Belive

RugbyInsideLine | საქართველოს მოგებათა შთამბეჭდავი სერია

3 წლის წინ რაგბი
6 წთ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთმა საქართველოს უმასპინძლა. მადრიდში გამართული მატჩი, მოლოდინისამებრ დრამატული გამოდგა. ესპანელების სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ "ლომებმა" "ბორჯღალოსნებს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რიგ ეპიზოდებში გვარიანადაც ანერვიულეს - ესპანეთის მედგარი ბრძოლის მიუხედავად, დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 19:25 დასრულდა. ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. "ლომებს" უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ და განვითარების გზას ადგანან - ესპანეთის სიძლიერეს, თუნდაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ უკანასკნელი 5 გასვლითი მატჩიდან, საქართველომ მართალია ხუთივე შეხვედრაში გაიმარჯვა, მაგრამ "ბორჯღლოსნებმა" მედგარ ბრძოლაში და მინიმალური სხვაობით შეძლეს მეტოქის დამარცხება.   08.03.2014 - ესპანეთი 17:24 საქართველო 28.02.2015 - ესპანეთი 13:26 საქართველო 04.03.2017 - ესპანეთი 10:20 საქართველო 09.02.2020 - ესპანეთი 10:23 საქართველო 14.03.2021 - ესპანეთი 19:25 საქართველო

ესპანური რაგბის პროგრესის მიუხედავად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე არ იმყოფებოდა - ერთ ერთ ძირითად პრობლემად კვლავ აუტები რჩება! რამდენიმე შემთხვევაში, ესპანელმა მორაგბეებმა საკმაოდ მარტივად მოიგეს ჩვენი დერეფანი. მეტოქის 5-მეტრიანიდან ორჯერ უქულოდ გამოვედით და მეორე ტაიმში რამდენიმე შეცდომაც დავუშვით, რომელსაც შესაძლოა მატჩის შედეგზე გავლენა მოეხდინა - განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მოლები, რომლებშიც ესპანელები ასევე საკმაოდ კარგად დაგვიდგნენ. ძირითადი ასპექტები, რომელშიც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გვიჭირს კვლავ თვალშისაცემია! 2020 წლის ნოემბერში, "შემოდგომის ერთა თასზე" ასპარეზობა და ტიერ 1-ის ერებთან პაექრობა უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. "შემოდგომის ერთა თასმა" საქართველოს განვითარებისთვის ბრწყინვალე შანსი მისცა. "შემოდგომის ერთა თასზე" ინგლისთან (40:0) და უელსთან (18:0) უქულოდ დავმარცხდით. ირლანდიას ბრძოლა გავუმართეთ (23:10) თუმცა მაინც დავმარცხდით. ტურნირზე უთამაშებელ ფიჯისთან ნანატრი რევანში ვერ შედგა (24:38). აღსანიშნავია, რომ "მფრინავმა ფიჯელებმა" პირველი ტაიმის საწყის 17-წუთში 3 ლელო დაგვიდეს და მეორე ტაიმის საწყის 22-წუთში ასევე სამჯერ დაგვალელოვეს. "შემოდგომის ერთა თასზე" განცდილი მარცხების პარალელურად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ლევან მაისაშვილი, მუდმივად აღნიშნავდა: "გუნდი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება, თუმცა არის პრობლემებიც." "გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება. ახლა ჩვენ თვისობრივად სხვა გუნდი ვართ და ეს სამომავლოდ დიდ იმედებს მაძლევს." "მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა დავთმეთ, თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ახლა სულ სხვა გუნდი ვართ, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით." "შემოდგომის ერთა თასზე" ასპარეზობა, საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა - გიორგი ნიჟარაძემ დადებითად შეაფასა და შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ეჭვს არ იწვევს, რომ ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ და ირლანდიასთან უკვე ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიყავით." გამოცდილებას, რომელიც "შემოდგომის" ერთა თასზე" მივიღეთ და რომელზეც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესვეურები საუბრობდნენ, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უფრო დომინანტ ძალად უნდა ვექციეთ, თუმცა... საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს შემართებას არ ვუკარგავთ და არაერთ შეხვედრაში გამოჩენილი თავგანწირვისა და შეუპოვარი ბრძოლისთვის მადლობას ვუხდით. "ბორჯღალოსნებმა" არაერთ მწვავე დაპირისპირებაში შეძლეს გულშემატკივრის აღფრთოვანება და სრულიად ერს სიამაყის განცდა აუმაღლეს, თუმცა უკანასკნელი მატჩების ხარისხი არც ისე სახარბიელოა და გამოსწორებას საჭიროებს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების უკანასკნელ ტურში, თბილისში, რუსეთს ვუმასპინძლეთ და პრინციპული მეტოქის დამარცხება მინიმალური სხვაობით (16:7) შევძელით. რუსეთთან მატჩში შეცდომები ასევე მრავლად იყო დაშვებული. პირველი ტაიმის ფრედ (0:0) დასრულების შემდეგ, "დათვების" გატეხვა მეორე ტაიმში შევძელით. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების 1 ტურში პორტუგალიას ვესტუმრეთ და კვლავ ნაცნობი პრობლემების წინაშე დავდექით. მასპინძლებმა პირველ ტაიმში იდეალურად იასპარეზეს და ტაიმში დამსახურებული გამარჯვება (13:10) მოიპოვეს. საბოლოოდ კლასისა და გამოცდილების ხარჯზე, მეორე ტაიმში პორტუგალიაც გავტეხეთ და მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით (16:29) დასრულდა. მეორე ტურში კიდევ უფრო ძლიერი მეტოქე - ესპანეთი დაგვიხვდა. "ბორჯღალოსნები" მე-4 წუთზე ჯალაღონიას ლელოთი დაწინაურდნენ და გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ სწრაფი ლელოს დადების შემდეგ, ძლიერ მეტოქეს მარტივად დავამარცხებდით. ზუსტად ოთხ წუთში, ესპანეთმა ლელო დაგვიდო. მასპინძლებმა ლელოს გარდასახვაც მიაყოლეს და ტაბლოზე 7:7 დააფიქსირეს. პირველ ტაიმში ესპანეთმა და საქართველომ თითო-თითო ჯარიმაც გაიტანეს და შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით 10:10 დაზავდნენ. მეორე ტაიმში ესპანელები კიდევ უფრო მობილიზებულები გამოვიდნენ და რიგ შემთხვევებში გვარიანად გვანერვიულეს. შეცდომების მიუხედავად, ტაბუცაძისა და ბრეგვაძის ლელოები და აბჟანდაძის გატანილი ჯარიმა, მეტოქის დასამარცხებლად გადამწყვეტი აღმოჩნდა (19:25).

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების საწყის 2 ტურში მძიმე გამარჯვებები მოვიპოვეთ, მაგრამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შთამბეჭდავი სვლა გაგრძელდა. "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კვლავ დაუმარცხებლად ასპარეზობენ და 2018 წლის შემდეგ, ზედიზედ 17 გამარჯვება მოიპოვეს.
888888888

"ბორჯღალოსანთა" ტრიუმფალური სვლა RugbyInsideLine-ს უყურადღებოდ არ დარჩენია. სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის პარალელურად, გამოცემა 6-ერის ფორმატის შესაძლო ცვლილების შესახებ საუბრობს და პლეი-ოფის სისტემის შემოღების აუცილებლობას ეხება, რომელიც იტალიისთვისაც სტიმულის მიმცემი იქნება და საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები