Belive

ქართული რაგბის მემატიანე, ზაალ გიგინეიშვილი გარდაიცვალა

2 წლის წინ რაგბი
3 წთ
ქართული რაგბის მემატიანე და სარაგბო ტერმინების ქართული შესატყვისების შემქნელი, ზაალ გიგინეიშვილი, კორონავირუსით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად გარდაიცვალა. მის მიერ შექმნილ სიტყვებს რაგბის ქართველი ქომაგი ხშირად იყენებს: მღლეტელი, ბურჯი, მგეზავი, კვაჭი, აბრაგანი და სხვ. ზაალ გიგინეიშვილი 1980-იანი წლებიდან აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ და სპორტულ ცხოვრებაში. იმ დროისათვის, ქართული რაგბის ტერმინოლოგია საკმაოდ მწირი იყო და ხშირ შემთხვევაში სარაგბო სტატიები საბჭოთა კავშირის კალკებით იყო გაჯერებული. 1980-იანი წლების ბოლოს რაგბის უფლებებისათვის ბრძოლაში, ზაალ გიგინეიშვილი აქტიურად ჩაერთო. 1989 წლის ივნისში  გიგინეიშვილის საპროგრამო სტატია "რაგბი – გზა წინსვლისა" დაიბეჭდა, რომელშიც ზაალმა წარმოადგინა საბჭოური სისტემიდან ქართული რაგბის გამოყვანისა და მისი დამოუკიდებლად განვითარების გეგმა. მაშინვე გიგინეიშვილმა, ქართული რაგბის "პროფესორ" დავით კილასონიასთან ერთად, საბჭოური რეჟიმის ლახვრის ჩამცემი წერილი შექმნა – "რაგბი, მორაგბე, სარაგბო..." 1990 წლიდან მოყოლებული, დღემდე, ზაალ გიგინეიშვილმა "რაგბის წესები" 7-ჯერ გამოსცა. 2018 წელს, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ქართული ენის სიწმინდის, მისი განვითარებისა და სრულყოფის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, "დედა ენის დღის" 40 წლის იუბილეზე, ზაალ გიგინეიშვილი მედლით დააჯილდოვა. 2021 წელს, საქართველოს რაგბის კავშირი, რაგბის ჟურნალისტთა ლიგა და კომპანია “ფიუჩერ ჯორჯია” ჟურნალ Rugby World GEORGIA-ს გამოცემა დააანონსეს. ჟურნალისტთა ლიგა სპორტულმა ჟურნალისტებმა –  ზაალ გიგინეიშვილმა, თემურ ჯაფარიძემ, ბესიკ ჯანგავაძემ, ზურა ქსოვრელმა და ლუკა ჭოჭუამ დააფუძნეს. ზაალ გიგინეიშვილი არის ქართული რაგბის ისტორიულ-სტატისტიკური წიგნის – "ქართული რაგბის მატიანეს" ავტორი, რომელიც ქართული რაგბის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა და რაგბის თემატიკაზე შექმნილი არაერთი წიგნის ავტორი. ის იყო უდიდესი სტატისტიკოსი, ადამიანი, რომელიც ყველა წვრილმანს ბოლომდე ეძიებოდა, ათასჯერ ამოწმებდა, ასწორებდა და დღემდე მოგვიტანა ისეთი წვრილმანი, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალები, რომლის გარეშეც ქართული რაგბის ისტორია ასეთი მრავალფეროვანი არ იქნებოდა. რაგბის ქომაგმა კი, ზაალ გიგინეიშვილი ტელე-რეპორტაჟებიდან გაიცნო – წაყვანის მისეული მანერით და ხმით. სწორედ მისი რეპორტაჟების წყალობით ისწავლა გულშემატკივარმა რაგბის წესების საფუძვლები და დღეს რომ "რაგბი ჩვენი თამაშია", ამაში ზაალ გიგინეიშვილის წვლილი ფასდაუდებელია. ზაალ გიგინეიშვილის ღვაწლი საქართველოში რაგბის პოპულარიზაციის საქმეში შეუფასებელია. გიგინეიშვილმა ქართული რაგბის დიდი ოჯახისა და საზოგადოების სიყვარული, მხარდაჭერა და თანადგომა დიდი ხნის წინ მოიპოვა. განუზომლად დიდია მისი დამსახურება და ღვაწლი ქვეყნის წინაშე – სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ერის ისტორიას. Live.ge-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ზაალ გიგინეიშვილის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ქართული რაგბის ოჯახსა და სრულიად საქართველოს. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები