Belive

რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი არ მალავს, რომ ფორმატი საქართველოს გამო შეცვალეს

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

როგორც მოგეხსენებათ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა. მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე გაიზარდა. პირველ ეტაპზე ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდნენ.

საქართველო A ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ. B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ. ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გააგრძელებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ "ბორჯღალოსნებს" ერთხელ დაუცდებათ ფეხი, შესაძლოა ტიტული ვეღარ მოიგონ. რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორის ფლორენ მარტის თქმით, ეს შეჯიბრს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის.

"როცა ჩემპიონატს წლების განმავლობაში სულ ერთი გუნდი იგებს განვითარებისთვის ძალიან ცუდია. გულწრფელად რომ გითხრათ, შესაძლოა საქართველომ მაინც მოიგოს ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, მათ წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ, ჯერ ამისთვის ფინალში გასვლა და იქ მოგებაა საჭირო. თუ გადავხედავთ უფრო გლობალურ შეჯიბრებს, მაგალითად მსოფლიო თასს, ახალი ფორმატი მას ძალიან ჰგავს. გუნდებს ჯერ ჯგუფური, შემდეგ პლეი-ოფის გავლა უწევთ, სადაც ერთ შეცდომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ის, რაც ახალ ფორმატის მთავარ ღირსებად მიგვაჩნია. ” - განაცხადა ფლორენ მარტიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სარაგბო ნაკრებს აღნიშნული ტურნირი 12-ჯერ აქვს მოგებული და ყოველ წელს მთავარ ფავორიტად ითვლება.

სხვა სტატიები