Belive

PROSPORT - ესპანეთი რაგბის მსოფლიო თასიდან მოკვეთეს?!

1 წლის წინ რაგბი
2 წთ
ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასიდან მოკვეთეს. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის ადგილს რუმინეთი დაიკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას, გავლენიანი რუმინული მედია საშუალება PROSPORT-ი ავრცელებს. PROSPORT-ის მტკიცებით, ესპანეთის დისკვალიფიკაციის შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება. რუმინული მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის დისკვალიფიკაციის მიზეზი წარმოშობით სამხრეთ აფრიკელი მორაგბე - გევინ ვან დენ ბერგი გახდა, რომელმაც ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მოქმედი წესდების თანახმად, იმისათვის, რომ გევინ ვან დენ ბერგს ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართით ასპარეზობის უფლება ჰქონოდა, უკანასკნელი 3 წლის მანძილზე, ესპანეთში უნდა ეცხოვრა. რუმინულმა მხარემ დაადგინა, რომ პირველხაზელი 2019 წელს სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა და მსოფლიო რაგბის საჩივრის წერილით მიმართა. PROSPORT-ის მტკიცებით, მატჩებში, რომლებშიც ვან დენ ბერგმა მიიღო მონაწილეობა, ესპანეთის ნაკრებს წაგება ჩაეთვლება. ესპანელები 10 ქულას დაკარგავენ და შესაბამისად მე-2 პოზიციაზე რუმინეთი გადავა, რომელიც რაგბის მსოფლიოს თასის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, მე-3 პოზიციაზე აღზევებულ პორტუგალიას კი მსოფლიოს თასის საგზურისთვის რეპეშაჟში გამარჯვება მოუწევს. შეგახსენებთ, ესპანეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ორი სეზონი, რომელიც რაგბის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი იყო მეორე ადგილზე დაასრულა და 2023 წლის რაგბის მსოფლიოს თასის საგზური გაინაღდა, თუმცა გევინ ვან დენ ბერგის თამაშის გამო დაკლებული 10 ქულის შემდეგ, ესპანელები ნანატრი მსოფლიო თასის მიღმა რჩებიან.

სხვა სტატიები