Belive

რაგბი ევროპა | საქართველო ტიტულს ფინალში დაიცავს

1 წლის წინ რაგბი
9 წთ

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველომ რუმინეთი გართულებების გარეშე, 31:7 დაამარცხა და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის, 19 მარტს ესპანეთში, ბადახოსში პორტუგალიას ერკინება.

გუნდების რაოდენობის ზრდისა და ფორმატის ცვლილების მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რაგბი ევროპაზე ბადალი არ ყავთ ეს ფაქტი ბადახოსში ძახილის ნიშნით უნდა დაასრულონ.

ჩემპიონატზე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ რუმინეთთან, საქართველომ წელს საუკეთესო თამაშის ხარისხი აჩვენა, მეტოქე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში პირწმინდად დაჯაბნა და მეოთხე ეფექტური გამარჯვება მოიპოვა. ბორჯღალოსნები დროის უმეტესი ნაწილი ბურთს აკონტროლებდნენ, ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და მაქსიმალური ყურადღებით თამაშობდნენ დაცვაში. მეტოქემ სულ ორჯერ შეძლო ჩვენს 22-ში ხიფათის შექმნა, დანარჩენი დრო კი წნეხის ქვეშ, საკუთარ ნახევარზე გაატარა.

ამ მოგებით საქართველომ წელს უკვე შემართა პირველი თასი – რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასი. გუნდებს შორის გამართული 27 შეხვედრიდან, საზიარო თასი 22-ედ გათამაშდა და საქართველო მას მე-16-ედ დაეუფლა, სულ კი „მუხებს“ მე-17-ე მარცხი აგემა.

შეხვედრა გამორჩეული იყო ორი ბორჯღალოსნისთვის. თედო აბჟანდაძეს, რომელმაც რუმინეთთან საკუთარ მონაგარს 7 ქულა შემატა, ჯამში 329 გაუხდა, მალხაზ ურჯუკაშვილს გადაასწრო და საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მექულეთა შორის მეორე ადგილზე აღზევდა. პირველ ადგილზე 833 ქულით მერაბ კვირიკაშვილია.

აკა ტაბუცაძეს, რომელმაც რუმინელებს ბოლო, მეოთხე ლელო გაუტანა, ჯამში 27 თამაშში 25 ლელო მოუგროვდა, რითაც დავით კაჭარავას გაუტოლდა და 2 ლელომდე შეამცირა მამუკა გორგოძესთან ჩამორჩენა.



80 წუთი ერთი ამოსუნთქვით

ბორჯღალოსნებმა მეტოქეს პირველივე წუთებიდან აგრესიული დაცვა და მაღალი ტემპი შესთავაზეს. სასიხარულოა, რომ მასპინძლებმა კარგ დასაწყისს ასეთივე გაგრძელება მიაყოლეს და რუმინელებს ფაქტობრივად ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. პირველსავე ბურთზე, მერაბ შარიქაძემ მეტოქე მისსავე 22-ში შებოჭა, დამხმარეებმაც არ დააგვიანეს და თედო აბჟანდაძემ გუნდს პირველსავე წუთზე 3-ქულიანი ჰანდიკაპი შეუქმნა.

ჩვენი მხრიდან ფეხით დარტყმებს, ფაქტობრივად ყველა ჯერზე თან ახლდა კარგი ახურვა, რითაც მასპინძლებმა არაერთხელ გაახერხეს თერნოვერი და შარიქაძის ფეხით თამაშის შემდეგ ლელოს გატანაც შეიძლებოდა, მაგრამ ლელოში შესულმა ბურთმა გვერდითი ხაზი დატოვა. ტრიბუნებზე შეკრებილ მაყურებლებს ამისათვის დიდხანს ლოდინი მაინც არ დაჭირდათ. მე-10 წუთზე ვასილ ლობჟანიძემ პასის იმიტირებით მცველი ცენტრალურ ხაზთან მოატყუა და წარმოქმნილ დერეფანში გაიჭრა, მას კარგად მიყვა შარიქაძე, რომელსაც ვასკამ 22-ის მისადგომებთან გადაცემა არ დაუგვიანა და კაპიტანმა პირველი ლელო ძელებსშუა გაიტანა.

ტაიმის შუაში მარცხენა ფრთაზე გაიშალა ხელდახელ შეტევა და ლელოში გიორგი კვესელაძე შევიდა, თუმცა მას მცველებმა დამიწება არ დაანებეს. 33-ე წუთზე ხელდახელ მორიგ შეტევას მეორე ლამაზი ლელო მოყვა. გიორგი ჭყოიძემ რუმინელთა 22-ში მეტოქის დერეფანში მოიპოვა ბურთი, დაახლოებით 10-12 მეტრი ირბინა და 5-მეტრიანთან შეაჩერეს, ლობჟანიძემ რაქიდან სწრაფად გაიტანა ოვალი, აბჟანდაძემ გრძელი გადაცემით სანდრო თოდუა მოძებნა და მანაც მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა. აბჟანდაძემ ორივე გარდასახა და ტაიმი – 17:0 დასრულდა.



პირველი ტაიმის მიწურულს რუმინელებმა მოლით შემოგვიტიეს, მაგრამ კარგად  დავუხვდით. შესვენების შემდეგ ჩვენი მოლი უკვე რუმინელებმა შეაჩერეს, მაგრამ ჯარიმები მოუმრავლდათ და ალექსანდრუ სავინი ყვითელი ბარათით დაისაჯა. ამასობაში პირველი ხაზის ცვლილების დროც დადგა, 55-ე წუთზე მეტოქე შერკინებაში დავჯაბნეთ და საჯარმო ლელო გამოვიმუშავეთ.

