Belive

"ოცნება ასრულდა" - ნიკა ამაშუკელი

11 თვის წინ რაგბი
4 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, საუკეთესო ქართველი არბიტრი – ნიკა ამაშუკელი, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე იმსაჯებს.

მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ არბიტრების ვინაობა დასახელდა, რომლებიც მსოფლიო პირველობას გაუძღვებიან. აღსანიშნავია, რომ ამაშუკელი არის Tier 2 ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც მსოფლიო თასზე იმუშავებს. ქართველი არბიტრი უმაღლეს დონეზე სულ უფრო ცნობადი სახე ხდება და მისი მზარდი რეპუტაცია სრულიად დამსახურებულია. 

უმნიშვნელოვანესი სიახლის გავრცელების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ნიკა ამაშუკელის ინტერვიუ გამოქვეყნდა - ამაშუკელი აღნიშნავს, რომ მისი ოცნება ასრულდა.

"ოცნება ასრულდა. ვინც თვალს ადევნებს ჩემს კარიერას, იცის რა სირთულეები გამოავიარე და ადამიანურად ბედნიერი ვარ. არა მხოლოდ შრომა, ყოველწამიერი ფიქრი დამიფასდა. მოხვდე მსოფლიო თასზე ცენტრალურ მსაჯად ტიერ 2-ის ქვეყნიდან, თანაც 28 წლის ასაკში, იოლი არ არის. თითქმის ყველა ტოპ-მსაჯი, რომელსაც მსოფლიო იცნობს, თავის პირველ მსოფლიო თასზე გვერდითი მსაჯის რანგში წავიდა. მხოლოდ უეინ ბარნსი მახსენდება, რომელმაც 28 წლისამ 2007 წლის მსოფლიო თასზე ცენტრში იმსაჯა. ალბათ სიმბოლურია, რომ ეს იყო პირველი მსოფლიო თასი რომელსაც ვუყურე და რომელმაც რაგბი ასე ძლიერ შემაყვარა.

ეს არის არაერთი ადამიანის კოლოსალური შრომის შედეგი და არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის, რომელმაც მთელი ეს პერიოდი ძალიან ბევრს გაუძლო. ასევე სამსაჯო სამსახურის უფროსის დავით შუბითიძის, მენეჯერი ლუკა კილასონიასი, პირადი მასწავლებლის დევიდ მაკქიუსი, რომელიც ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრია და ბაბუასაც კი ვეძახი, და რა თქმა უნდა რაგბის კავშირის, რომელიც მუდმივად მხარში მედგა ლოჯისტიკური, ფინანსური თუ სხვა საკითხების მოგვარებაში. მოემსახურო პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, არა მხოლოდ ჩემი და ამ ადამიანებს, მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც მთელი ეს პერიოდი გვერდში მედგა. მადლობა ჩვენი ფიზ. მომზადების მწვრთნელს ოლეგ კასოევს, რომელიც ყოველ დილით გვამზადებს მძიმე ფიზიკური დატვირთვებისთვის.

მოუთმენლად ველოდები ამ საოცარი მსოფლიო თასის დაწყებას, დიდი პატივია ჩვენი ქვეყნის სახელის დაცვა ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რომელიც ეცდება კიდევ უფრო მკაფიოდ აბრახუნოს ელიტური რაგბის კარზე. ჩემის მხრივ, ვეცდები ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. მწირი ადამიანური რესურსით, ქართულმა სამსაჯო კომიტეტმა ისტორიული ფურცელი ჩაწერა. ეს არა მხოლოდ ქართული, ზოგადად ტიერ 2 სარაგბო ქვეყნების დიდი გამარჯვებაა. წლების განმავლობაში მესმოდა, რომ რადგან ვიყავი ქართველი, დიდ ტურნირებს ვერ ვიმსაჯებდი, ახლა კი ეს სტერეოტიპი დაიმსხვა, გამოჩნდა, რომ შეუძლებელი არაფერია, რაც თამაშის გლობალიზაციისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა", - ნიკა ამაშუკელი.

მსოფლიო რაგბმა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის კანდიდატების შერჩევა 3 წლით ადრე დაიწყო. გაფართოებული ჯგუფი ნელ-ნელა მცირდებოდა, საბოლოოდ კი, 24 კანდიდატიდან საფრანგეთში წამსვლელი 19 შეირჩა, საიდანაც 12 მოედნის მსაჯია, 7 კი კიდის. ამაშუკელი 12 ცენტრალურ მსაჯს შორისაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ თამაშებში კიდის მსაჯი არ იქნება, ისევე, როგორც ნებისმიერი ამ 12-იდან.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები