-წლამდელთა დონეზე ინგლისის წარუმატებლობა ხუთშაბათს გაგრძელდა, როდესაც ახალგაზრდა ინგლისელებმა თბილისში გამართული ორმატჩიანი დაპირისპირება შოკისმომგვრელი მარცხით დაასრულეს", - RUGBYPASS.

შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ინგლისის პირველი დაპირისპირება 27 მაისს გაიმართა. სანახაობრივ შეხვედრაში უმცროსი ბორჯღალოსნები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა, უკანასკნელ 10 წუთში 2 ლელო გაუშვეს და საბოლოოდ 36:41 დამარცხდნენ.

სხვა სტატიები