Belive

პირველი  ლიგა | ლიგის გამარჯვებულს  ‘არწივებისა’ და ‘არმიას’ შეხვედრა გაარკვევს

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

პირველი ლიგის გამარჯვებული 6 მაისს, „ავჭალა არენაზე“ გაირკვევა. დიდ ფინალში პირველობის მთავარი ფავორიტები ოზურგეთის ‘არწივები’ და ‘არმია’ დაუპირისპირდებიან. ‘არწივებმა’ ფინალამდე გამართული ყველა, 19-ივე შეხვედრა მოიგეს, მეორე ადგილზე გასულმა ‘არმიამ’ კი მარცხი 4 შეხვედრაში იწვნია. ლიგის ფინალში გამარჯვებული გუნდი მომავალ სეზონს დიდ 10-ში დაიწყებს, დამარცხებული კი ელიტაში მოხვედრას დიდი 10-ის მე-9 ადგილოსან ‘აკადემიასთან’ 2-მატჩა დაპირისპირებაში ეცდება.

გურულები და „არმიელები“ მიმდინარე სეზონში ერთმანეთს მეოთხედ შეერკინებიან. მართალია, ‘არწივებმა’ ლევან ობოლაძის ბიჭებს დღემდე გამართული სამივე შეხვედრა მოუგეს, თუმცა ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე ‘არმია’, გია ამირხანაშვილის შეგირდებს ორივე შეხვედრაში ტოლ-სწორად ეომა და მასპინძლები ჯგუფურ ეტაპზე 4-ქულიან, შესარჩევ ფინალში კი 6-ქულიან სხვაობას დააჯერა. ჯგუფური ეტაპის მეორე წრის თბილისური მატჩი მეტოქეებს აღარაფერს უწყვეტდათ და „არმიელებს“ 22-ქულიან მარცხიან შეხვედრაში თავი დიდად არ გამოუდიათ.

„ავჭალა არენაზე“ ‘არმია’-‘ტაოს’ წინასწარი ფინალი „არმიელთა“ იერიშებით დაიწყო. მატჩის ნომინალური მასპინძლის ხაზის მოთამაშეთა აქტიური და მახვილგონივრული თამაშის წყალობით პირველი ტაიმის შუაწელს ობოლაძის ბიჭების უპირატესობამ 17 ქულა შეადგინა. ‘არმიას’ მგეზავმა მერლინ პიტერსმა, შუამარბებმა: ტაი სქურიმ და გიორგი გელაშვილმა ჯერ 3 უპასუხო ლელო გაიტანეს, რასაც შესვენებამდე მასპინძელთა კვაჭ გიორგი თედორაძის დადებული ლელოც დაერთო.

„არმიელთა“ კაპიტანმა რამაზ ხარაზიშვილმა 3 გარდასახვა გამოიყენა და 1 ჯარიმაც ძელებს შუა ზუსტად გაატარა. ‘ტაო’ კი პირველ ნახევარში კვაჭ თამაზ კილაძის ეულ ლელოსა და ფულბეკ გიორგი ჯღამაიას გარდასახვა+ჯარიმას დაჯერდა. შესვენებაზე ‘არმია’ 19-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმის შუაწელისთვის ‘არმიამ’ ანგარიშში სხვაობა 30-ქულამდე გაზარდა. ხარაზიშვილის გატანილ წყვილ ჯარიმას, მარქაფადან ჩართული ბურჯის შაკო კეთილაძის დადებული ლელოც მოჰყვა. მესხები ბოლომდე იბრძოდნენ და მატჩის დასკვნით ნაწილში 2 ლელო გაიტანეს და ანგარიშში ჩამორჩენა მცირედით შეამცირეს. თავი ჯერ მარქაფადან ჩართულმა ფულბეკმა კახი მანველიშვილმა გამოიჩინა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 40 წელს მიტანებული ბორჯღალოსანის, მესხთა ფრთა გოშა შკინინის გატანილმა ლელომ დააფიქსირა – 40:22.

‘არმიამ’ გასული სეზონის ნახევარფინალში ‘ტაოსთან’ განცდილი მარცხისთვის დამაჯერებელი რევანში აიღო და თან მესხებს სეზონის სამივე შეხვედრა მოუგო.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები