Belive

პირველი ლიგა | კოლხეთში ‘იუნკერებმა’ 13 ქულით იმარჯვეს

11 თვის წინ რაგბი
3 წთ

პირველი ლიგის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს თეთრიწყაროს ‘იუნკერები’-ფოთის ‘კოლხი რაინდების’ 2-მატჩა დაპირისპირება არკვევს. მართალია, ‘იუნკერებმა’ პირველ ლიგაში სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, თუმცა გარისელებს ლიგაში პირდაპირ დასარჩენად 1 ქულა, ხოლო პლეი ოფში მოსახვედრად სულ 3 ქულა დააკლდათ. ‘კოლხი რაინდებმა’ კი რეგიონული ლიგის ფინალს უწია, სადაც ფავორიტ ‘დინოზავრთან’ ანგარიშში უპირატესობას ბოლო წუთებამდე ფლობდა, თუმცა მატჩის მოგება ვერ მოახერხა.

დებულების თანახმად, პირველი მატჩი რეგიონული ლიგის ბინადარი გუნდის, ‘კოლხი რაინდების’ სტადიონზე, „პარკი არენაზე“ გაიმართა, რომელსაც გულშემატივარის ინტერესი და დასწრებაც არ დაკლებია. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა.

მატჩის სადებიუტო მღელვარება კოლხებს მეტად ეტყობოდათ და მასპინძელთა  რამდენჯერმე დაჯარიმებით ‘იუნკერთა’ ფულბეკმა არჩილ იაშაღაშვილმა იხეირა. გარისელები შეხვედრის დასაწყისში წყვილი ჯარიმით დაწინაურდნენ.

კოლხები აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და მორკინალთა აქტიური თამაშის წყალობით ტაიმის შუაწელს ხელთ უპირატესობაც იგდეს. მასპინძელთა ფულბეკმა ლევან ბარკავამ გატანილი ჯარიმით საკუთარ გუნდს ჯერ პირველი სამატჩო ქულები მოუტანა, შემდგომ კი თანაგუნდელი ფრთის გიორგი ზუბიაშვილის ხელდახელ დადებული ლელოც გარდასახა და ‘კოლხი რაინდები’ ანგარიშში 4 ქულით დააწინაურა.

‘იუნკერებმა’ უპირატესობა ხაზის მოთამაშეთა კარგი თამაშის წყალობით დაიბრუნა. გარისელთა ბექებმა სისწრაფეს უმატეს და ტაიმის მიწურულს კარგად გათამაშებული ოვალი ლელოდ არჩილ იაშაღაშვილმა აქცია, თუმცა სტუმართა ფულბეკს გარდასახვა გაუცუდდა და შესვენებაზე გიორგი ნოზაძის შეგირდები მინიმალური უპირატესობით წავიდნენ – 11:10.

მეორე ტაიმის საწყისმა 10-მა წუთმაც თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ჯერ გატანილი არეკნით თავი ‘იუნკერთა’ კაპიტანმა და მგეზავმა ნიკოლოზ მერკვილიშვილმა გამოიჩინა. კოლხთა შუამარბმა დავით ცირამუამ ჯარიმით ანგარიშში ჩამორჩენა კვლავ მინიმუმამდე შეამცირა. დარჩენილ დროში კი ფიზიკურად უკეთ მომზადებულ გარისელთა უპირატესობა გამოიკვეთა. სტუმართა ფრთა გიორგი ვასაძემ და მარქაფადან ჩართულმა მხტომელმა ზურაბ რიჟამაძემ თანაგუნდელთა სწრაფი იერიშები გატანილი ლელოებით დააგვირგვინეს. იაშაღაშვილმა 1 გარდასახვა გამოიყენა და საპასუხო შეხვედრის წინ ‘იუნკერებს’ 13-ქულიანი ჰანდიკაპი შეუქმნა – 26:13.

განმეორებითი შეხვედრა 28 მაისს გაიმართება. მატჩის ლოკაცია და დაწყების დრო უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები