Belive

საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს

10 თვის წინ რაგბი
3 წთ

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "მონპელიეს" ბურჯი - მოჰამედ აუასი, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს. 29 წლის აუასი, რომელსაც "ლე ბლეს" კვართი 16 შეხვედრაში აქვს მორგებული, ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო დააკავეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა შოკისმომგვრელი კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ აუასი ახალგაზრდა ქალს სიგარეტის მოწევის გამო, ფიზიკურად უსწორდება.

მომხდართან დაკავშირებით, აუასმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მას აქვს უფლება, რომ სიგარეტი მოწიოს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მომატყუა. ჩემს თავს ვუთხარი: თუ მატყუებს სიგარეტის გამო, შესაძლოა სხვა რამის გამოც მომატყუოს".

მოჰამედ აუასს 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და იგი უკვე გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აპელაციის შემდეგ, მას გაათავისუფლებენ და ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ, რითიც მისი გადაადგილების გაკონტროლება გახდება შესაძლებელი.

შესაძლოა მოჰამედ აუასმა სასჯელაღსრულების დაწესებულებას თავი აარიდოს, თუმცა, მომხდარმა ფაქტმა მის პროფესიონალურ კარიერას მძიმე დარტყმა მიაყენა. საფრანგეთის რაგბის კავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარი დაგმო, რაც იმას ნიშნავს, რომ აუასს 2023 წლის მსოფლიო თასზე თამაშის შესაძლებლობა არ მიეცემა და მას ნაკრებიდან მოკვეთენ. "მონპელიეში" გატარებული წარმატებული კარიერის შემდეგ, აუასმა "კლერმონთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა, ფრანგულმა სარაგბო კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აუასი კლუბის კვართს ვერ მოირგებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი კრიმინალური შემთხვევა, რომელშიც მოჰამედ აუასი არის გარეული. 2022 წელს, ფრანგი მორაგბე 2014 წელს მომხდარ ქურდობების სერიაში თანამონაწილედ სცნეს და 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

მოჰამედ აუასი მოედანზეც აგრესიულობით გამოირჩეოდა, რის გამოც რამდენჯერმე დისკვალიფიკაცია მიიღო. უკანასკნელი შემთხვევაში 2022 წლის მარტში მოხდა, როდესაც 6 ერის ეგიდით, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ჯეიმი რიჩის წინააღმდეგ გამოვლენილი უხეშობისთვის მოედნიდან წითელი ბარათით გააძევეს. აღნიშნული მატჩის მთავარი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი გახლდათ. სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარი განიხილა და აუასს 4-კვირიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

სხვა სტატიები