Belive

პრინციპული მატჩი - ბორჯღალოსნებმა რუსეთთან გამარჯვების ტრადიცია უნდა გააგრძელონ (პრევიუ)

3 წლის წინ რაგბი
4 წთ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, 2020 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეხუთე ტურის გადადებული შეხვედრისთვის ემზადება. „ბორჯღალოსნები“ რუსებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა, ჯერ კიდევ, 2020 წლის მარტში უნდა გამართულიყო და რუსეთის ნაკრები თბილისშიც კი იმყოფებოდა, თუმცა Covid 19-ის გავრცელების პრევენციის გამო, შეხვედრა გადაიდო. მატჩი 7 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი მაყურებლის გარეშე, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდება. საქართველოს ნაკრებისთვის რუსეთთან თამაში ყოველთვის უფრო დიდი მოტივაცაა, ამას მატჩისწინა ვარჯიშზე ქართველი მორაგბეებიც აღნიშნავენ.

სიახლეები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში შემადგენლობის მხრივ სიახლეა. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 10 უკეპო (არცერთი მატჩი ეროვნულ ნაკრებში) მოთამაშე არის გამოძახებული. ასევე ეროვნულ ნაკრებს, 2 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა "უოსპსის" მარცხენა ბურჯი - ზურაბ ჟვანია. სიახლე გვაქვს ასევე სამწვრთნელო შტაბში, სადაც "ბორჯღალოსნების" შერკინებას ილია მაისურაძე დაემატა. ილია მაისურაძე საქართველოს U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ილია მაისურაძე და გიორგი ჩხაიძე ფუნქციებს გაინაწილებენ და შერკინებასთან ერთობლივად იმუშავებენ.
დებიუტანტი და უკეპო მორაგბეები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ განაცხადში მოხვდნენ - უშანგი ჭეიშვილი, გიორგი ნუცუბიძე, იოსებ გუშარაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ირაკლი ცხადაძე, ნიკა სუხაშვილი, ლუკა მატკავა, გიორგი ბაბუნაშვილი, ოთარ ლაშხი, თემურ კოხოძე.

ძირითადი შემადგენლობა


ურთიერთშეხვედრები


საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, ერთმანეთის წინააღმდეგ 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც ოცდაერთხელ გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩათ, ერთხელ რუსებს, ხოლო ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. 2009-2010 წლებში, ომისა და დაძაბულობის გამო, შეხვედრები ნეიტრალურ ადგილას ჩატარდა. 2009 წელს მატჩი უკრაინაში, კერძოდ კი მარიუპოლში გაიმართა, სადაც მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 29:21 დასრულდა. 2010 წელს კი თურქეთში, კერძოდ კი ტრაბზონში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 36:8 დაამარცხა.
მხოლოდ ერთი მარცხი - ბორჯღალოსნები რუსეთის წინააღმდეგ ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. ეს ფაქტი 1993 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, პოლონეთის ქალაქ სოპოტში მოხდა, როდესაც ქართველებმა მატჩი 15:9 დათმეს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ურთიერთშეხვედრა ქართველი და რუსი მორაგბეების. მას შემდეგ რუსები საქართველოს ნაკრებთან უშანსოდ მარცხდებიან. ყველაზე დიდი გამარჯვება - ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წლის 17 მარტს, "ლოკომოტივის" სტადიონზე გაიმარჯვეს. მატჩი 46:0 დასრულდა. გატანილი და მიღებული ქულები - "ბორჯღალოსნებს" რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჯამში 579 ქულა აქვთ მოპოვებული, ხოლო მიღებული კი მხოლოდ 260.
unnamed

ისტორიული გამარჯვება და გასვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე


2002 წლის 13 ოქტომბერს ქართველი მორაგბეები ისტორიულ მატჩს, პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ ატარებდნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ინაღდებდა. საბოლოოდ ეს მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 17:13 დასრულდა და ისტორიაში პირველად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა (2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიაში გაიმართა).

ბოლო ურთიერთშეხვედრა


ბოლო ურთიერთშეხვედრა ქართველ და რუს მორაგბეებს შორის 2019 წლის 17 მარტს, რუსეთში, კერძოდ კი კრასნოდარში შედგა, რომელიც "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 6-22 დასრულდა. სწორედ ამ თამაშის შემდეგ ქართველი ბორჯღალოსნები ოფიციალურად გახდნენ 2019 წლის "რაგბი ევროპის" გამარჯვებულები და გამარჯვება სწორედ რუსეთში აღნიშნეს.
 

სხვა სტატიები