მეორე ტაიმის შუაში სტუმრები მეორედ შემოვიდნენ ჩვენს 22-ში, მათ მოლს ამჯერადაც დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ, თუმცა ეუჯენ კეპეცინამ ლელო მაინც გაიტანა და იონელ მელინტემ გარდასახა. დასკვნითი წუთები კვლავ საქართველოს იერიშებში გაილია და ხელდახელ კარგი შეტევის შემდეგ დავით ნინიაშვილს შეეძლო ლელოს გატანა, მაგრამ ფეხით შეცურებული ოვალი ვეღარ დაიმორჩილა. გაწითლებულ დროზე მეოთხე ლელო მაინც გავიდა და ეს თამაში რეგულარული გათამაშების რომ ყოფილიყო, ბონუსსაც ავიღებდით. რუმინელებს ჩვენს ნახევარზე მოლში ავართვით ბურთი, ის გელა აფრასიძემ ფეხით გადაკიდა, აკა ტაბუცაძემ ორ მცველს დაასწრო და ლელომდე ირბინა, ლუკა მატკავამ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:7.



„არ არსებობს საუკეთესო მოთამაშე, არსებობს საუკეთესო გუნდი“

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რუმინეთთან ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი დარჩა:

„შარშან მეტოქე სათანადოდ ვერ დავაფასეთ და ერთგვარი მოულოდნელობა იყო მათი მხრიდან შეჯგუფებებში: რაქში, მოლსა და შერკინებაში თამაში. რუმინეთი ძალისმიერი რაგბის მიმდევარია და ცდილობს სწორედ აქ მოიპოვოს უპირატესობა. ვფიქრობ, ამჯერად მათ სრულად გავეცით პასუხი და სხვა დანარჩენებთან ერთად, ამ კომპონენტებშიც სრულად ვდომინირებდით. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ დასახულ გეგმას მივყევით, წელს საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და დაგვიფასდა ვარჯიშებზე გაწეული შრომა“.

„გიორგი კვესელაძემ ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა. ტრავმის სიმძიმე დაახლოებით 2 დღის შემდეგ გვეცოდინება, როდესაც ზუსტი დიაგნოზი დადგინდება. ვიმედოვნებ სერიოზული არაფერი იქნება. პორტუგალიასთან მატჩის კვირაში ველოდებით ბექა გორგაძის დაბრუნებას, რომელიც რეაბილიტაციას ასრულებს და მომავალ კვირაში ვარჯიშს განაახლებს“.

„ფინალში პორტუგალიას ვეთამაშებით, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს შემდეგ უდაოდ საუკეთესო გუნდია. ის ესპანეთზეც ძლიერია და რუმინეთზეც, რაც დაამტკიცეს კიდეც. შარშან მათ ორჯერ შევხვდით და არცერთხელ დავრჩით ბოლომდე კმაყოფილი. იყო მიზეზები – კოვიდ-პანდემია თებერვალში და ენტერო-ვირუსი ზაფხულში. ამიტომ მათთვისაც პასუხი გვაქვს გასაცემი. გარდა ამისა, ეს არის ფინალი, რაც მოტივაციას ასმაგად ზრდის. იმედი მაქვს ფინალისთვის კარგად მოვემზადებით და მსოფლიო თასამდე ყველა დაინახავს, სად არის საქართველო და სად პორტუგალია“.



გამარჯვებით და გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც რუმინეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა:

„რაგბი ზედმეტად გუნდური თამაშია იმისთვის, რომ ვინმეს თავი ყველაზე მაგარი ეგონოს. თუ ზურგს 14 მოთამაშე არ გიმაგრებს, კაპიკია შენი ფასი. არ არსებობს საუკეთესო მოთამაშე, არსებობს საუკეთესო გუნდი. რაც შეეხება ნახევარფინალს და ანთიმოზ ივერიელის თასს, ძალიან მოტივირებულები ვიყავით გვსურდა ის საქართველოში დარჩენილიყო. ამავდროულად, სასწორზე იდო ფინალის საგზური. წინ საინტერესო ფინალი გველის, თუმცა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ის ესპანეთში, პორტუგალიის საზღვარზე, ფაქტობრივად პორტუგალიაში იმართება“.

„რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თქვა – ასე იქნებ საქართველოს სადმე ფეხი დაუცდესო, მაგრამ იმედი მაქვს ეს არ მოხდება. როდესაც ექვს ერში არაფერი იცვლება, მე ასეთი ცვლილება უსამართლობად მიმაჩნია, თუმცა ტიტული ასეც უნდა მოვიგოთ“.



რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023. ნახევარფინალი
5 მარტითბილისი. 3 100 მაყურებელი
საქართველო – რუმინეთი 31:7 (17:0)
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ოთარ გიორგაძე; 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დემე თაფლაძე.

4 ლელო: შარიქაძე, თოდუა, საჯარიმო, ტაბუცაძე

3 გარდასახვა: აბჟანდაძე (2), მატკავა

1 ჯარიმა: აბჟანდაძე

4 მარტი. ლისაბონი

პორტუგალია – ესპანეთი 27:10

ფინალი. 19 მარტი. ბადახოსი (ესპანეთი)

საქართველო – პორტუგალია 23:00 (საქ. დრო)

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები