Belive

ლევან მაისაშვილი: ,,ჩვენდა სამწუხაროდ, ფორმატი შეიცვალა და რანგით დაბალი გუნდები დაემატნენ''

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

გერმანიასთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებული შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა შეაფასა:

,,ჩვენდა სამწუხაროდ, ფორმატი შეიცვალა და რანგით დაბალი გუნდები დაემატნენ. ბუნებრივია, სხვაობა იქნებოდა. ჩვენთვის ასეთ თამაშებში რთულია მოტივაციის შექმნა.

კვირის დასაწყისში გუნდთან საუბარი მქონდა და ზუსტად ესაა პროფესიონალიზმი რომ ნებისიერ მეტოქესთან ვითამაშოთ. იყო შეცდომებიც, რაზეც ვიმუშავებთ, რათა შემდეგ კვირაში გამოსწორდეს. ეს 12 ქულა პატარ-პატარა ამოვარდნები იყო დისციპლინიდან. მობილიზაცია იყო დაბალი, შესაბამისად, 2 ლელოც მივიღეთ.

ბიჭებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს. ვიხილეთ ბევრი ძალიან ლამაზი ლელო, ფანტასტიკური შესრულება. ჩვენი მთავარი მოცემულობა იყო, რომ დებიუტანტებისთვის მეტი დრო მიგვეცა. მიმაჩნია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დებიუტანტებმა საკმაოდ კარგად ითამაშეს და ბრწყინვალე დებიუტი შედგა. მინდა, მივულოცო მათ! ასევე, მინდა, ლაშა მალაღურაძეს მეასე თამაში მივულოცო!

ვერ დავგეგმავთ, რომ ყოველთვის 1-2 დებიუტანტი გვყავდეს. გარდა ამისა, იცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წელია და, შესაბამისად, ექსპერიმენტებიც ნაკლებად იქნება.'' - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

რაგვი ევროპის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა და 75:12 დაამარცხა.

,,ბორჯღალოსნები'' მომავალ მატჩს შაბათს, 11 თებერვალს, ნიდერლანდებთან სტუმრად გამართავენ.

სხვა სტატიები