Belive

რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის - უკეთესი გუნდი

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

ნიდერლანდებში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დასკვნითი ვარჯიში გამართეს.

გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ბექა გორგაძეს, რომელმაც ტოპ 14-ში ‘რასინგ 92’-თან მოგებული მატჩისას მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა საშიში არაფერია და ის მწყობრში მალე ჩადგება.

ინტენსიური ვარჯიში, რომელიც ორმხრივ თამაშსაც მოიცავდა საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა და ბორჯღალოსნებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი: „ნიდერლანდები გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე წინა წლებში იყო და ეს ესპანეთთან თამაშმაც დაგვანახა. ისინი სამხრეთ აფრიკელი და ახალ ზელანდიელი მორაგბეებით გაძლიერდნენ. უდაოა, რომ ნიდერლანდები გერმანიაზე უკეთესი გუნდია. მოსამზადებლად მოკლე კვირა გვქონდა და მხოლოდ ორი ვარჯიშის ჩატარება მოვასწარით. ხვალ მგზავრობა გვიწევს, რასაც ენერგია მიაქვს. პირველი თამაშის შემდეგ იქნება როტაცია შემადგენლობაში. ბევრი მოთამაშის შეცვლას ვგეგმავთ. მთლიანობაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ვიმედოვნებ კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ, ვიდრე გერმანიასთან“.

გიორგი კვესელაძე: „შარშან ნოემბერში ურუგვაისთან მუხლის ტრავმა მივიღე, რის გამოც 6 კვირა გამიცდა. რეაბილიტაციამ კარგად ჩაიარა და 100% მზად ვარ. ნიდერლანდები გერმანიაზე უკეთესი გუნდია. ვნახეთ მათი თამაში ესპანეთთან. ვცდილობთ ვარჯიშები იმაზე უფრო ინტენსიური იყოს, ვიდრე თამაში იქნება და მოუთმენლად ველით შაბათის დადგომას“.

ოთარ ლაშხი: „მოხარული ვარ რომ ჩემი დებიუტი შედგა და საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი მომეცა. ასჯერ უფრო მეტი ემოცია მაქვს, რადგან სადებიუტო შეხვედრაში ლელო გავიტანე. რაც შეეხება მომავალი თამაშისთვის მზადებას, ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს და ვეცდებით ნავარჯიშები კარგად გადავიტანოთ მოედანზე“.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები