Belive

რაგბი ევროპა | ყველაფერი ახალი ფორმატის შესახებ

1 წლის წინ რაგბი
5 წთ

უკანასკნელ ათწლეულში “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დომინანტ ძალად ჩამოყალიბდნენ. გამონაკლისი არც 2022 წელი გამოდგა – მართალია პირველ ტურში, თბილისში, “მიხეილ მესხზე” პორტუგალიის წინააღმდეგ გამართული მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით მოიგო. 

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 და 2022 წლების გათამაშების პირველ და მეორეადგილოსნებმა, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება ავტომატურად მოიპოვეს – საუკეთესო მესამეადგილოსანს კი მსოფლიო თასის საგზურის მოსაპოვებლად, მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის (რეპეშაჟი) გადალახვა მოუწია.

2021 წლის გათამაშების ტრიუმფით დასრულების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2022 წელსაც ფავორიტად იყო მიჩნეული. გადაწყდა, რომ “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველადგილოსნის სტატუსით იასპარეზებენ 2023 წლის მსოფლიო თასზე, რაც იმას ნიშნავს, რომ C-ჯგუფში კვლავ უელსის, ავსტრალიისა და ფიჯის წინააღმდეგ ვიასპარეზებთ. სიურპრიზია ის გარემოება, რომ ქვეჯგუფის უკანასკნელი მეტოქე ასევე კარგად ნაცნობი პორტუგალია იქნება.



2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი 4 თებერვალს აიღებს სტარტს. ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდება, რომელშიც 6-ის ნაცვლად 8 ერი მიიღებს მონაწილეობას. ბელგია და პოლონეთი ალაფიდან აღზევდნენ, ხოლო ალაფის მესამეადგილოსანმა გერმანიამ დისკვალიფიცირებული რუსეთი ჩაანაცვლა.

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გუნდები A და B ჯგუფებში გადანაწილდნენ. საქართველო A-ჯგუფში გერმანიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის წინააღმდეგ იასპარეზებს.

A-ჯგუფი: საქართველო, გერმანია, ნიდერლანდები, ესპანეთი

B-ჯგუფი: რუმინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ბელგია

ჯგუფურ ეტაპზე 3 ტური გაიმართება. პლეი-ოფში A-ჯგუფის პირველადგილოსანი B-ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება, ხოლო B-ჯგუფის გამარჯვებული A-ჯგუფის მეორეადგილოსანს შეერკინება. 1/2-ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული ორი ნაკრები ერთმანეთს დიდ ფინალში დაუპირისპირდება და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოლებს.


121212

"ბორჯღალოსნები" 5 თებერვალს გერმანიას „ავჭალაზე“ (13 საათი) მასპინძლობენ; 11 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ეწვევიან (16:15 საქ. დრო), 18-ში კი ესპანეთს ტორელავეგაში ეთამაშებიან (22:00).

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 35 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 5 კეპი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, უკეპო); ბექა გიგაშვილი (ტულონი, 30 კეპი, 10 ქულა), გურამ პაპიძე (პო, 5 კეპი, 5 ქულა), ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი, 1 კეპი);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 93 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 26 კეპი, 20 ქულა), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, უკეპო);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 77 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 42 კეპი, 5 ქულა), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 5 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 1 კეპი);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 36 კეპი, 50 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 31 კეპი, 15 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 24 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 18 კეპი, 20 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 10 ქულა), ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 60 ქულა);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 70 კეპი, 73 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 41 კეპი, 27 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 7 კეპი); ლაშა მალაღურაძე (ყოჩები, 99 კეპი, 198 ქულა), თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 38 კეპი, 307 ქულა), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 2 კეპი, 3 ქულა);

ცენტრები: გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 43 კეპი, 25 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 5 ქულა), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 1 კეპი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 70 ქულა);

ფრთები: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 103 კეპი, 80 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 95 ქულა), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო);

ფულბეკები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 93 კეპი, 53 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 45 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 17 კეპი, 33 ქულა).



სხვა სტატიები